გაეცანით ვიდეოთამაშების კომპანიების ყველა დროის უდიდესი შესყიდვების ისტორიას

გაეცანით ვიდეოთამაშების კომპანიების ყველა დროის უდიდესი შესყიდვების ისტორიას

ვიდეოთამაშების ინდუსტრია წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე და, შეიძლება ითქვას,  დღითი დღე ვითარდება. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაიწყო მათი აღმასვლა ორგანზომილებიანი სიბრტყიდან ვირტუალურ რეალობამდე და მეტავერსამდე. ვიდეოთამაშების ინდუსტრია ის სფერო გახლავთ, რომელიც დაარსების დღიდან განვითარებასა და ზრდას განიცდის. შესაბამისად, მზარდია მისი ბიზნესგანვითარებაც. დახვეწილი დიზაინისა და გამართული ტექნოლოგიების მქონე ნებისმიერ ვიდეოთამაშების კომპანიას მწვერვალის დაპყრობა ძალიან მცირე დროში შეუძლია და ამის არაერთი მაგალითიც არსებობს.

ბუნებრივია, რომ ვიდეოთამაშების კომპანიებით დაინტერესებაც იზრდება, როგორც ინვესტირებისათვის მოგებიანი სფეროსი. ამიტომ, უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის სიახლე, რომ ამა თუ იმ ლეგენდარული თამაშის შემქმნელი კომპანია გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შეისყიდა. ამ სტატიაში კი სწორედ იმ შესყიდვების ისტორიებს მოგიყვებით, რომლებიც ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში უდიდესი გამოდგა.

ჯერ კიდევ 2022 წლის იანვრამდე ინდუსტრიაში ყველაზე დიდ შესყიდვად Tencent-ის მიერ ვიდეოთამაშების მწარმოებელ Supercell-თან დადებული $8.6-მილიარდიანი გარიგება იყო. თუმცა 2020 წლის პირველ კვირებში ისტორიაში ორი უდიდესი შესყიდვა განხორციელდა. თავდაპირველად, იანვრის დასაწყისში, Take-Two Interactive-მა მობილური თამაშების მწარმოებელი კომპანია Zynga 12.7 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა. შემდეგ კი, იანვრის ბოლოსკენ, Microsoft-ის რეკორდული შესყიდვის შესახებაც გახდა ცნობილი. საქმე ისაა, რომ ამერიკული ტექგიგანტი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიდეოთამაშების მწარმოებელ კომპანია Activision Blizzard-ს დაახლოებით 69 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდის, რაც ინდუსტრიისათვის რეკორდული მოცულობის თანხაა.

საინტერესოა, რომ ამგვარი გარიგებები თანდათანობით ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. მეტიც, უდიდესი შესყიდვების უმეტესობის მომსწრე სწორედ ბოლო 3-5 წელიწადში გავხდით. ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის დიდ პოტენციალზე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს Microsoft-ისათვის სულაც არ იყო ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში შებიჯების პირველი და პომპეზური მცდელობა. მანამდე, 2020 წელს, მან 7.5 მილიარდ აშშ დოლარად ZeniMax Media შეისყიდა, რაც იმ დროისათვის მეორე ყველაზე დიდი გარიგება გახლდათ. როგორც ჩანს, ამერიკული ტექგიგანტი ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებისაკენ ნაბიჯებს უკვე დიდი ხანია, დგამს. მანამდე, 2014 წელს, მან $2.5-მილიარდიანი გარიგებით Mojang-ი შეისყიდა.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ თავად Activision Blizzard-მა 2015 წელს ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია King-ი 5.9 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა. ასე რომ, როგორც ჩანს, Microsoft-ი ახლად შესყიდული კომპანიის გარდა სხვა რესურსებსაც შეიერთებს.

წყარო: Visualcapitalist

სფეროს ექსპერტები Microsoft-ის გააქტიურებას Sony Playstation 5-ის გაყიდვების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს უკავშირებენ. მათი მოსაზრებით, ტექგიგანტი საკუთარი Xbox-კონსოლის შესაძლებლობებისა და შემოქმედებითობის ზრდას გეგმავს, რათა Sony-ის პროდუქტს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

როგორც ხედავთ, ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ გასართობი დანიშნულების გარდა თანდათან სხვა ღირებულებებიც შეიძინა. ეს ინდუსტრია საკმაოდ კარგ სფეროს წარმოადგენს ინვესტირებისათვის და ამას გარდა, PlaytoEarn (ითამაშე და გამოიმუშავე) ინდუსტრია კრიპტოსამყაროს მზარდ ნაწილსაც წარმოადგენს. ასე რომ, მიმდინარე წლის განმავლობაში გიგანტი კომპანიების მხრიდან კიდევ უნდა ველოდოთ ახალ ნაბიჯებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *