გასული კვირა მწვანე ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავსტრალიელი მეცნიერების აღმოჩენის გამო გახდა. University of New South Wales-ის კვლევამ შესაძლოა, განახლებადი ენერგიის „საბოლოო ოცნება“ განახორციელოს და ენერგიის გამომუშავება მზის ჩასვლის შემდგომაც შესაძლებელი გახადოს. თუმცა, სანამ მიზანი საბოლოოდ მიიღწევა, მანამდე უკვე არსებული ტექნოლოგიების განვითარებაზე Shell-მა იზრუნა და ბრაზილიურ Açu-სთან თანამშრომლობით, მწვანე წყალბადის ქარხნის აშენება გადაწყვიტა.
ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ცალკეული ქვეყნების ძალისხმევაც მსოფლიოს განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების პროცესში. მაგალითად, გერმანიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივად ევროკავშირის ოფშორული ქარის სიმძლავრის ათჯერ გაზრდის პირობა დადეს, ხოლო იაპონიამ $157 მილიარდის ღირებულების „მწვანე გარდამავალი“ ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა.
მიმდინარე კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Green-ი წარმოგიდგენთ.
ახალი ტექნოლოგიით, მზის ენერგიის გამომუშავება ღამითაც შესაძლებელი გახდება
ავსტრალიელი მეცნიერების აღმოჩენის შემდგომ, მსოფლიო ღამის მზის ენერგიის გამომუშავებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. University of New South Wales-ის (UNSW) მეცნიერებმა, ღამით, დედამიწიდან წამოსული ენერგიის „დაჭერის“ ახალ გზას მიაგნეს.
მეცნიერების განცხადებით, მათმა აღმოჩენამ შესაძლოა განახლებადი ენერგიის „საბოლოო ოცნება“ განახორციელოს და ენერგიის გამომუშავება მზის ჩასვლის შემდგომაც შესაძლებელი გახადოს. კვლევის მტკიცებით, ღამით მზის ენერგია „პოტენციური სიმძლავრის დიდ და გამოუყენებელ სპექტრშია“. სითბო, რომელიც ენერგიის ფორმაა, ცხელი ადგილებიდან ცივი ადგილებისკენ მიემართება. ყოველდღე დედამიწა მზისგან სითბოს შთანთქავს, ღამით კი ეს სითბო დედამიწას ინფრაწითელი სინათლის სახით ტოვებს და კოსმოსის ყინულოვან ვაკუუმში შეიწოვება.
UNSW-ის მეცნიერები, დედამიწიდან გასული ინფრაწითელი გამოსხივების დასაწერად ნახევარგამტარის სახეობას „თერმორადიაციულ დიოდს“ იყენებენ. შემდგომ „დაჭერილი ენერგია“ ელექტროენერგიად გარდაიქმნება. როგორც ნორმალური, ასევე ღამის მზის სხივები ცხელიდან ცივ ადგილებში მიმართული ენერგიის ნაკადზეა დამოკიდებული. ნორმალური მზის ენერგიით, მზე ცხელ წყაროს, ხოლო შედარებით გრილი მზის პანელი დედამიწის ზედაპირზე ცივ შთანთქმას უზრუნველყოფს, რაც ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა.
„ღამის მზის“ ენერგია კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. UNSW-ის მკვლევრების მიერ წარმოებული ენერგიის რაოდენობა საკმაოდ მცირე, მზის ენერგიაზე მომუშავე ჩვეულებრივი უჯრედის დაახლოებით 0.001%-ის ეკვივალენტურია. თუმცა სწორი ინვესტირებით, ტექნოლოგიას მზის ენერგიის ელემენტის მიერ წარმოებული ენერგიის დაახლოებით 10%-ის წარმოება შეეძლება.
ოთხი ქვეყანა ევროკავშირის ოფშორული ქარის სიმძლავრის ათჯერ გაზრდის პირობას დებს
გერმანიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და დანიამ ევროკავშირის ქარის სიმძლავრის ათჯერ გაზრდის პირობა დადეს. ქვეყნები, 2050 წლისთვის, ჩრდილოეთ ზღვაში მინიმუმ 150 გიგავატი ქარის სიმძლავრის პროექტების განხორციელებას გეგმავენ, რაც ევროპისთვის „მწვანე ელექტროსადგურს“ შექმნის.
დაახლოებით 150 გიგავატი საკმარისი იქნება 230 მილიონი ევროპული სახლის ელექტრომომარაგებისთვის, მაგრამ ქვეყნების გეგმა მძიმე მრეწველობასა და ტრანსპორტისთვის წყალბადისა და მწვანე საწვავის დასამზადებლად მწვანე ენერგიის გამოყენებაცაა. თუმცა ამოცანა რთულია, რადგან ტურბინების მწარმოებლები მოგების მარჟაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად ფასების აწევას ცდილობენ, რასაც ხანგრძლივი ნებართვის გამო მშენებლობის ტემპის შენელება ერთვის თან.
ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა 210 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმა, რომელიც 2027 წლისთვის ევროპას რუსულ წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულების საბოლოოდ აღმოფხვრასა და მწვანე ენერგიაზე სწრაფად გადასვლაში დაეხმარება. კომისია, 2050 წლისთვის, ოფშორული ქარის ენერგიის ამჟამინდელი 16 გიგავატიდან 300 გიგავატამდე ზრდას ისახავს მიზნად.
დანიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 150 გიგავატი ოფშორული ქარის პროექტი ასობით მილიარდ დოლარს მოითხოვს, დამფინანსებლები კი ძირითადად, მცირე სახელმწიფო სუბსიდიებით, კერძო ინვესტორები არიან. მიზნის მიღწევის შემთხვევაში ევროკავშირის ოფშორული ქარის სიმძლავრე თითქმის ათჯერ გაიზრდება.
იაპონია $157 მილიარდის ღირებულების „მწვანე გარდამავალ“ ობლიგაციებს გამოუშვებს
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც $157 მილიარდის ღირებულების „მწვანე გარდამავალი“ ობლიგაციების გამოშვებას ითვალისწინებს. ობლიგაციები ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.
იაპონიის ახალი გეგმა ხაზს უსვამს ტოკიოს მხრიდან ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიების ძალისხმევას, რომელიც გარკვეულწილად რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შედეგია. ამჟამად ქვეყანა საწვავის იმპორტზე ძლიერი დამოკიდებულების გამო გარკვეულ რისკებს აწყდება. კიშიდამ ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იაპონიის გარშემო ენერგოუსაფრთხოების გარემო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა და მათ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული საზოგადოებიდან ნახშირბადნეიტრალურზე გადასვლისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე კიშიდას გაკეთებული განცხადებით, იაპონიას, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნახშირბადნეიტრალური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 150 ტრილიონი იენი დასჭირდება – როგორც კერძო ასევე საჯარო ინვესტიციების სახით. ამ თანხიდან დაახლოებით 20 ტრილიონი იენი მთავრობამ „მწვანე გარდამავალი“ ობლიგაციების სახით უნდა მოიზიდოს. მთავრობა მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობისთვის 10-წლიან რუკასაც შექმნის, რომელიც ფინანსურ დახმარებასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.
„მწვანე გარდამავალი“ ობლიგაციების შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის გამოშვებული ობლიგაციების კონკრეტული ღირებულება, სამთავრობო პანელზე განიხილება და წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
Shell-ი მწვანე წყალბადის ქარხნის ასაშენებლად ბრაზილიურ Açu-სთან ითანამშრომლებს
Shell-ი ბრაზილიურ Porto do Açu-სთან თანამშრომლობით, მწვანე წყალბადის ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რომელიც სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნისთვის პირველი იქნება. ორმხრივი მემორანდუმის პირობების თანახმად, რიო-დე-ჟანეიროს შტატში, Açu-ს საკუთრებაში 10 მეგავატი სიმძლავრის მწვანე წყალბადის ქარხანა აშენდება.
Shell-ისა და Porto do Açu-ს მწვანე წყალბადის ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ 2025 წლისთვის დასრულდება. ბრაზილიური მასიური ინდუსტრიული კომპლექსი და პორტი Açu, Prumo Logistica SA-ს ს საკუთრებაშია, რომელსაც, თავის მხრივ, აშშ-ის კერძო ინვესტიციების ფირმა EIG Global Energy Partners-ი აკონტროლებს. მემორანდუმის თანახმად, პროექტის ორი მომდევნო ფაზის ფარგლებში, წარმოება 2029 წლისთვის 100 მეგავატამდე გაიზრდება. მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელებას $20-$40 მილიონის ინვესტიცია დასჭირდება.
მწვანე წყალბადის პროექტზე Shell-Açu-ს გარიგება ბრაზილიაში სხვა კომპანიების პროექტებისგან განსხვავებულია. მაშინ როდესაც ბრაზილიაში შემოთავაზებული პროექტების უდიდესი ნაწილი სიცოცხლისუნარიანობის ეტაპზე არ გადასულა, Shell-Açu-ს პროექტი უახლოეს პერიოდში დაწყებასა და სამ წელიწადში წარმოებას გეგმავს. მომხმარებელთა ამჟამინდელი ბაზარი უკიდურესად მცირეა. მაგრამ მწვანე წყალბადის მიწოდების შექმნით, კონსორციუმი იმედოვნებს, რომ მოთხოვნა გაიზრდება.
ქარხანას იმ თანხებით ააშენებენ, რომელთა გამოყოფასაც ბრაზილიის ნავთობის მარეგულირებელი თითოეულ მწარმოებელს სთხოვს კვლევებთან და განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისთვის.
გაეროს განახლებად ენერგიაში ყოველწლიური ინვესტირების გასამმაგება $4-ტრილიონამდე სურს
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) „გლობალური კლიმატის მდგომარეობის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს, კლიმატის ცვლილების ოთხივე ძირითადმა ინდიკატორმა „საგანგაშო“ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ეს ინდიკატორებია: სათბური გაზების კონცენტრაცია, ზღვის დონის მატება, ოკეანის დათბობა და მჟავიანობა.
WMO-ის ანგარიშის მონაცემებით, უკანასკნელი შვიდი წელი მსოფლიოსთვის ყველაზე ცხელი გამოდგა. გაეროს გაფრთხილებით, კლიმატური ცვლილება მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალთან ერთად, ადამიანთა სიკვდილისა და დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნის სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას. WMO-ის გენერალური მდივნის განცხადებით, თუ კაცობრიობა არ შეიმუშავებს ნახშირბადის ატმოსფეროდან მოშორების გზებს, სიცხეებისა და კლიმატის ძირითადი ინდიკატორების რეკორდული მაჩვენებლები კიდევ ასობით წლის განმავლობაში გაგრძელდება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოხსენებას „კაცობრიობის სამწუხარო წარუმატებლობა“ უწოდა და მთავრობებს „დაზიანებული“ გლობალური ენერგეტიკული სისტემის გამოსწორებისა და კლიმატური კატასტროფის ასაცილებლად, სათბური აირების ემისიების შემცირებისკენ მოუწოდა. გუტერეშმა ასევე წარადგინა 5-პუნქტიანი გეგმა განახლებად ენერგიაზე გადასასვლელად, რომელიც წელიწადში ინვესტიციების გასამმაგებას $4 ტრილიონამდე ითვალისწინებს.
გუტერეშმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობებმა წიაღისეული საწვავის სუბსიდირების „სკანდალი“ უნდა შეაჩერონ, რომელიც ხელოვნურად ფასების შემცირებას იწვევს, რაც თითოეულ წუთში თითქმის $11 მილიონს უტოლდება.
დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი იღუპება
2000 წლიდან, ამ საუკუნეში მომხდარი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელმაც მილიონობით ადამიანი უკიდურესი სიღარიბიდან ამოიყვანა, ჰაერისა და სხვა ტიპის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2/3-ითაა გაზრდილი, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში, The Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. როგორც მკვლევრები აცხადებენ, მომატებული სიკვდილიანობის 90% სწრაფად განვითარებად, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.
სტატიის ერთ-ერთი ავტორის, რიჩარდ ფულერის თქმით, შედარებით ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობისა და სიმდიდრის ზრდასთან ერთად იმატებს ელექტროსადგურების, პროდუქტების მწარმოებელი ობიექტებისა და ტრანსპორტის რაოდენობა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვება ისეთ ადგილებში, სადაც დაბინძურების საწინააღმდეგო სტანდარტები არ არსებობს.
სხვადასხვა ტიპის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი იღუპება – სიკვდილიანობის უდიდეს ნაწილზე პასუხისმგებელი დაბინძურებული ჰაერია, მაგრამ სიკვდილის მიზეზად ხშირად ტყვიითა და სხვა ქიმიკატებით გამოწვეული დაბინძურება სახელდება. მკვლევრების დათვლებით, ქიმიკატებით დაბინძურების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 1.8 მილიონი ადამიანი კვდება, რაც, მათი აზრით, ქიმიური დამაბინძურებლების ფართო გავრცელებითაა გამოწვეული.
ქიმიური წარმოება გლობალურად ყოველწლიურად საშუალოდ 3.5%-ით იზრდება, ხოლო 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. ამავდროულად, გლობალური ქიმიური წარმოების ორი მესამედი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც მათი შემოწმების სტანდარტები არცთუ ისე კარგადაა დაცული.
ქიმიკატებს შორის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო – ტყვიაა, რომელმაც მხოლოდ 2019 წელს 900 ათასი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა ის საწვავის შემადგენლობიდან ამოიღეს. UNICEF-ის 2020 წლის დათვლებით, სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია სამიდან ერთს, ანუ 800 მილიონ ბავშვს აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ტყვიით მოწამვლა ბავშვების IQ-მაჩვენებლის 3-5 პუნქტამდე შემცირებასთანაა დაკავშირებული.