ევროპის 200-მდე აეროპორტი გაკოტრების საფრთხის წინაშეა – ACI Europe

ევროპის 200-მდე აეროპორტი გაკოტრების საფრთხის წინაშეა – ACI Europe

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI Europe) აცხადებს, რომ თუკი მგზავრების მიმოსვლა წლის ბოლოდან არ დაიწყებს გააქტიურებას, ევროპის 200-მდე აეროპორტი უახლოეს თვეებში გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა 193 აეროპორტი ევროპის მასშტაბით, რომლებიც დაახლოებით 277,000 სამუშაო ადგილს ქმნის და ევროპის მშპ-ში 12.4 მილიარდი ევროს გენერირებას ახდენს.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ძირითადად, შედარებით მცირე ზომის აეროპორტებია, რომლებსაც ყოველწლიურად 5 მილიონზე ნაკლები მგზავრი ჰყავთ.

“გაცხადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ავიასექტორში დრამატული სურათია. ავიაცია 8 თვეა კრიზისშია და საკუთარ სახსრებს იყენებს გადასარჩენად. ეს მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები ძლივს ფარავს საოპერაციო ხარჯებს“, – განაცხადა ოლივერ ჯანკოვეჩმა, ACI Europe-ის გენერალურმა დირექტორმა.

ACI Europe-ის მიხედვით, ევროპულ აეროპორტებში მგზავრების მიმოსვლა მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით არის შემცირებული რაც, დაახლოებით 172.5 მილიონი მგზავრის დაკარგვას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვრიდან დღემდე აეროპორტებმა 1.29 მილიარდი მგზავრი დაკარგეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *