Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

ისეთი დროა, კვირა არ გავა, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა საინტერესო სიახლეებით რომ არ გაგვახარონ. გამონაკლისი არც გასული კვირა აღმოჩნდა: Rolls-Royce-ის ელექტროთვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ნიუ-იორკის მერმა ხელფასი კრიპტოვალუტაში გადაცვალა, Microsoft-მა Activision Blizzard-ი შეიძინა, ხოლო Intel-მა „სილიკონის ველის“ მასშტაბის სილიკონის მსოფლიო ცენტრის შექმნა დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Intel-ი სილიკონის მიკროჩიპების მსოფლიოში უდიდეს ცენტრს ააშენებს

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის ფონზე, მიკროჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, Intel-ი წარმოებას აფართოებს – შტატ ოჰაიოს ქალაქ ნიუ-ალბანიში, ოთხასზე მეტი ჰექტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე, კომპანია $20-მილიარდიან ქარხანას ააშენებს, რომელშიც 3000 ადამიანი დასაქმდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქარხნის აშენება წელს დაიწყება, ხოლო პირველ მიკროჩიპებს ის 2025 წელს გამოუშვებს.

ფოტო: Intel

Intel-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის თქმით, ოჰაიოში მდებარე ეს ადგილი სილიკონის მიკროჩიპების წარმოების უდიდეს ცენტრად იქცევა, რადგან საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას საკუთარი ქარხნის გაფართოება და გარშემო არსებული დამატებითი 800 ჰექტრის ფართობის მიწის ნაკვეთების ათვისება შეუძლია.

ცნობისთვის, ტექნოლოგიურ კომუნაში პეტ გელსინგერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც „სილიკონის ველის“ შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა – ახლა კი მას „სილიკონის ცენტრის“ შექმნა სურს. აღსანიშნავია, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში Intel-ი ამ ადგილში $100 მილიარდის დაბანდებას აპირებს, ხოლო $100 მილიონს ადგილობრივ უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და ფონდებთან თანამშრომლობისთვის გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ ოჰაიოს გარდა, Intel-ს საკუთარი ქარხნები ორეგონში, ნიუ-მექსიკოსა და არიზონაში აქვს – ისე კი, ოჰაიოში ქარხნის აშენება სრულიად პეტ გელსინგერის დამსახურებაა, რადგან მანამ, სანამ ის კომპანიაში გამოჩნდებოდა, Intel-ს ზემოთ ხსენებული შტატების გარდა სხვა შტატებში ქარხანა ორმოცი წლის განმავლობაში არ აუშენებია.

ისე კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Intel-ი Forbes Georgia-ს ტექნოლოგიური რუბრიკის ხშირი სტუმარია: გასული წლის დეკემბერში დავწერეთ, რომ Intel-ი მალაიზიაში მიკროჩიპების $7-მილიარდიან ქარხანას ააშენებს, რითაც აღმოსავლეთ აზიის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს წარმოების ერთ-ერთ გლობალურ ჰაბად აქცევს. ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღმოსავლეთ აზიის ჰაბის საპირწონედ, კომპანია დასავლურ ჰაბსაც შექმნის, ამერიკის შტატ ოჰაიოში და ვინ იცის, იქნებ ამ წამოწყებიდან მეორე „სილიკონის ველი“ ამოიზარდოს.

Rolls-Royce-ის ელექტროთვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ფოტო: Rolls-Royce

როგორც გასულ კვირას გაირკვა, 2021 წლის ნოემბერში, Rolls-Royce-ის მიერ შექმნილმა ელექტროთვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: თვითმფრინავმა დააფიქსირა მაქსიმალური საშუალო სიჩქარე, როგორც სამი კილომეტრის მანძილზე – 555.9 კმ/სთ, ასევე თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე – 532.1 კმ/სთ.

ისე კი, უშუალოდ რეკორდის დაფიქსირების ფაქტზე უფრო გასაოცარი გახლავთ ის, თუ რამხელა სხვაობა აჩვენა Rolls-Royce-ის ამ თვითმფრინავმა მის წინამორბედებთან შედარებით – სამკილომეტრიან მანძილზე თვითმფრინავმა წინა რეკორდი 213.04 კმ/სთ-ით გააუმჯობესა, ხოლო თხუთმეტკილომეტრიან მანძილზე – 292.8 კმ-სთ-ით.

აღსანიშნავია, რომ Rolls-Royce-ის თვითმფრინავმა მესამე რეკორდიც დაამყარა, რომელიც ამჟამად ვერიფიკაციის პროცესს გადის – თუ დადასტურდა, ეს თვითმფრინავი იქნება პირველი, რომელიც სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე 202 წამში მოხვდა, რაც თავისთავად, წინა რეკორდთან შედარებით 60 წამით ნაკლებია.

ფოტო: Rolls-Royce

Rolls-Royce-ის ამ თვითმფრინავს 400 კვ/სთ-ის სიმძლავრე აქვს, რაც 585 ცხენის ძალის სიმძლავრეს უტოლდება. ამასთანავე, თვითმფრინავს ყველაზე კონცენტრირებული ბატარეების ნაკრები აქვს, რომლითაც 7500 სმარტფონის დამუხტვაა შესაძლებელი.

„ეს [რეკორდი] კიდევ ერთი ნიშანსვეტია, რომელიც ჯეტ-თვითმფრინავების ნახშირბადნეიტრალურობას რეალობად აქცევს და შესაძლებლობას მოგვცემს, ისეთი ტექნოლოგიური სიახლეები შემოვიტანოთ, რომლებიც საზოგადოებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის დეკარბონიზაციაში დაეხმარება“, – განაცხადა Rolls-Royce-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, უორენ ისტმა.

Midia-მ მუსიკის სტრიმინგის პლატფორმების ბაზრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა

მედიისა და გართობის ინდუსტრიის კვლევაზე ორიენტირებულმა ავტორიტეტულმა კომპანიამ, Midia-მ მუსიკის სტრიმინგ-პლატფორმების ბაზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა: გლობალურად, 2021 წლის მეორე კვარტალის შედეგებით, Spotify უდიდესი სტრიმინგ-პლატფორმაა, რომელსაც ბაზრის 31%-იანი წილი აქვს; მეორე ადგილს 15%-იანი წილის მქონე Apple Music-ი იკავებს; ხოლო მესამე ადგილი 13%-იანი წილის მქონე Amazon Music-მა და Tencent Music-მა გაიყვეს.

ფოტო: Midia

Midia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში, მუსიკალურ სტრიმინგ-პლატფორმებს, გლობალურად, 523.9 მილიონი გამომწერი ჰყავდათ. ამგვარად გამოდის, რომ Spotify-ის 162.4 გამომწერი ჰყავს, რაც ასე თუ ისე უდრის კომპანიის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მონაცემს – 165 მილიონ გამომწერს. ბაზრის წილის გადანაწილების მიხედვით გამოდის, რომ Apple Music-ს თითქმის 78.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო Amazon Music-სა და Tencent Music-ს, რომელიც ექსკლუზიურად ჩინეთშია ხელმისაწვდომი, 68.1 მილიონი გამომწერი ჰყავთ. მეხუთე ადგილს, 8%-იანი ბაზრის წილით და 41.9 მილიონი გამომწერით YouTube Music-ი იკავებს.

Midia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მუსიკის სტრიმინგის ბაზრის ზრდაზეც მიუთითებს – წლიდან წლამდე, ბაზარი 26.4%-ით გაიზარდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წელიწადში Spotify-ის ბაზრის წილი 2%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად, Amazon Music-ისა და YouTube Music-ის სწრაფ ზრდას უკავშირდება – უკანასკნელი, მაგალითად, 2020-2021 წელს 50%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთანავე, მუსიკის სტრიმინგ-პლატფორმების გამოყენების მაჩვენებელი იმატებს განვითარებად ბაზრებზეც, სადაც Yandex-ი, Tencent-ი და NetEast-ი დომინირებენ – ამ კომპანიების ერთობლივი ზრდის მაჩვენებელი 37%-ს უტოლდება.

Neuralink-ი ადამიანებზე კლინიკურ ცდებს იწყებს

როგორც ჩანს, ილონ მასკის Neuralink-ი ადამიანებზე კლინიკური კვლევების დასაწყებად ემზადება – ამაზე კომპანიის მიერ კლინიკური კვლევების ხელმძღვანელის გამოცხადებული ვაკანსია მიანიშნებს, რომელიც პირველად Bloomberg-მა გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია, ჯერჯერობით უცნობია, აიყვანა თუ არა Neuralink-მა ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარება ილონ მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცდების ჩატარებას მასკი 2020 წელსაც გეგმავდა.

