გასული კვირა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: Microsoft-მა, Apple-მა და Intel-მა რეკორდულად მაღალი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნეს, Meta-მ კი ისტორიაში ყველაზე სწრაფი AI სუპერკომპიუტერი შექმნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
2021 წლის მეორე კვარტალში Microsoft-მა $51.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო
გასულ კვირას Microsoft-მა 2021 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, კომპანიის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და $51.7 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგებამ, რომელიც 21%-ით გაიზარდა – $18.8 მილიარდი.
პანდემიის დამსახურებით, 2021 წელი დიდებული გამოდგა პერსონალური კომპიუტერების ბაზრისთვის – გასულ წელს Microsoft-მა 340 მილიონი PC-ი გაყიდა. ამასთანავე, 25%-ით იმატა Microsoft-ის უახლესი ოპერაციული სისტემის, Windows 11-ის გაყიდვებმა, ხოლო Windows-ის კომერციულმა პროდუქტებმა და ქლაუდ-სერვისებმა 13%-იანი ნამატი დააფიქსირეს.
ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე, Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ განაცხადა, რომ კომპანია პერსონალურ კომპიუტერებზე არსებული მოთხოვნის სტრუქტურული გარდაქმნის მომსწრეა – მეტიც, პერსონალურ კომპიუტერებთან გატარებული დროის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი რენესანსიც კი არის. საერთო ჯამში, Windows 10-სა და Windows 11-ს მსოფლიოში 1.4 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ პერსონალური კომპიუტერების გარდა, 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა Microsoft-ის სათამაშო კონსოლებისთვის: Xbox Series X-ისა და Xbob Series S-ის გაყიდვებმა 4%-ით იმატა, ხოლო გეიმინგიდან მიღებულმა შემოსავალმა 8%-იანი ზრდა აჩვენა და კვარტალისთვის შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელს – $3.6 მილიარდს მიაღწია. ამასთანავე, Xbox Game Pass-ს 25 მილიონი გამომწერი დაუგროვდა – თუმცა მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის შემდეგ, ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
გეიმინგის სექტორის გარდა, ზრდა აჩვენა Microsoft-ის საოფისე უზრუნველყოფის სექტორმაც – Office-ის კომერციული პროდუქტებისა და ქლაუდ-სერვისებისგან მიღებული შემოსავალი 14%-ით გაიზარდა, ხოლო Office-ს, ზოგადად, წლიდან წლამდე, 15%-ით მეტი მომხმარებელი შეემატა. გაიზარდა Microsoft 365-ის გამომწერთა რიცხვიც, რომელმაც 56.4 მილიონი შეადგინა, რაც, თავისთავად, 20%-იანი ზრდაა.
Microsoft-ის სასერვერო და ქლაუდ-პროდუქტებისგან მიღებული შემოსავალი 29%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად Azure-ის შემოსავლის 46%-მა ზრდამ განაპირობა. Microsoft-ის თქმით, ამგვარი ზრდა კომპანიის მიერ წარმოებული სამომხმარებლო სერვისების მიმართ მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
სოციალურ ქსელ LinkedIn-ისაგან მიღებული შემოსავალი 37%-ით გაიზარდა, რაცმზარდმა სარეკლამო მოთხოვნამ განაპირობა. ამასთანავე, რეკორდულად გაიზარდა LinkedIn-ის პლატფორმაზე ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა, რომელმაც 20 ათასზე მეტი შეადგინა. „LinkedIn-ი პროფესიული ღონისძიებების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ.
