გაეროს ადამიანების უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ „სამმაგი პლანეტარული კრიზისი“: კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბუნების დანაკარგები წარმოადგენს გლობალურად ყველაზე დიდ საფრთხეს ადამიანის უფლებებისთვის. ეს განცხადება მან ორშაბათს სხდომის გახსნისას გააკეთა. სხდომაზე სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხს განიხილავდნენ.
„გარემოსდაცვითი საფრთხეები ჩვენი ეპოქისა და ადამიანების უფლებების ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა“, – აღნიშნა მიშელმა და ამავდროულად ყურადღება გაამახვილა ბოლოდროინდელ ბუნებრივ კატასტროფებზე – წყალდიდობაზე გერმანიაში და ხანძრებზე კალიფორნიის ტყეებში.
ეს განცხადება მან ადამიანის უფლებათა საბჭოს შემოდგომის სესიის გახსნაზე გააკეთა, სადაც ადამიანთა უფლებებზე კლიმატის ცვლილების გავლენასთან ერთად განხილული იქნება ავღანეთში, მიანმარსა და ტიგრაის რეგიონში, ეთიოპიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ამავე გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ბრაზილიის აბორიგენ მოსახლეობაზე გახშირებულ თავდასხმებზე ამაზონის არალეგალი მაღაროელების მხრიდან.
ჟენევაში მყოფმა დეპუტატებმა როიტერსთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი გარემოსდაცვით საკითხებზე ორ ახალ რეზოლუციას მიიღებენ. პირველი კლიმატის ცვლილების ახალ, სპეციალურ მოხსენებას შეეხება, ხოლო მეორე ითვალისწინებს ადამიანების უფლებას, იცხოვრონ სუფთა, უსაფრთხო და მდგრად გარემოში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აღნიშნული რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ „კლიმატის ცვლილება გავლენას პრაქტიკულად ყველა ადამიანზე ახდენს“.
მარკ ლიმონმა, Universal Rights Group-ის მკვლევარმა განაცხადა, რომ საბჭოს მიერ ჯანსაღი გარემოს უფლების აღიარება „კარგი ამბავია“. „ეს ინდივიდებს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში“.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, მისი რატიფიცირება ქვეყნების ინტერესებზეა დამოკიდებული, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური წონა აქვს.