გაიხსნება ევროპა ამ ზაფხულს?

გაიხსნება ევროპა ამ ზაფხულს?

ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის ტემპის აჩქარებისა და კოვიდ-შემთხვევების კლების, ასევე კოვიდ-პასპორტების სისტემის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო მოგზაურობა ამ ზაფხულს აღდგება. თუმცა, ამავე დროს, ევროკავშირის ქვეყნებში კვლავ გაურკვეველია, როგორი ზაფხული ელით 2021-ში. ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის ქვეყნები სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მიღებას.

საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი მხრივ, არის ოპტიმიზმი, მეორე მხრივ კი – პირიქით. ოპტიმისტები ამბობენ, რომ ამერიკაში ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს აგვისტოსთვის გამოიმუშავებენ, მეორე მხარე კი ამბობს, რომ ეს ზაფხული ისტორიული იქნება, თუმცა სხვა მიზეზებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2020 წელს ტურიზმის სექტორისთვის ყველაზე ცუდი წელი უწოდა, ცოტა ხნის წინ კი ასევე განაცხადა, რომ 2021-ის პერსპექტივებიც გაუარესდა. იმის გამო, რომ ქვეყნების ნაწილში ვაქცინაციის პროცესი გადაიდო ან შეფერხდა, ასევე ვირუსის ახალი შტამიც გავრცელდა, საერთაშორისო ტურიზმი შესაძლოა, რამდენიმე წლით კვლავ გაჩერებული იყოს.

გაეროს მიერ გამოკითხული ექსპერტების 41% ამბობს, რომ ტურიზმის პრეპანდემიურ დონეზე დაბრუნება 2024 წლამდე შეუძლებელი იქნება. ამ მოსაზრებას იზიარებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაც, სადაც აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ავიატრაფიკი შესაძლოა, მხოლოდ 13%-ით გაუმჯობესდეს.

მართალია,ბევრი იმედებს ვაქცინაციის პასპორტებზე ამყარებს,  მაგრამ ამ კუთხითაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერ არავინ იცის, ვაქცინა რამდენად შეაჩერებს კორონავირუსის გავრცელებას; არც ისაა ცნობილი, როგორ იმოქმედებს არსებული ვაქცინები ახალ შტამზე. კოვიდ-პასპორტების სისტემის შექმნა კი პოლიტიკურ და სოციალურ დაბრკოლებებს აწყდება, წარმოშობს უთანასწორობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოგისტიკაზე.

„მნიშვნელოვანია,ხალხმა გაიგოს, რომ  ამ დროისთვის ვაქცინების შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის საგრძნობლად შეამცირებს დაავადების გართულების რისკებს. ჩვენ არ გვინახავს ჯერ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა ვირუსის გავრცელებას აჩერებს“, – განუცხადა WHO-ს პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა Bloomberg-ს.

ვინ გახსნის საზღვრებს?

ავსტრალია და ახალი ზელანდია აცხადებენ, რომ ისინი 2021 წელს საზღვრების სრულად გახსნას არ აპირებენ, თუ არ ჩავთვლით ერთმანეთისთვის საზღვრების გახსნას. გახსნა სურს კვიპროსს, ისრაელს, საბერძნეთს, თუმცა ეს საფრთხეს უქმნის ევროკავშირს. როდესაც შენგენის ზონის ერთ ქვეყანაში შევა ტურისტი, მას სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობაც ექნება. აქვე აღსანიშნავია, რომ საბერძნეთს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვისაც სურს საზღვრის გახსნა. ამასთან, ცოტა ხნის წინ ესპანეთმაც განაცხადა, რომ ერთპიროვნულად იმოქმედებს, რათა ბრიტანელ ტურისტებს ზაფხულში მოგზაურობის შესაძლებლობა მისცეს, თუ ვაქცინაციის პასპორტების სისტემის შესახებ ევროკავშირი გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ჩვენთვის ბრიტანეთის ბაზარი მთავარი ბაზარია. თუმცა, ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ, გამოსავლის პოვნა პირველ რიგში ევროკავშირში უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა ფერნანდო ვალდესმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა:  „ყველა წევრი შეთანხმდა, რომ საჭიროა ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა“. თუმცა, მისივე თქმით, კოვიდ-პასპორტები არ იქნება ერთადერთი საშუალება მოგზაურობისთვის.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესში სამოგზაურო შეზღუდვები შენარჩუნდება, ვინაიდან ბევრი ქვეყანა კორონავირუსის კიდევ ერთ ტალღას ელოდება. ამ დროისთვისაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ლოკდაუნი მოქმედებს, უფრო მეტიც, ზოგიერთი გაზაფხულის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს. მაგალითად, საფრანგეთი. ამგვარად, ევროპა ჯერ კიდევ შორსაა იმისგან, რომ და საზღვრები გაიხსნას.