Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალს 5.1 მილიარდი აშშ დოლარით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, რომელმაც 2021-22 წლების სეზონში ესპანეთის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის რეკორდული, 35-ე ტიტულის მოპოვებით, ლა ლიგაში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კლუბი UEFA-ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, რისთვისაც 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გარანტირებულად მიიღებს. შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ბოლოს Forbes-ის რეიტინგში პირველ პოზიციას 2019 წელს იკავებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გამოცემას 2020 წელს სია არ შეუდგენია.
ჩამონათვალში მეორე ადგილს „რეალის“ მთავარი მეტოქე, „ბარსელონა“ იკავებს. აღსანიშნავია, რომ Forbes-ი მის ღირებულებასაც 5.1 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, თუმცა მადრიდული კლუბისგან განსხვავებით, რომლის საოპერაციო მოგება $90 მილიონია, „ბარსელონის“ საოპერაციო მოგება მხოლოდ $17 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი Camp Nou-ს სტადიონს რესტავრაციას უტარებს, რისთვისაც $1.6 მილიარდია გათვალისწინებული. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „ბარსელონამ“ აუდიო-სტრიმინგის გიგანტ Spotify-სთან $458-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, შვედური კომპანია ივლისის თვიდან ესპანური გრანდის მთავარი სპონსორი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ასევე ახლოს არის $960-მილიონიან გარიგებასთან Goldman Sachs-თან და All Sport Finance-თან.
რეიტინგში $4.6 მილიარდით მესამე პოზიციაზე ინგლისური კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია“. „წითელ ეშმაკებს“ ინგლისურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედმა“ 2020-21 წლების სეზონში $128-მილიონიანი საოპერაციო მოგება მიიღო და ამ კუთხით Forbes-ის სიაში შემავალ კლუბებს შორის მე-2 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ წელს „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა. უკვე დასრულებულ სეზონში პრემიერ-ლიგაში მეექვსე ადგილის დაკავება კი ნიშნავს, რომ კლუბი 2022-23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგას გამოტოვებს და შესაბამისად, ვერც საპრიზო თანხას მიიღებს.
წარმოგიდგენთ Forbes-ის 2022 წლის რეიტინგის 10 ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბს:
- REAL MADRID
ღირებულება : $5.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 7%
მფლობელი: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $90 მილიონი
- BARCELONA
ღირებულება: $5.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 5%
მფლობელი: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $17 მილიონი
- MANCHESTER UNITED
ღირებულება: $4.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 10%
მფლობელი: Glazer Family
საოპერაციო მოგება: $128 მილიონი
- LIVERPOOL
ღირებულება: $4.45 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 9%
მფლობელი: ჯონ ჰენრი, ტომ ვერნერი
საოპერაციო მოგება: $104 მილიონი
- BAYERN MUNICH
ღირებულება: $4.275 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 1%
მფლობელი: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $102 მილიონი
- MANCHESTER CITY
ღირებულება: $4.25 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 6%
მფლობელი: შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი
საოპერაციო მოგება: $156 მილიონი
- PARIS SAINT-GERMAIN
ღირებულება: $3.2 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 28%
მფლობელი: Qatar Sports Investments
საოპერაციო ზარალი: $102 მილიონი
- CHELSEA
ღირებულება: $3.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: -3%
მფლობელი: ტოდ ბოლი, Clearlake Capital
საოპერაციო მოგება: $45 მილიონი
- JUVENTUS
ღირებულება: $2.45 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 26%
მფლობელი: Agnelli Family
საოპერაციო მოგება: $26 მილიონი
- TOTTENHAM HOTSPUR
ღირებულება: $2.35 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელი: ჯო ლუისი, დენიელ ლევი
საოპერაციო მოგება: $127 მილიონი