გაერთიანებულ სამეფოში ვაკანტური პოზიციების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს

გაერთიანებულ სამეფოში ვაკანტური პოზიციების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს

გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ვაკანტური პოზიციების რაოდენობამ ივლის-სექტემბრის მონაცემებით 1.1 მილიონს მიაღწია, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ვაკანსიების ზრდა განსაკუთრებით მაღალია საცალო ვაჭრობისა და ავტოსერვისის ინდუსტრიებში. გაერთიანებულ სამეფოში უმუშევრობის დონე 4,5%-ს უტოლდება.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დასძენს, რომ პანდემიის შემდგომ სამუშაო ბაზრის სწრაფი აღდგენა მთავრობის მიერ სწორი სტრატეგიის შემუშავებაზე მიუთითებს. თუმცა, თავის მხრივ, KPMG-ის წამყვანი ეკონომისტი, იაელ სელფინი აღნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე დეფიციტმა შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი შეაფერხოს. სწორედ შესაფერისი კადრების ნაკლებობა იწვევს ვაკანტური პოზიციების რეკორდულ მაჩვენებელს, რადგან თითოეული დამსაქმებელი საკუთარი კომპანიისთვის გამოცდილი თანამშრომლის დაქირავებისთვის იბრძვის.

თავისუფალი სამუშაო ადგილების მზარდი რაოდენობით ძირითადად კვების, პროფესიული საქმიანობის, ტურისტული და სამრეწველო ინდუსტრიები გამოირჩევიან. გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობა (რომლებიც სამსახურს არ ეძებენ) 50,000-ითაა გაზრდილი. დასაქმების კვლევითი ინსტიტუტის განცხადებით, შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მხოლოდ დამსაქმებლების მხრიდან თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. რაც შეეხება თავად დამსაქმებლებს, მათი თქმით, ვაკანტური პოზიციების ზრდასთან ერთად, საჭირო კადრების შენარჩუნება ბევრად უფრო რთული გახდა, რის გამოც მათ ხელფასების 15-20%-იანი გაზრდა და თანამშრომლებისთვის დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება უწევთ.