გაიცანით ქართული სტარტაპი Ambry, რომელიც კრიპტოსამყაროს სანდოს და უსაფრთხოს გახდის

გაიცანით ქართული სტარტაპი Ambry, რომელიც კრიპტოსამყაროს სანდოს და უსაფრთხოს გახდის

სულ რაღაც ორიოდე დღის წინ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 100,000-ლარიანი გრანტის პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ ჩატარდა, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პროექტი ამ ეტაპზეც გამორჩეული და ინოვაციური იდეების სიუხვით გამოირჩეოდა.

Forbes Georgia პროგრამის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სტარტაპს გაგაცნობთ, რომელიც კრიპტოსამყაროს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ბევრად უფრო სანდოს და უსაფრთხოს გახდის.

Ambry, ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ინდივიდუალური მომხმარებლებისა და კომპანიების ციფრულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. დღესდღეობით, კრიპტობაზარზე Ambry ერთადერთია, რომელიც ერთ, მარტივ და პრაქტიკულ პლატფორმაში კრიპტოუსაფრთხოების რამდენიმე ინსტრუმენტს აერთიანებს. Ambry-ის სერვისის გამოყენებით მომხმარებელს ნებისმიერი სახის კრიპტოსაფულისა (crypto-wallet) და კრიპტო ტრანზაქციის სანდოობის შემოწმება შეუძლია.

Ambry-ის დამაარსებლები eMoney-ის თანამშრომლები ლუკა ლომსაძე, მიხეილ ბერიკაშვილი, ნიკა ყოლბაია, გიორგი მდივნიშვილი და თენგიზ ლაშხი არიან. როგორც Forbes Georgia-ს სტარტაპის თანადამფუძნებელმა განუცხადა, Ambry-ის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ დაიბადა, მაშინ, როდესაც კრიპტოთაღლითობით სავსე რეალობაში, ხუთი ადამიანით დაკომპლექტებულ გუნდს ღია და აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი პლატფორმის ჩამოყალიბების სურვილი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრიპტოვალუტა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მის გამოყენებას კვლავ რიგი პრობლემები მოყვება, მაგალითად, თანხის დაკარგვაა. Ambry-ის სერვისის გამოყენებით კი მომხმარებელს სხვადასხვა კრიპტოსაფულის მისამართების სანდოობის გადამოწმება შეეძლება, რაც მსგავსი კრიპტოდანაშაულებების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ Ambry-ის სერვისზე წვდომა როგორც კომპანიებს, ასევე ინდივიდუალურ პირებს ექნებათ. Ambry-ის პლატფორმა ჯამში ექვს სერვისს და სამ პაკეტს აერთიანებს. Ambry-ის სერვისებში შედის: კრიპტომისამართის ვალიდურობის შემოწმება, კრიპტომისამართის მონიტორინგი, ინვესტიგატორი, რეპორტ-ანალიზი და მანუალური მხარდაჭერა. შემოთავაზებული პაკეტების (Basic, Pro, Elite) შესაბამისად კი ზემოთ ჩამოვლილი სერვისების გამოყენების სიხშირე განისაზღვრება. ჯერჯერობით სერვისის პაკეტების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა Ambry-ის განცხადებით, ფასი მაქსიმალურად იქნება მორგებული როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარს.

 

Ambry-ის პლატფორმა იდეალურად ერგება იმ კომპანიებს, რომლებიც კრიპტოსამყაროში ოპერირებენ და წარმოადგენენ კრიპტომიმოცვლის (crypto-exchange) და კომერციის (crypto-trading) პლატფორმას. Ambry-ის API-ის (Application Programing Interface) ინტეგრაციის შემდეგ, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება მომხმარებელთა ბაზების მონიტორინგი – რომელიმე კრიტოსაფულის მიერ საეჭვო ტრანზაქციის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება კომპანიას და მომხმარებელი დაიბლოკება. ცნობისთვის, მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად Ambry-ის სერვისს იყენებს ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც მაგალითად საქართველოში ყველაზე დიდი crypto-exchange პლატფორმა MyCoins-ია. აქვე გეტყვით, რომ კომპანიებისთვის სერვისის შეთავაზებისას ინდივიდუალურად მოხდება კორპორატიული შეთანხმების დადება იმაზე დაყრდნობით, თუ რა მასშტაბისაა კომპანია, რამდენი მომხმარებელი ყავს და დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენ ტრანზაქციას ახორციელებს.

რაც შეეხება, GITA-ს პროგრამით მიღებულ გრანტსა და კომპანიის სამომავლო გეგმებს, Ambry-ის განცხადებით, 100,000-ლარიანი დაფინანსება სრულად პროდუქტის განვითარებაზე დაიხარჯება. Ambry გეგმავს, რომ არსებული პლატფორმა სამომავლოდ მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მარტივად გამოსაყენებელი გახდეს, დაიხვეწოს ინტერფეისი და პლატფორმის ვიზუალები. დანარჩენი თანხა კი მარკეტინგულ აქტივობებსა და ახალი სერვისების დამუშავებას მოხმარდება. კომპანიაში სერვისების განვითარებასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შემდგომ ახალი სერვისების დამატებაც იგეგმება, რომელიც არამხოლოდ კრიპტომსაყაროს, არამედ სხვადასხვა საგადასახადო თუ სადაზღვეო კომპანიებს მოემსახურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.