სხვა სექტორებში დაფიქსირებული ზრდის პარალელურად, Microsoft-ის საძიებო სისტემაში განთავსებული რეკლამებისაგან მიღებული შემოსავლები 32%-ით გაიზარდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე, სატია ნადელამ მეტავერსზეც ისაუბრა: „ვგონებ, რომ ძალიან კარგად ვართ მომზადებულნი, რათა დავიჭიროთ ის, რაც ინტერნეტის განვითარების შემდეგი ნაბიჯისთვის იქნება საჭირო, – განაცხადა სატია ნადელამ. – ინტერნეტის განვითარების შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო ღია სამყაროს შექმნა იქნება, რომელშიც ადამიანები, ორგანიზაციები, დეველოპერები ან სხვები საკუთარი მეტავერსული სამყაროების შექმნას შეძლებენ“.
iOS-ის შემდეგ განახლებასთან ერთად, iPhone-ი ნიღბით დაფარული სახის ამოცნობასაც შეძლებს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-ი FaceID-ის ფუნქციას კიდევ ავითარებს – ამიერიდან ტელეფონი ადამიანის სახის ამოცნობას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ მას ნიღაბი უკეთია. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ Apple-მა მისი გამოცდა უკვე დაიწყო: როგორც Twitter-ზე გავრცელებულ სურათებში ჩანს, ნიღბით დაფარული სახის ამოცნობის ფუნქცია არჩევითია და მისი არჩევის შემთხვევაში, ადამიანს საკუთარი უსაფრთხოების ნაწილობრივ დათმობა მოუწევს.
Here’s the new toggle in iOS 15.4 (settings > Face ID > Use Face ID with a Mask) pic.twitter.com/nL8PPxrrZe
— Brandon Butch (@BrandonButch) January 27, 2022
როგორც iPhone-ებში გავრცელებული შეტყობინებიდან ირკვევა, ნიღბით დაფარული სახის ამოცნობის დროს, FaceID-სისტემა ადამიანის თვალის გარშემო არსებულ უნიკალურ ნაკვთებს აკვირდება. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ეს სისტემა გაცილებით უფრო ეფექტიანია, როცა ადამიანს ნიღაბი არ უკეთია.
აღსანიშნავია, რომ ამ განახლებით მხოლოდ უახლესი iPhone-ების, iPhone 12-ისა და iPhone 13-ის მფლობელები ისარგებლებენ. თუმცა შედარებით ძველი მოდელების მქონე ადამიანებს მსგავსი ფუნქციონალის გამოყენება მაინც შეუძლიათ: iOS 13.5 განახლების მქონე სმარტფონებს ნიღბის ამოცნობა შეუძლიათ, რაზედაც ადამიანს პინკოდის შეყვანის საშუალებას აძლევენ, ხოლო iOS 14.5 განახლების მქონე სმარტფონებს, მისი გახსნა Apple Watch-ის საშუალებითაც შეუძლიათ.
General Motors-ი ამერიკაში ელექტრობატარეების მესამე ქარხანას ააშენებს
გასულ კვირას ამერიკულმა ავტოგიგანტმა, General Motors-მა კომპანიის ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ განაცხადა: კომპანია მიჩიგანში ელექტრობატარეების ქარხანას ააშენებს, რაშიც $7 მილიარდს დახარჯავს. ოთხნაწილიანი ქარხანა საკმაოდ მასშტაბური იქნება – კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 4000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნიან და თან, 1000 ადგილობრივს სამუშაო ადგილების შეუნარჩუნებენ.
ინვესტიციის შედეგად შტატ მიჩიგანის ქალაქ ლანსინგში ელექტრობატარეების ახალი ქარხანა აშენდება, ხოლო ქალაქ ორიონში მდებარე საწარმოო ქარხანა Cheby Silverado EV-ისა და GMC Sierra-ს ასაწყობ ქარხანად გადაკეთდება. ცნობისთვის, ორიონში მდებარე ეს ქარხანა სიდიდით მეორე ამერიკული ქარხანა იქნება, რომელშიც GM-ი ელექტროპიკაპებს ააწყობს – პირველ ადგილს დეტროიტში მდებარე Factory Zero იკავებს.
