ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ქვეყნების „თავისუფლების ინდექსის“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, თავისუფლების მაჩვენებელი გლობალურად უკვე ზედიზედ მე-18 წელია მცირდება. ირკვევა, რომ ადამიანის პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობა გასულ წელს 52 ქვეყანაში გაუარესდა. აღნიშნული კი მსოფლიო პოპულაციის მეხუთედს შეადგენს.
2023 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობს ქვეყანაში, რომელსაც ორგანიზაციის ინდექსის მიხედვით „თავისუფალის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. მოსახლეობის 42% „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო 38% „არათავისუფალ“ ქვეყანაში ცხოვრობს.
Freedom House-ის მკვლევრების განმარტებით, „თავისუფლების ინდექსის“ გლობალური კლების მთავარი მიზეზი საარჩევნო მანიპულაციები, პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობა და კონფლიქტები გახდა. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კამბოჯაში, გვატემალაში, პოლონეთში, თურქეთსა და ზიმბაბვეში არჩევნების შედეგების გაკონტროლებას შეეცადნენ, ზეწოლა მოახდინეს ოპონენტებზე ან უარი თქვეს ძალაუფლების გადაცემაზე.
საინტერესოა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სტატუსი შეიცვალა და „არათავისუფალი“ კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფალში“ გადავიდა, ტაილანდი იყო, სადაც გასულ წელს მეტწილად კონკურენტული არჩევნები ჩატარდა.
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე თავისუფალი ქვეყნის სტატუსი და შესაბამისად „თავისუფლების ინდექსში“ სრული, 100 ქულა კვლავ ფინეთმა დაიმსახურა.
საქართველომ „თავისუფლების ინდექსში“ 58 ქულა დაიმსახურა და კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ სახელმწიფოს სტატუსი აქვს, თუმცა საქართველოს მაჩვენებელი სამეზობლოში ყველაზე მაღალია. თურქეთს ინდექსმა – 33, აზერბაიჯანს – 7, რუსეთს კი 13 ქულა მიანიჭა, რითაც აღნიშნული სახელმწიფოები „არათავისუფალი“ ქვეყნის კატეგორიაში ხვდებიან. ჩვენ მსგავსად „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი 54 ქულით სამეზობლოში მხოლოდ სომხეთს აქვს.