FDA-მ ქრონიკული ტკივილის მკურნალობისთვის VR-ის გამოყენება დაუშვა

FDA-მ ქრონიკული ტკივილის მკურნალობისთვის VR-ის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ზურგის ქრონიკული ტკივილის მკურნალობისთვის ვირტუალური რეალობის სისტემის გამოყენება დაუშვა. ციფრული თერაპია, რომელსაც EaseVRx-ი ჰქვია, ერთ-ერთია იმ ციფრულ სამკურნალო საშუალებებს შორის, რომლებიც აშშ-ის მარეგულირებელმა ბოლო წლებში დაუშვა.

EaseVRx-ის ვირტუალური რეალობის სათვალე კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის პრინციპების მიხედვით ფუნქციონირებს, ანუ პაციენტებს ფიქრისა და ემოციების კანონზომიერებების დადგენაში ეხმარება. როგორც FDA-ის განცხადებაში ვკითხულობთ, თერაპიის მიზანია, პაციენტს ზურგის ტკივილი დაავიწყოს, რაც რელაქსაციითა და პაციენტის ყურადღების სხვა საკითხზე გადატანით არის შესაძლებელი.

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ეფუძნება კლინიკურ კვლევას, რომელშიც 179 ადამიანი, სულ მცირე, რვა კვირის განმავლობაში მონაწილეობდა: პაციენტების ერთი ნახევარი EaseVRx-ის სისტემას იყენებდა, ხოლო მეორე ნახევარი ვირტუალური რეალობის ორგანზომილებიან პროგრამას, რომელიც კოგნიტიურ-ქცევითი  თერაპიის მეთოდებს არ ეფუძნებოდა. EaseVRx-ის პაციენტთა ორმა მესამედმა ტკივილის 30%-იანი შემცირება იგრძნო, როცა მეორე კატეგორიის პაციენტების ანალოგიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 41%-ში შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის დანადგარის გამოყენების შემთხვევაში, პაციენტებში ტკივილის შეგრძნების შემცირება კვლევიდან სამი თვის განმავლობაში გაგრძელდა – მეორე კატეგორიაში მსგავსი შედეგი არ დამდგარა.

„აშშ-ში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს ქრონიკული ზურგის ტკივილი აწუხებს, რომელიც მათი ყოველდღიური ცხოვრების არაერთ ასპექტზე ახდენს გავლენას“, – აღნიშნა FDA-ის წარმომადგენელმა, კრისტოფერ ლოფტუსმა. „ტკივილის შეგრძნების შემცირება ქრონიკულ ტკივილთან თანაცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. დღევანდელი ავტორიზაცია ზურგის ტკივილთან ბრძოლის ახალ მეთოდს უხსნის გზას, რომელიც არც ოპიოიდურ მედიკამენტებს ეფუძნება და – არც სხვა ტიპის მკურნალობას“.

სამკურნალო საშუალება EaseVRx-ი კომპანია AppliedVR-ის მიერ არის შექმნილი, რომელიც ამ პლატფორმის გამოყენებას ფიბრომიალგიური, მწვავე და მშობიარობის დროს განცდილი ტკივილის წინააღმდეგ აპირებს.