აღსანიშნავია, რომ GM-ის ეს ინვესტიცია სრულად თანხვდენილია კომპანიის მიერ გაცხადებულ გეგმასთან, რომლის თანახმად, 2025 წლისთვის ამერიკული გიგანტი ავტონომიური და ელექტრომანქანების შექმნაზე $35 მილიარდს დახარჯავს. ამასთანავე, ეს ინვესტიცია მიუთითებს იმაზე, რომ General Motors-ს კვლავაც სწამს ელექტრომანქანების ინდუსტრიისა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ასეთი ტიპის მანქანებმა GM-ის გაყიდვების მხოლოდ 3% შეადგინეს.
ამასთანავე, General Motors-ს მეორე, კიდევ უფრო ამბიციური გეგმა აქვს: კომპანია აპირებს, რომ 2040 წლისთვის სრულად კარბონნეიტრალური გახდეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ 2035 წლისთვის კომპანია შიდაწვის ძრავების მქონე მანქანების გამოშვებას შეწყვეტს.
დღეს General Motors-ი სამ ელექტრომოდელს აწარმოებს: Chevy Bolt-ს, Chevy Bolt EUV-ს და Hummer EV-ს, თუმცა კომპანიას გაცხადებული აქვს, რომ მოდელების ჩამონათვალს Hummer-ის, Chevrolet-ის, Cadillac-ისა და Cruise-ის ბრენდის ელექტროავტომობილები შეემატება.
ამდენი ელექტრომანქანისათვის საჭირო ელექტრობატარეების წარმოებისთვის General Motors-ს ერთი ქარხანა არ ეყოფა, რის გამოც, ამერიკულმა გიგანტმა და მისმა კორეულმა პარტნიორმა, LG Chem-მა ამერიკაში კიდევ ორი ქარხნის აშენების შესახებ განაცხადეს – ერთი შტატ ოჰაიოში გაიხსნება, მეორე კი – ტენესიში.
ცნობისთვის, ელექტრობატარეების წარმოება ერთადერთი მიმართულება არ გახლავთ, რომელშიც General Motors-ი ინვესტიციის დაბანდებას აპირებს: იანვრის შუა რიცხვებში კომპანიამ მეორეული მანქანების ონლაინმაღაზიის, CarBravo-ს გახსნის შესახებ განაცხადა, რომელშიც, GM-ის საკუთრებაში არსებული ბრენდების გარდა, სხვა მანქანებიც გაიყიდება.
გასულ კვარტალში Apple-მა რეკორდულად მაღალი შემოსავალი დააფიქსირა
მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, Apple-მა, აწ უკვე ტრადიციულად, კიდევ ერთი ფისკალური კვარტალი რეკორდულად მაღალი ფინანსური შედეგებით დაასრულა: 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-მა $123.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო და $34.6 მილიარდის მოგება დაწერა.
ტექნოლოგიური გიგანტის ამგვარი შედეგები, უმეტესწილად, iPhone 13-ის საუცხოო გაყიდვებმა და სერვისების სექტორში Apple-ის მზარდმა როლმა განაპირობა. iPhone-ების გაყიდვების მაჩვენებელმა წლიდან წლამდე 9%-ით იმატა და $71.63 მილიარდი შეადგინა. რეალურად, Apple-მა მზარდი შემოსავალი ყველა სექტორში დაწერა, გარდა ერთისა: Mac-ების გაყიდვებმა 25%-ით იმატა, სერვისების მიწოდებამ – 24%-ით, საათებისა და სხვა აქსესუარების გაყიდვებმა – 13%-ით, ხოლო iPad-ის გაყიდვებმა 14%-ით იკლო, რაც, უმეტესწილად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებით აიხსნება.
ახალი მოდელების გამოჩენის პარალელურად მოსალოდნელია, რომ 2022 წელი Apple-ისთვის უაღრესად საინტერესო და კიდევ უფრო სარფიანი აღმოჩნდება. მედიას თუ დავუჯერებთ, 5G-ის მხარდაჭერის მქონე განახლებული iPhone SE თებერვალში გამოჩნდება. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ Apple-ი განახლებული iPad Air-სა და M1 პროცესორის მქონე Mac mini-ს ან iMac-ს გამოუშვებს. ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ი Square-ის მსგავსი ონლაინგადახდების სერვისის დანერგვას გეგმავს, რომელიც iPhone-ის მფლობელებს ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე, უკონტაქტო გადახდების მიღების ფუნქციას მისცემს.
Intel-მა კომპანიის ისტორიაში საუკეთესო კვარტალური და წლიური შედეგი დააფიქსირა
გლობალურ ბაზარზე არსებული სირთულეების მიუხედავად, Intel-მა კომპანიის ისტორიაში საუკეთესო კვარტალური და წლიური საშემოსავლო შედეგი დააფიქსირა: 2021 წლის ბოლო სამ თვეში კომპანიამ $19.5 მილიარდი მიიღო, ხოლო მთელი წლის განმავლობაში – $74.7 მილიარდს დასჯერდა. მიუხედავად შემოსავლის რეკორდული ზრდისა, კომპანიის მოგების მაჩვენებელი წლიდან წლამდე 5%-ით შემცირდა და $19.9 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა Intel-მა ლეპტოპების სექტორისგან მიიღო, რადგან ჩიპების არარსებობის გამო, კომპანია ვერ ყიდის იმდენ კომპიუტერს, რამდენიც სურს, რომ გაყიდოს – შემოსავლის კლება 16%-ს უტოლდება. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაიზარდა ამ პროდუქტების მოგების მარჟა, რადგან ლეპტოპების შემადგენელი კომპონენტების საშუალო გასაყიდმა ფასმა წლის განმავლობაში 14%-ით იმატა.
ლეპტოპების წარუმატებლობის პარალელურად, გასული კვარტალი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა Intel-ის დატა-ცენტრების ბიზნესისთვის, რომლის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და $7.3 მილიარდი შეადგინა. ასევე იმატა Intel-ის შედარებით მცირე ზომის ბიზნესების შემოსავალმა: Intel-ის ნივთების ინტერნეტის ბიზნესის გაყიდვებმა, წლიდან წლამდე, 36%-ით იმატა, ხოლო თვითმართვად საავტომობილო ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიის, Mobileye-ის შემოსავალი 7%-ით გაიზარდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ს სხვაგვარადაც საინტერესო წელი აქვს: კომპანია წარმოებას აფართოებს და შტატ ოჰაიოს ქალაქ ნიუ-ალბანიში, ოთხასზე მეტი ჰექტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე, $20-მილიარდიანი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელშიც 3000 ადამიანი დასაქმდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქარხნის აშენება წელს დაიწყება, ხოლო პირველ მიკროჩიპებს ის 2025 წელს გამოუშვებს.
IMF: ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად არ უნდა გამოიყენოს
გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად აღარ უნდა გამოიყენოს, რადგან ამგვარი მიდგომა ქვეყნის ფინანსურ და საბაზრო მდგრადობას, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ ელ-სალვადორი ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს, IMF-ისაგან სესხის მიღება ქვეყნისთვის საკმაოდ რთული გახდება.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ელ-სალვადორს IMF-ისაგან სესხის მიღების პრობლემა უჩნდება: გასულ წელს ქვეყანამ $1.3 მილიარდის მოცულობის სასესხო განაცხადი შეავსო, მაგრამ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად მიღების გამო ეს საკითხი დღესაც გადაუწყვეტელი რჩება.
ბიტკოინის სამართლებრივი სტატუსის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს რამდენიმე წევრმა ბიტკოინით უზრუნველყოფილ სახელმწიფო ბონდებთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას კაპიტალთან წვდომა კიდევ უფრო შეუზღუდოს.