2017 წლიდან დღემდე, Neuralink-ი საკმაოდ განვითარდა – კომპანიის მიერ წარმოებული იმპლანტი ღორებსა და მაიმუნებზე უკვე გამოსცადეს, მაგრამ FDA-ის მიერ სამედიცინო გამოყენების უფლების მისაღებად, პროდუქტმა კლინიკული კვლევების ეტაპი წარმატებულად უნდა გადალახოს.

მაიმუნებზე ჩატარებული კვლევების შედეგები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა: მეცნიერებმა მაკაკას ჯიშის ცხრა წლის პეიჯერს ვიდეოთამაშების ჯოისტიკის გამოყენება ასწავლეს და მას თამაშის დროს აკვირდებოდნენ. შეისწავლეს რა მეცნიერებმა პეიჯერის თავის ტვინის აქტივობა, მისი ქმედებების პროგნოზირება შეძლეს და ჯოისტიკი გამორთეს – მას მერე, პეიჯერი მხოლოდ საკუთარი თავის ტვინის გამოყენებით თამაშობდა.

ილონ მასკის ეს წამოწყება ადამიანებში ერთგვარ შიშს იწვევს, რაც, თავისთავად, სრულად ლეგიტიმურია, რადგან ამგვარი ტექნოლოგიის არამიზნობრივად გამოყენება სწორედ ის იდეაა, რომელიც ფაბულად ჰოლივუდის არაერთ ფილმს უდევს. თუმცა, Neuralink-ის პირველადი მიზანი ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების განკურნებაა – მასკის თქმით, მიკროჩიპის გამოყენებით ადამიანს მეხსიერების აღდგენა, კიდურებისა და სხვა მგრძნობელობადაკარგული ნაწილების აღდგენა, ინსულტის თავიდან არიდება, ნარკოლოგიური და სხვა ტიპის დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლება და სასიცოცხლო პარამეტრების ზოგადი კონტროლი იქნება შესაძლებელი.

თუმცა, როგორც ჩანს, მასკისთვის ეს არაფერია იმ დიად მიზანთან შედარებით, რომელსაც ის ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზს უწოდებს, რომლის შედეგად, ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს შეერწყმება. „ისეთი მომავალი, რომელსაც დედამიწის ადამიანების ერთობლივი ძალისხმევა განაპირობებს, ალბათ ყველას გვინდა“, – განაცხადა მასკმა 2020 წელს.

Mercedes-Benz-მა ლიდარების მწარმოებლის, Luminar-ის წილი იყიდა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა ამერიკული Luminar-ის მცირე წილი შეიძინა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ საკუთარი თვითმართვადი მანქანების წარმოებაში ამერიკულ ლიდარებს გამოიყენებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიდარი თვითმართვადი ტექნოლოგიის ქვაკუთხედია – ის ლაზერული სენსორია, რომელიც ობიექტების ფორმების აღმოსაჩენად ინფრაწითელ სხივებს იყენებს. გამოდის, რომ ლიდარი ის თვალია, რომლითაც ავტონომიური მანქანა მის გარშემო არსებულ სამყაროს, მათ შორის გზას, მანქანებს, ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებსა და მოტოციკლეტისტებს GPS-ისა და ინტერნეტის გარეშე აღიქვამს.

ფოტო: Andrew J. Hawkins / The Verge

აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-ის თვითმართვადი ტექნოლოგია პირველად 2023 წლის S-Class-ისა და EQS-ის მოდელის სედანებში გამოჩნდება – კომპანიის თქმით, ამ მანქანებს მესამე თაობის (Level 3) ავტომატიზაცია ექნებათ. ამასთანავე, Mercedes-Benz-ი ირწმუნება, რომ ის პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი SAE Level 3 მოიპოვა.

