მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოება InterNations-მა საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat Insider-ის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, ჯამში 174 ქვეყნის 12,500 მოქალაქე გამოიკითხა, რომელთაც სთხოვეს, შეეფასებინათ ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით – მეგობრების შეძენიდან დაწყებული, კლიმატური პირობებით დასრულებული. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად ევროპის საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
საინტერესოა, რომ გლობალური რეიტინგის ათეულში მხოლოდ ერთი ევროპული ქვეყანა მოხვდა. ესპანეთი, რომელიც სიის მეოთხე პოზიციას იკავებს, დადებითად ემიგრანტთა 84%-მა (გლობალურად 68%) შეაფასა. ქვეყანა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ყურადღებას კლიმატს, ჯანდაცვასა და ცხოვრების ღირებულებას აქცევს. ზედიზედ უკვე მესამე წელია, რაც ესპანეთი, „ცხოვრების ხარისხის ინდექსით“ პირველ ადგილს იკავებს და წამყვან პოზიციებზეა დასვენებისთვის საუკეთესო ლოკაციებს შორის. ემიგრანტების უმეტესობა დადებითად აფასებს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სერვისების ხელმისაწვდომობას, თუმცა სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნებს შორის ესპანეთი მხოლოდ 27-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 20 პოზიციით დაწინაურდა და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ბელგიამ. განსაკუთრებული პოპულარობით ემიგრანტებს შორის ქვეყანა ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსის გამო სარგებლობს. ასევე დადებითად შეფასდა ბელგიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა და სამუშაო უსაფრთხოება. „ცხოვრების ხარისხის ინდექსში“ ბელგიამ 35-დან მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლა.
საზღვარგარეთ სამუშაოდ ყველაზე ცუდი ქვეყანა კი, InterNations-ის გამოკითხვით, თურქეთი აღმოჩნდა. საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების საერთო რეიტინგში თურქეთი 52-ე პოზიციას იკავებს. საინტერესოა, რომ რესპონდენტთა თითქმის მესამედის შეფასებით, თურქეთში გადასვლა მათ კარიერულ განვითარებაზე დადებითად არ ასახულა, პირიქით, ისინი უფრო მეტად ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ. რაც შეეხება „ცხოვრების ხარისხის ინდექსს“, ამ შემთხვევაში თურქეთი 42-ე პოზიციას იკავებს. მცხოვრებლები დადებითად აფასებენ გარემოს, კლიმატსა და ჯანდაცვას.
რაც შეეხება საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების საერთო რეიტინგს, ამ შემთხვევაში პირველ ადგილს პანამა იკავებს, შემდე მოდის მექსიკა და ინდონეზია. პანამის შემთხვევაში უცხოელი მცხოვრებლები განსაკუთრებით კმაყოფილნი თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამო არიან. მექსიკაში გამოკითხულთა 89% აცხადებს, რომ ცხოვრებით ბედნიერია, ინდონეზიაში კი ეს მაჩვენებელი 84%-ია. გლობალური ათეული შემდეგნაირია: პანამა, მექსიკა, ინდონეზია, ესპანეთი, კოლუმბია, ტაილანდი, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ევროპის შემთხვევაში კი, InterNations-ის ანგარიშით, ათეული შემდეგნაირად ნაწილდება:
- ესპანეთი
- პორტუგალია
- ბელგია
- ლუქსემბურგი
- ავსტრია
- დანია
- ნიდერლანდები
- საბერძნეთი
- პოლონეთი
- შვეიცარია