Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კერძო კომპანიების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ უკვე მესამე წელია, სიაში ლიდერობას აგრობიზნესის ამერიკული გიგანტი – Cargill-ი ინარჩუნებს. კომპანიის შემოსავლები 2023 ფისკალური წლის დასასრულისთვის (მაისი) რეკორდულ $177 მილიარდამდე გაიზარდა, რაც, გარკვეულწილად, მის მიერ განხორციელებული შესყიდვების დამსახურებაა. მიმდინარე წელს Cargill-მა სოიას გადამმუშავებელი ქარხანა Owensboro Grain Company და ქიმიკატების ბრიტანული მწარმოებელი Croda შეიძინა.
2023 წლის რეიტინგში მთავარი დებიუტანტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებული სარაკეტო კომპანია SpaceX-ია. ნაწილობრივ ბოლო პერიოდში გაფორმებული მილიარდობით დოლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტების წყალობით, მასკის კომპანიის გეგმური შემოსავალი წელს სავარაუდოდ $4.6 მილიარდამდე გაორმაგდება. შემოსავლების ზრდის შედეგად, SpaceX-ი ამერიკის უმსხვილესი კერძო კომპანიების 2023 წლის რეიტინგის 11 ახალწვეულიდან ერთ-ერთია და სიაში 145-ე პოზიციას იკავებს.
რეიტინგის კიდევ ერთი დებიუტანტი კი უილიამ გოლდრინგის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Sazerac-ია – 207-ე პოზიციით და $3 მილიარდის გეგმური შემოსავლით.
Cargill-ის შემდგომ, აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგში მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებს, გასული წლის მსგავსად, Koch Industries-ი, Publix Supermarket-ი და Mars-ი ინაწილებენ. 2022 წელს მეექვსე ადგილზე გადანაცვლების შემდეგ კი წელს კუთვნილი მეხუთე პოზიცია კვლავ ტეხასის სუპერმარკეტების ქსელმა H-E-B-მა დაიბრუნა. Koch Industries-ი მეორე პოზიციას $125-მილიარდიანი შემოსავლით იკავებს. სასურსათო მაღაზიების გიგანტი Publix-ის შემოსავალი მიმდინარე წელს უმეტესწილად 40 ახალი მაღაზიის გახსნის გავლენით, 13.6%-ით, $54.5 მილიარდამდეა გაზრდილი.
SpaceX-ს, Sazerac-სა და მიმდინარე წლის რეიტინგის ტოპ-ხუთეულს ერთი რამ აქვთ საერთო: მილიარდერი მფლობელები. საერთო ჯამში, რეიტინგში წარმოდგენილი კერძო კომპანიებიდან 59 მათგანი მილიარდერთა საკუთრებაა. მათ შორისაა დევიდ გრინის მიერ დაფუძნებული ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების ქსელი Hobby Lobby (No. 75), ენდრიუ და პეგი ჩერნგების Panda Restaurant Group-ი (No. 112) და რეინოლდ შმიდინგის საკუთრებაში არსებული სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Arthrex-ი (No. 184).
ცნობისთვის, ამერიკულმა Forbes-მა კერძო კომპანიების შეფასება 1985 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლის სიაში ჯამში 258 კერძო კომპანია მოხვდა, 12-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს. Forbes-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი აშშ-ში დაფუძნებულ ფირმებს აერთიანებს, რომელთა შემოსავალმაც, ბოლო ფისკალურ წელს, $2 მილიარდს გადააჭარბა. სიის წევრების 85%-ისთვის ეს პერიოდი გულისხმობს შემოსავალს 2022 წლის კალენდრისთვის, დანარჩენმა კომპანიებმა კი ფისკალური წლის აღრიცხვა 2023 წლის ოქტომბერში დაასრულეს.
რეიტინგში არ შედის კომპანიები, რომლებიც აშშ-ის გარეთ არიან დაფუძნებულნი და, შესაბამისად, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადებს, ურთიერთსაკუთრებაში არსებული კომპანიები, კოოპერაციული საზოგადოებები, კომპანიები ასზე ნაკლები დასაქმებულით და კომპანიები, რომელთა 50%-ზე მეტს საჯარო ან არაამერიკული კომპანიები ფლობენ.
აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების ტოპ-ათეული:
კომპანია | ინდუსტრია | შემოსავალი | დასაქმებულები |
Cargill | სურსათი, სასმელები, თამბაქო | $177 მილიარდი | 160,000 |
Koch Industries | მსხვილი კორპორაცია | $125 მილიარდი | 120,000 |
Publix Super Markets | სასურსათო მაღაზიები | $54.5 მილიარდი | 250,000 |
Mars | სურსათი და სასმელები | $47 მილიარდი | 140,000 |
H-E-B Grocery | სასურსათო მაღაზიები | $43.6 მილიარდი | 145,000 |
Reyes Holdings | სურსათი, სასმელები, თამბაქო | $40 მილიარდი | 36,000 |
Enterprise Mobility | სერვისები | $35 მილიარდი | 90,000 |
C&S Wholesale Grocers | სურსათი, სასმელები, თამბაქო | $34.65 მილიარდი | 15,000 |
Love’s Travel Stops & Country Stores | მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები | $26.5 მილიარდი | 40,000 |
Southern Glazer’s Wine & Spirits | სურსათი, სასმელები, თამბაქო | $26 მილიარდი | 24,000 |