ისე კი, მესამე დონის თვითმართვადი ტექნოლოგია ერთგვარი ხიდია სრულად თვითმართვად ტექნოლოგიამდე – საქმე ისაა, რომ ის მანქანები,  რომლებშიც  მესამე თაობის ტექნოლოგიას იყენებენ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანი მძღოლის დახმარებას საჭიროებენ. მეოთხე თაობის თვითმართვადი ავტომობილები, როგორიცაა შტატ არიზონის ქალაქ ფინიქსში Waymo-ს (Alphabet-ის შვილობილი კომპანია) მიერ გაშვებული ტაქსის სერვისი – სრულად თვითმართვადია. აღსანიშნავია, რომ თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებმა Waymo-მ, Argo-მ და Cruise-მა მესამე თაობის ტექნოლოგიაზე უარი თქვეს და პირდაპირ მეოთხე თაობის ტექნოლოგიის განვითარებას შეუდგნენ, რადგან ის გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტექნოლოგიისა და ადამიანის ერთგვარი ჰიბრიდი, რომელსაც მესამე თაობის ტექნოლოგია გვთავაზობს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა Daimler-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ Luminar-ის აქციები შეიძინა – ჯერ კიდევ 2020 წელს Daimler-ის შვილობილმა კომპანიამ, Daimler Trucks-მა Luminar-ის მცირე წილი შეიძინა. საინტერესოა ისიც, რომ Luminar-ი არ არის და სავარაუდოდ არასდროს იქნება კომპანია, რომელიც მხოლოდ Daimler-ის ჯგუფში შემავალ კომპანიებთან ითანამშრომლებს, რადგან ამგვარად, ინფორმაცია-ინტენსიური თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარება უბრალოდ შეუძლებელია. Mercedes-ის გარდა, Luminar-ი Volvo-სთან, Audi-სთან, Toyota-სთან, Intel-ის Mobileye-სთან, Airbus-თან და ორ ჩინურ კომპანიასთან, SAIC-თან და Pony.ai-სთან თანამშრომლობს.

ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი საკუთარ ხელფასს კრიპტოვალუტებში გადაცვლის

ნიუ-იორკის ახლად არჩეული მერი ერიკ ადამსი დოლარში მიღებულ საკუთარ ხელფასს ეთერსა და ბიტკოინში გადაცვლის – ამ ტრანზაქციისთვის, პოლიტიკოსი უდიდეს ამერიკულ კრიპტობირჟას, Coinbase-ს გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ერიკ ადამსმა გასული წლის 4 ნოემბერს განაცხადა, როცა მერობის არჩევნებში გაიმარჯვა: „ნიუ-იორკში ყველაფერს მასშტაბურად ვაკეთებთ, ასე რომ, მერად არჩევის შემდეგ, პირველ სამ ხელფასს ბიტკოინში ავიღებ. ნიუ-იორკ-სიტი კრიპტოვალუტებისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი გახდება – ცოტაც მოითმინეთ!“

ჯერ კიდევ მაშინ, ერიკ ადამსის ამ წამოწყებას მაიამის მერმა, ფრენსის სუარესმა აუბა მხარი, რომელმაც თქვა, რომ შემდეგ ხელფასს ბიტკოინში აიღებდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შრომის დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად, ნიუ-იორკ-სიტის მთავრობას ეკრძალება ხელფასების კრიპტოვალუტებში გაცემა, რის გამოც, ერიკ ადამსი იძულებულია, დოლარში მიღებული ანაზღაურება კრიპტოვალუტებში გადაცვალოს. ცნობისთვის, ერიკ ადამსი სულაც არ არის პირველი ცნობილი სახე, რომელიც ხელფასს ბიტკოინში იღებს – ამავე სიაში, სხვებთან ერთად, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები, ოდელ ბექჰემ ჯუნიორი და აარონ როჯერსი არიან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ერიკ ადამსის ამგვარი გადაწყვეტილება პოპულისტური როდია – როგორც ჩანს, ნიუ-იორკის ახლად არჩეული მერი ქალაქში დეცენტრალიზებული ფინანსური ინდუსტრიის (DeFi) ერთგვარი ჰაბის შექმნას გეგმავს. „ამგვარი ინოვაციის ფრონტის ხაზზე ყოფნა სამუშაო ადგილების შექმნაში, ეკონომიკის გაჯასაღებასა და გლობალური ტალანტის მოძიებაში დაგვეხმარება“, – აღნიშნულია მერის განცხადებაში. საინტერესოა, რომ ამგვარ მიდგომას მაიამის მერიც იზიარებს, რომელმაც გასულ წელს ტოკენიც კი გამოუშვა, სახელწოდებით MiamiCoin-ი.