მიუხედავად კრიტიკისა, ელ-სალვადორის მიდგომის ერთი ნაწილი IMF-შიც მოსწონთ: აღმასრულებელი საბჭოს თქმით, ციფრული გადახდების დანერგვას, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კრიპტოსაფულე Chivo-ა, მოსახლეობაში ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდა შეუძლია. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, IMF-ში Chivo-ს და ბიტკოინის მკაცრ რეგულირებას ითხოვენ.
ელ-სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გამოაცხადა. მას მერე, ქვეყანამ ბიტკოინი არაერთგზის იყიდა – ძირითადად მაშინ, როცა კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად იყო დაცემული. ნაიბ ბუკელეს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, ელ-სალვადორი სულ მცირე 1801 ბიტკოინს ფლობს და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს რიცხვი მომავალში კლებას დაიწყებს.
ცუკერბერგი: Meta-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი AI სუპერკომპიუტერი შექმნა
Meta-მ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი შექმნა, რომელიც მეტავერსს რეალობად აქცევს, – ამის შესახებ კომპანიის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა გასულ კვირას Facebook-ზე დაწერა.
“Meta-მ შექმნა ის, რაც, ჩვენი აზრით, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერია. მას AI Research SuperCluster-ს ვუწოდებთ, შემოკლებით კი RSC-ს. ის გამოცდილებები, რომლებსაც მეტავერსისთვის ვქმნით, წარმოუდგენელ კომპიუტერულ სიმძლავრეს მოითხოვენ (კვინტილიონი ოპერაციები / წამში!) და RSC-ი ხელოვნური ინტელექტის ისეთ მოდელებს შექმნის, რომლებსაც ტრილიონობით მაგალითის დასწავლა, ასობით ენის გაგება და უამრავი სხვა რამ შეეძლება“, – ვკითხულობთ ცუკერბერგის განცხადებაში.
Meta-ს მიერ ამგვარი განცხადება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სუპერკომპიუტერის შექმნა ასეთი მასშტაბის კომპანიებისთვის აუცილებლობა უფროა, ვიდრე გამონაკლისი – ცნობისთვის, საკუთარი სუპერკომპიუტერები Microsoft-სა და Nvidia-საც აქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, Meta-ს RSC-ი კონკურენტებისგან განსხვავებული იქნება – ალგორითმების დასწავლისთვის Meta მას საკუთარ მრავალპროფილურ ბიზნესებში გამოიყენებს, მათ შორის Facebook-ზე სიძულვილის ენის აღმოსაჩენად და Instagram-ზე გაფართოებული რეალობის კიდევ უფრო ჩასაშენებლად. ამასთანავე, RSC-ი მეტავერსის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენიც იქნება.
„იმედს ვიტოვებთ, რომ RSC-ი ხელოვნური ინტელექტის სრულიად ახალი სისტემების შექმნაში დაგვეხმარება, რომლებიც, მაგალითად, დიდი აუდიტორიისთვის ხმოვანი საუბრის გადათარგმნას რეალურ დროში შეძლებენ, რათა ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, უპრობლემოდ იმუშაონ ან AR-თამაშებით გაერთონ“, – აღნიშნულია Meta-ს ინჟინრების, კევინ ლისა და შაბჰო სენგუპტას ბლოგში.
სუპერკომპიუტერზე მუშაობა Meta-მ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო – იმ დროს Meta-ს (მაშინ კი Facebook-ის) ინჟინრებმა კომპიუტერის შექმნა ნულიდან დაიწყეს და დღეს პირველი ფაზა დაასრულეს. Meta-ს სუპერკომპიუტერი Nvidia GGX A100-ის 760 სისტემისგან შედგება, რომლებშიც, ჯამურად, 6080 ურთიერთდაკავშირებული GPU გვხვდება. მოსალოდნელია, რომ სუპერკომპიუტერის შექმნის მეორე ეტაპი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება – იმ დროისთვის კომპიუტერს 16 ათასი GPU ექნება. შედარებისთვის გეტყვით, რომ Microsoft-ის AI სუპერკომპიუტერი 10 ათასი GPU-სგან შედგება.