G&T: 2024 წელს საქართველოში წლიური ინფლაცია 3.5% იქნება

G&T: 2024 წელს საქართველოში წლიური ინფლაცია 3.5% იქნება

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის ერთი მონაკვეთი საქართველოში ინფლაციის ტენდენციებს დაეთმო.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასასრულს ქვეყანაში საშუალო წლიური ინფლაცია 2.7%-ს გაუტოლდება. მისივე ვარაუდით, მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები პირველად შემცირდა წლიურად, რამაც თითქმის გაანეიტრალა ნავთობის ფასებიდან გაზრდილი ზეწოლა ინფლაციაზე.

„ამასთან, აგრეგირებულ დონეზე, ოქტომბერში იმპორტირებული და შერეული საქონლის ინფლაცია კვლავ უარყოფითი იყო და ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასების კლება, როგორც მოსალოდნელი იყო, გაგრძელდა და 4.5% შეადგინა (+5.3% წ/წ სექტემბერში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, წლიურად 2.1%-მდე შემცირდა, წინა თვის 2.5%-დან“, – ვკითხულობთ Galt & Taggart-ის ანგარიშში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ფასების შემდეგ ჯგუფებში ცვლილებამ მოახდინა გავლენა: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – წლიურ ჭრილში ფასების 9.8%-იანი ზრდა აღინიშნა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს შემთხვევაში ფასები 6.6%-ით გაიზარდა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – ამ ჯგუფში ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა; ტრანსპორტის შემთხვევაში მატება 1.2%-ს უტოლდება, ამის პარალელურად, ფასების 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში.