ჰიბრიდულმა მანქანებმა, რომლებიც ერთდროულად შიდაწვისა და ელექტრონულ ძრავაზე მუშაობენ, გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში პირველად გადაასწრო. 2021 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, 48 მანქანით მეტი ჰიბრიდი გაიყიდა.
ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გაყიდული 11 მანქანიდან ერთი ელექტრობატარეით იყო აღჭურვილი. ჯამში თითქმის 880 ათასი ავტომობილი გაიყიდა. თვითდამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები კი, რომლებიც შიდაწვის ძრავით დამუხტულ ბატარეაზე მუშაობს და მხოლოდ მცირე მანძილის დაფარვას ახერხებს ელექტროენერგიით, 2020 წლის 1,1 მილიონიდან 1,9 მილიონამდე გაიზარდა. ხოლო დიზელის მანქანების გაყიდვები, 2015 წლის ე.წ. „დიზელის სკანდალის“ შემდგომ ვარდნას განაგრძობს და გასული წლის 2,77 მილიონიდან 1,9 მილიონამდე დაეცა.
Plug-in-ჰიბრიდები, რომლებიც გარედან დამუხტული ბატარეით იკვებება და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ჩანს, ავტომწარმოებლების მხრიდან სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის ტექნოლოგიად აღიქმება. თუმცა, კვლევების თანახმად, მათი მძღოლების უმეტესობა ძირითად შემთხვევაში შიდაწვის ძრავას იყენებს, რაც გამონაბოლქვის რაოდენობას ზრდის.
2021 წელს, ელექტრობატარეაზე მომუშავე მანქანების გაყიდვები თითქმის 63%-ით გაიზარდა და 878,500 მანქანა შეადგინა. Plug-in-ჰიბრიდების გაყიდვები გაზრდილია 70%-ით (867 ათასი მანქანა). რაც შეეხება ბენზინს, მასზე მომუშავე მანქანები კვლავ ყველაზე გავრცელებულია, თუმცა მათი გაყიდვები 2020 წლის 48%-დან, გასულ წელს 40%-მდე დაეცა.