Microsoft- Activision Blizzard- $68.7 მილიარდად ყიდულობს

Microsoft-ი ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს, Activision Blizzard-ს $68.7 მილიარდად ყიდულობს – ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში უმსხვილესია. გარიგების შედეგად, რომელიც მთლიანად  ნაღდი ფულით სრულდება, ვიდეოთამაშებიდან შემოსავლით Microsoft-ი მსოფლიოს მესამე უმსხვილესი კომპანია გახდება. ცნობისთვის, ბოლო დროს Activision Blizzard-ი რამდენიმე უსიამოვნებაშიც გაეხვა – სამუშაო გარემოში შეუფერებელი ქცევის ბრალდებით კომპანია არაერთმა აღმასრულებელმა დატოვა.

თუკი გარიგება შედგება, Microsoft-ის Minecraft–ს, Doom-ისა და Xbox-ის გარშემო არსებულ ვიდეოთამაშების ბიზნესს ვიდეოთამაშების ისეთი საკულტო ფრენჩაიზები დაემატება, როგორიცაა Call of Duty, World of Warcraft-ი და Candy Crush-ი. ამგვარად, ვიდეოთამაშების მწარმოებელ კომპანიებს შორის Microsoft-ი შემოსავლით მესამე კომპანია იქნება – ჩინური Tencent Holding-ისა და იაპონური Sony Group-ის შემდეგ.

ზემოთ ხსენებული პრობლემების ფონზე, Activision Blizzard-ის აქციათა ფასი 30%-ით იყო შემცირებული, რამაც Microsoft-ის მიერ ვიდეოთამაშების კომპანიის შეფასებაზე საკუთარი გავლენა მოახდინა. ცნობისთვის, მას მერე, რაც The Wall Street Journal-მა ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, Activision-ის აქციათა ფასმა 38%-ით იმატა, მაგრამ Microsoft-ის აქციათა ფასმა 1.6%-ით იკლო.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სატია ნადელას მიზნები: მას მერე, რაც 2014 წელს ინდოელმა აღმასრულებელმა ეს თანამდებობა დაიკავა, კომპანიამ $10 მილიარდზე მეტი დახარჯა ვიდეოთამაშების ათიოდ მწარმოებლის შესასყიდად – ამ გარიგებების შედეგად, Microsoft-მა ხელში ჩაიგდო Minecraft-ი და Doom-ი. როგორც უკვე აღინიშნა, ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში – უმსხვილესია. ამ დრომდე, ამ წოდებას 2016 წელს განხორციელებული ტრანზაქცია იკავებდა, რომლითაც Microsoft-მა LinkedIn Corp.-ი შეიძინა, $26 მილიარდად.

თავისთავად ცხადია, რომ შეუძლებელია, ეს გარიგება კონტექსტის გარეშე მიმოვიხილოთ: პანდემიისა და გლობალური კარჩაკეტილობის ფონზე, ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ ერთგვარი ბუმი განიცადა, რასაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული ორი ტრენდი – „ქლაუდი“ და მეტავერსი ზრდაში კიდევ უფრო დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის მიერ დაანონსებულ ამ ტრანზაქციას Sony-ს წარმომადგენლები მალევე გამოეხმაურნენ: „ველით, რომ Microsoft-ი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს და Activision-ის თამაშები კვლავაც მრავალ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი გაცილებით უფრო ჩახლართულია, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს, რადგან Activision Blizzard-ის ზოგიერთი თამაში, მათ შორის Call of Duty-ის ფრენჩაიზის თამაშები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია Sony-ის კონსოლისთვის, PlayStation-ისთვის.

ცნობისთვის, Sony-ს განცხადებას მალევე გამოეხმაურა Microsoft Gaming-ის ხელმძღვანელი, ფილ სპენსერი: „Activision Blizzard-ის თამაშები სხვადასხვა პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი და ამ კომუნების მხარდაჭერას მომავალშიც ვგეგმავთ“. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარკვეული თამაშები მართლაც სხვადასხვა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ Call of Duty-ს ფრანჩაიზის თამაშები, რომლებიც პოპულარულია როგორც PlayStation-ზე, ასევე Xbox-ზე, მომავალში მხოლოდ Xbox-ზე იქნება ხელმისაწვდომი, რადგან ეს სვლა Microsoft-ისთვის საკმაოდ სარფიანი უნდა იყოს.

დატოვე კომენტარი

5 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.