ევროპულ სუპერმარკეტებში მაცივრებზე კიბერშეტევა კვლავ განხორციელდა

ევროპულ სუპერმარკეტებში მაცივრებზე კიბერშეტევა კვლავ განხორციელდა

ბელგიის, ლუქსემბურგის, შვედეთისა და ესტონეთის სუპერმარკეტების ქსელებში მაცივრებისა და საყინულეების სისტემებზე კიბერშეტევის შედეგად ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. ორშაბათს მომხდარი ინციდენტების შესახებ კომპანიებმა განაცხადეს, თუმცა ყველა შემთხვევის კიბერშეტევად ოფიციალური კვალიფიკაცია ჯერ არ მომხდარა.

ბელგიურ-ნიდერლანდურმა საცალო ვაჭრობის ჯგუფმა Ahold Delhaize-მა და ბელგიურმა Colruyt Group-მა დაადასტურეს, რომ ღამით მომხდარმა IT-ინციდენტმა ბელგიასა და ლუქსემბურგში მათი ათეულობით მაღაზიის სამაცივრე სისტემები დააზიანა.

Delhaize-ის წარმომადგენლის განცხადებით, ორშაბათს დილით კომპანიამ სამაცივრე სისტემებში ტემპერატურის მატება შენიშნა და ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ბელგიური სამაცივრე სისტემების კომპანიის, Sabcobel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან მოელანსმა საინფორმაციო სააგენტო Belga-ს განუცხადა, რომ შემთხვევა კიბერშეტევა იყო. მისი თქმით, თავდამსხმელებმა სამაცივრე დანადგარები გალღობის რეჟიმზე გადაიყვანეს.

Colruyt Group-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შედეგად კომპანიის ხუთი მაღაზიის სამაცივრე სისტემები დაზიანდა. ჯგუფი ბელგიაში ფრენჩაიზის სისტემით Spar-ის მაღაზიებსაც მართავს.

ინციდენტები საფრანგეთში გასულ თვეში მომხდარ კიბერთავდასხმას მოჰყვა. მაშინ პოლიციის ინფორმაციით, ჰაკერებმა ასობით სუპერმარკეტის სამაცივრე დანადგარებზე კონტროლი მოიპოვეს, რის შედეგადაც ტემპერატურა ზოგიერთ შემთხვევაში 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. შემთხვევებს ხანძარი და პროდუქციის დანაკარგიც მოჰყვა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ჯგუფს არ აუღია და ხელისუფლებას სავარაუდო დამნაშავეები არ დაუსახელებია.

მსგავსი შემთხვევები შვედეთის სუპერმარკეტების ქსელებშიც გამოვლინდა. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, რომ უწყება ქვეყნის სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში სამაცივრე სისტემებთან დაკავშირებულ რამდენიმე ინციდენტს იძიებს.

შვედეთის ქსელ ICA-ს ერთ-ერთმა მაღაზიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღამით მისი მაცივრებისა და საყინულეების ტემპერატურა ჰაკერული ჩარევის შედეგად 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. მოგვიანებით მაღაზიამ მუშაობა განაახლა.

სტოკჰოლმში მდებარე ICA Baronen-ის მაღაზიაში კი მომხმარებლებს აცნობეს, რომ კიბერშეტევის გამო ყველა საყინულე მწყობრიდან იყო გამოსული. მაღაზიის გაყიდვების მენეჯერის თქმით, თავდასხმა ღამის 02:00 საათზე მოხდა, ინციდენტი კი დილის 05:30 საათზე აღმოაჩინეს.

ICA-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღამის ინციდენტმა ქსელის რამდენიმე მაღაზიის სამაცივრე და საყინულე სისტემები დააზიანა. შვედურმა საცალო ვაჭრობის ჯგუფმა Coop-მა გამოცემა Aftonbladet-ს განუცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები მის ექვს მაღაზიაში დაფიქსირდა.

კიბერშეტევამ ესტონეთის სუპერმარკეტების ქსელიც დააზარალა. ტექნოლოგიური მიმწოდებლის, Kitman Coldtech-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ქსელის მაღაზიებში სამაცივრე სისტემების ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელ ERR-ს განუცხადა, რომ ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა, თუმცა დაზარალებული ქსელის დასახელებისგან თავი შეიკავა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი