Eurostat: 2021 წლის ზაფხულში ევროკავშირში ფრენების რაოდენობამ იმატა

Eurostat: 2021 წლის ზაფხულში ევროკავშირში ფრენების რაოდენობამ იმატა

მიმდინარე წლის ზაფხულში, ევროკავშირის მასშტაბით კომერციული ფრენების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის მონაცემები პრეპანდემიურ მაჩვენებელს კვლავ ჩამორჩება. 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, როდესაც 696,000 ფრენა შესრულდა, ფრენების მოცულობამ გასულ თვეში, ჯამში, 479,000 რეისი შეადგინა.

Eurostat-ის ცნობით, 2021 წლის ივლისში, ბლოკის 27 ქვეყანაში, კომერციული ავიამიმოსვლა წლიურად 72,8%-ით გაიზარდა, აგვისტოში კი  47,6%-ით. გარდა ამისა, გასული ორი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ფრენების რაოდენობა ჩამორჩებოდა 2020 წლის იანვარ-თებერვლის მოცულობას, პერიოდს, როდესაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და ლოქდაუნის რეჟიმზე გადავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის ყველაზე სწრაფი მაჩვენებლით საბერძნეთი გამოირჩევა, რომელიც კომერციული ფრენებით 2019 წლის მონაცემებს მხოლოდ 7%-ით ჩამორჩება. საბერძნეთს მოჰყვება რუმინეთი და ხორვატია, შესაბამისად 18%-ითა და 21,5%-ით. რაც შეეხება საქართველოს, 2021 წლის პირველი ივნისიდან საზღვრების გახსნასთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისში ავიამიმოსვლამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემების 73% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის შემდგომ ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა ივლისის დასაწყისში Covid პასპორტები შემოიღეს. Covid პასპორტები სრულად აცრილ, მოგზაურობამდე უარყოფითი პისიარ-ტესტის მქონე ან ბოლო პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *