PROS: სწრაფად განვითარებადი ბიზნესგარემო, კავშირი ევროკავშირთან.
CONS: დაძაბულობა რუსეთთან, დამოკიდებულება რეგიონის ეკონომიკურ შოკებზე.
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა.
Global Finance-მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე.
საქართველოსთან ერთად აღნიშნულ ჯგუფში შედიან პოლონეთი, უნგრეთი, მონტენეგრო და მოლდოვა.
Global Finance-ი აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების“ რეიტინგზე დაყრდნობით.
საქართველოსთან დაკავშირებით დადებით ფაქტორებს შორის აღნიშნულია: სწრაფად განვითარებადი ბიზნეს გარემო და მჭიდრო კავშირი ევროკავშირთან.
ხელისშემშლელ ფაქტორებად სახელდება: დაძაბულობა რუსეთთან, კვლევებისა და განვითარების (R&D) დაბალი მაჩვენებელი, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ შოკებზე მაღალი დამოკიდებულება.
Global Finance-ის შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის და შიდა პრობლემების გამო, 2018 წელი მრავალი ეკონომიკისთვის გარდამავალი წელი აღმოჩნდა ვალუტების მერყეობის, სასაქონლო ფასების კლებისა და ინვესტორთა ნდობის შემცირების თვალსაზრისით. გამოცემის შეფასებით, ამ ფონზე საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხასიათდებიან შთამბეჭდავი ზრდითა და ინვესტორებისგან მზარდი ინტერესით.