გაერთიანებული სამეფო თავდაცვის რეფორმის შემდეგ სამხედრო ძალების რაოდენობას შეამცირებს

გაერთიანებული სამეფო თავდაცვის რეფორმის შემდეგ სამხედრო ძალების რაოდენობას შეამცირებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში წარადგინა ჯარის მოდერნიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც გაძლიერდება საზღვაო ძალები, სპეციალური დანიშნულების რაზმები და ამასთან, ქვეყნის თავდაცვითი ფოკუსი უფრო გლობალური იქნება. ამ ყველაფრის პარალელურად კი ქვეყანაში სამხედრო ძალების რაოდენობა შემცირდება.

შემოთავაზებული მოდერნიზაციის გეგმა ითვალისწინებს ინვესტიციებს საბრძოლო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების განვითარების, და ზოგადად, მეზღვაურთა გადამზადების მიმართულებებით. მნიშვნელოვანი ფოკუსია სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაზეც – გეგმაში აღწერილია რობოტების, დრონებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების საკითხები. მოდერნიზაციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამხედრო შენაერთებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების კაპიტალური რემონტი.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, თავდაცვითი სისტემები იყოს საფრთხეზე ფოკუსირებული, მოდერნიზებული და ფინანსურად მდგრადი, რათა შესაძლებელი იყოს მომავალ გამოწვევებთან გამკლავება და ახალი შესაძლებლბების გამოყენებაც“ – განაცხადა 70-გვერდიანი ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა, ბენ ვოლესმა.

მიუხედავად პოზიტიური მოლოდინისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სამხედრო ძალების რაოდენობა თითქმის 10,000-ით შემცირდეს, კრიტიკულად აფასებენ ბრიტანეთის ოპოზიციური ძალები და ამერიკელი სამხედრო ექსპერტები.

მოდერნიზაციის გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები ბრიტანეთს მომდევნო ათწლეულში ასობით მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. მათ შორის, 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება სამეფო საზღვაო ძალების ტრანსფორმაციაში და 120 მილიონი – სპეციალური დანიშნულების რაზმების ფორმირებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *