Facebook-სა და ცუკერბერგს ახალი პრობლემა აქვს - TikTok

Facebook-სა და ცუკერბერგს ახალი პრობლემა აქვს - TikTok

TikTok-ი, მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების პლატფორმა, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, Meta-სა და ცუკერბერგისთვის ახალ თავსატეხად იქცა. ყოფილი Facebook-ის დამფუძნებელმა ეს Wall Street-ის ანალიტიკოსებთან რამდენიმე შეხვედრაზეც აღიარა, სადაც ცდილობდა, Facebook-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობის ვარდნა აეხსნა, რაც პირველად მოხდა კომპანიის 18-წლიან ისტორიაში.

TikTok-ისგან თავდაცვითი სტრატეგიის უმთავრესი ნაწილი კი ცუკერბერგისთვის ამ შემთხვევაში Reels-ია, რომელიც Instagram-სა და Facebook-ზე 2020 წლის აგვისტოში დაინერგა. თუმცა, თუ ცუკერბერგს სჯერა Reels-ის გრძელვადიანი წარმატების, მაშინ რეალურად მსხვილი ინვესტირებაც მოუწევს, რათა მიუახლოვდეს YouTube-ს, პლატფორმას, რომელიც რეალურად ყველაზე მოგებიანი წყაროა სოციალურ ქსელში მოღვაწე პირებისთვის. YouTube-მა, გასულ წელს, თითქმის $16 მილიარდი გადაუხადა ე.წ. „კონტენტერებს“.

YouTube-ზე თანხის გამომუშავების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ჰენკ გრინის აქტივობაა, რომელსაც ჯამში პლატფორმაზე 9 არხი აქვს, ყველაზე პოპულარული Crash Course-ია, 13,1 მლნ გამომწერით. გრინს აქვს ანგარიშები სხვა პლატფორმებზეც, TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე, თუმცა კარგად ესმის, რომ არცერთი არ იხდის იმდენს, რამდენსაც YouTube-ი, სადაც ის ათას ნახვაზე დაახლოებით $2-ს შოულობს.

აქედან გამომდინარე, Meta უკვე დაფიქრდა Reels-ისთვის გარკვეული თანხის გადახდაზე. მაგალითად, გრინმა Reels-ით 16 მილიონი ნახვა დააგროვა და გამოიმუშავა 60 ცენტი ათას ნახვაზე, თუმცა ეს მაინც საკმაოდ ჩამორჩება YouTube-სა და TikTok-ს და არაა საკმარისი იმისთვის, რომ მისმა მსგავსმა „კრეატორებმა“ მთელი თავისი ყურადღება Facebook-ისკენ მიმართონ. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც Reels-ზე გავლენას ახდენს, Meta-ს არცთუ ისე კარგი რეპუტაციაა და გრინიც, Facebook-ს „კრეატორებითვის“ ყველაზე ცუდ პარტნიორად ასახელებს და ახსენებს ისეთი მედიასტარტაპების წარუმატებლობას, როგორიც Mic-ი და Mashable-ი იყო.

ამ შემთხვევაში ცუკერბერგს Meta-ს მსხვილი მოგების მარჟისა (36%-ით მეტი ვიდრე Alphabet-ის) და ნაღდი ფულის ($48 მილიარდი) გამოყენება შეუძლია, YouTube-ის სტილში მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადასახდელად, რაც აშკარა უპირატესობას მიანიჭებს მას TikTok-თან შედარებით. სიტუაცია შესაძლოა რადიკალურადაც შეიცვალოს, თუ Reels-ის გადახდილი თანხა ათას ნახვაზე 80 ცენტამდე ან $1-მდე გაიზრდება.

Meta-მ გამოყო კიდეც $1 მილიარდამდე „კრეატორებისთვის“, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა ჩანს, მანამ სანამ Meta-ს კაპიტალს და YouTube-ის გაცემულ ფინანსებს შევადარებთ. უფრო მეტიც, Meta-მ თანხების გაცემის ვადა დაადგინა, გასული წლის ივლისიდან 2022 წლის დეკემბრამდე, გრაფიკის დადგენა კი ეჭვს ბადებს „კრეატორებში“ ვადის ამოწურვის შემდგომ დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ცუკერბერგმა მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახა, რომ თანხების დაბანდება არ ენანება  იმ პროექტებში, რომლებისაც სჯერა. ამის ყველაზე აშკარა მაგალითი კი მეტავერსია, რომელში ჩადებულმა ინვესტიციამაც მხოლოდ გასულ წელს $10,1 მილიარდი შეადგინა, რათა შემუშავებულიყო გაფართოებული და ვირტუალური რეალობის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. ხარჯები 2022 წელს ალბათ უფრო გაიზრდება. Reels-ისგან განსხვავებით, მეტავერსს დროითი გრაფიკიც არა აქვს, სტრატეგიაც ნათელია – „ჩვენ დავხარჯავთ რაც შეიძლება მეტს, რამდენიც საჭირო იქნება – მეტავერსისთვის“.

როგორც ჩანს, იგივე არ ეხება Reels-ს. რეალობა ისაა, რომ ცუკერბერგმა უკვე აღიარა, რომ არ ხედავს Reels-ს, როგორც  TikTok-პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას,  და ასე რომ იყოს, მასში ბევრად მეტ ინვესტიციას აქამდეც ვნახავდით.

მანამ კი, სანამ მეტავერსის მატერიალიზებას შეძლებს, მნიშვნელოვანი ყურადღება Facebook-ისა და Instagram-ის გამომუშავებულ სარეკლამო შემოსავალს ეთმობა, რომლებმაც გასულ წელს Meta-ს $118 მილიარდი დოლარის შემოსავლის 98% გამოიმუშავეს. თუმცა მიუხედავად ამისა, Facebook-ის საქმე არცთუ ისე კარგად მიდის. მისი 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, Facebook-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, გახშირდა პლატფორმის დატოვების შემთხვევებიც. ბოლო დღეებში კი Meta ევროპიდან Facebook-ისა და Instagram-ის შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. მიზეზად ევროკავშირის ახალი კანონპროექტი სახელდება, რაც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, ევროპის მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად, პირადი მონაცემების მიმოცვლას გაართულებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *