Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმსარულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა, სრული განაკვეთით დატვირთულ თანამშრომლებს აცნობა, რომ ისინი პანდემიის შემდეგაც შეძლებენ სახლიდან მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ დისტანციურად საქმიანობა მათი ფუნქცია-მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას ხელს არ შეუშლის.
ამის პარალელურად, კომპანია იმედოვნებს, რომ აშშ-ში მდებარე ოფისების უმეტესობას სექტემბრისთვის გახსნის, რის შემდეგაც თანამშრომელთა ნაწილი ვალდებული გახდება, სამუშაო დროის ნახევარი ადგილზე დაყოს.
„გასული წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ კარგად მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია. ოპტიმისტურად ვუყურებ დისტანციურად საქმიანობის მომავალს“, – ამბობს ცუკერბერგი.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2020 წელს, პანდემიის საწყის ეტაპზევე, მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, რომ Facebook-ში დასაქმებულები განუსაზღვრელი ვადით შეძლებდნენ სახლიდან მუშაობას. ამავე აზრზეა Twitter-იც, მაშინ როცა Apple-ი აპირებს, რომ თანამშრომლები მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ოფისებში დააბრუნოს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ტიმ კუკი, ამბობს, „სიმართლე ისაა, რომ წინა წელს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვაკლდა – ერთმანეთი“.