ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მძლავრი კონკურენციის ფონზე, ცდილობს მწვანე ტექნოლოგიების „რბოლაში“ თავისი პოზიცია სტაბილურად შეინარჩუნოს, რისთვისაც გასულ კვირას ევროკომისიამ „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“ წარადგინა. ახალი გეგმა მოიცავს სესხებს, გრანტებს, სუბსიდიებსა და ვაჭრობის ღიაობის საკითხებს, რაც ბლოკს განახლებადი ენერგიისა და ბატარეების წარმოების ზრდაში დაეხმარება.
ამასთან ერთად კი, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აქტიურად ცდილობს ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას და ალტერნატივებს ეძებს. ქვეყნების ძალისხმევის შედეგია Ember-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც, საიდანაც ირკვევა, რომ ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებით ევროკავშირმა ელექტროენერგიის რეკორდულ 22%-ს მიაღწია და პირველად ბუნებრივ აირს გადააჭარბა. პარალელურად კი Ember-ი მიმდინარე წელს წიაღისეული საწვავის მთლიანი წარმოების 20%-ით შემცირებასაც პროგნოზირებს.
რას წარმოადგენს ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“?
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირისთვის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმა“ წარადგინა, რომელიც ბლოკს დაეხმარება, მწვანე ტექნოლოგიების რბოლაში თავისი ადგილი შეინარჩუნოს და კონკურენცია გაუწიოს ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოცულობით სუბსიდიებს.
ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების ინდუსტრიული გეგმის“ ფარგლებში, სუფთა ტექნოლოგიების კომპანიებს გამარტივებული წესებითა და სწრაფი ნებართვებით შეეძლებათ ევროპაში საწარმოო ობიექტების აშენება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებით, შემუშავდება “Net-Zero Industry Act”-ი, რომელიც მნიშვნელოვან კომპანიებს ევროკავშირის კლიმატური მიზნების განსახორციელებლად უფასო ნებართვებს შესთავაზებს.
ევროკავშირისთვის საინტერესო შეთავაზებები შესაძლოა მოიცავდეს ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიებს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის განახლებადი წყალბადის საწარმოო ობიექტებისა და ბატარეების განვითარებას. ცნობისთვის, ბრიუსელმა განახლებადი ენერგიის პროექტების დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურები გასულ წელსაც გაამარტივა, პარალელურად კი ნებართვის მისაღებად საჭირო ვადებიც შეამცირა.
ევროკომისიის შეთავაზებით, 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო დახმარებების წესების შემსუბუქება ბლოკის 27 ქვეყანას განახლებად ენერგიასა და დეკარბონიზაციის ინდუსტრიაში ინვესტიციების გაზრდაში დაეხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ შეუძლია ისეთივე მოცულობის სუბსიდიების შეთავაზება, როგორიც საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ, ევროკავშირის გეგმა ქვეყნებს ბლოკის არსებული ფონდების გამოყენების საშუალებასაც აძლევს.
ძირითადი საერთო ფონდი 225 მილიარდი ევროს ($245 მილიარდი) სესხებსა და 20 მილიარდი ევროს გრანტებს მოიცავს, რომლებიც ევროკავშირის 800 მილიარდი ევროს პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდანაა დარჩენილი. გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარებად ტექნოლოგიებში ინვესტიციებისთვის, კომისია „ევროპის სუვერენიტეტის ფონდის“ შეთავაზებასაც განიხილავს.
საინტერესოა, რომ 2019 წელს ევროკავშირში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი მუშაობდა მწვანე ინდუსტრიაში, 2000 წელს კი მათი რაოდენობა 3.2 მილიონი იყო. თუმცა 2025 წლისთვის ევროკავშირს მხოლოდ ბატარეის სექტორის მიმართულებით დამატებით 800,000 თანამშრომელი დასჭირდება.
ევროკავშირმა თოთხმეტი ინდუსტრიისთვის, მათ შორის საავტომობილო და აგროსასურსათო სექტორებისთვის, პარტნიორობა შექმნა, რომელიც სამუშაო ძალისთვის კვალიფიკაციისა და განათლების გაძლიერებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ევროკავშირის ფონდები ხელმისაწვდომია სტაჟირებისა და პროფესიული სწავლებებისთვის.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მტკიცებით, ვაჭრობის ღიაობა უმთავრესი ფაქტორია, თუ ევროკავშირს წმინდა ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიების მიმართულებით ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს. ეს გულისხმობს როგორც ნედლ მასალაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კომისიას, რომელიც ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკას ზედამხედველობს, ბლოკის სავაჭრო შეთანხმების ქსელის გაზრდა სურს. ქსელის გაზრდა გულისხმობს ჩილესთან, მექსიკასთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საერთო ბაზართან (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი) და ავსტრალიასთან შეთანხმებების გაფორმებას.
გარდა ამისა, კომისია ნედლი მასალებისა და სუფთა ტექნოლოგიების საკითხზე თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები, ალიანსების შექმნასაც შეეცდება. პარალელურად კი ევროკომისიას უცხოურ სუბსიდიებზე ევროკავშირის ახალი კანონის გამოყენებაც სურს, რაც მას პარტნიორებთან ერთად არასაბაზრო ეკონომიკის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის გამოვლენასა და გადაჭრაში დაეხმარება.
ევროკავშირში ქარისა და მზისგან მიღებულმა ენერგიამ ბუნებრივ აირს პირველად გადააჭარბა
ევროკავშირის მასშტაბით, ქარის ტურბინებიდან და მზის პანელებიდან წარმოებულმა ენერგიამ ბუნებრივი აირის გამომუშავებას პირველად გადააჭარბა. დამოუკიდებელი ენერგეტიკული ანალიტიკური ცენტრ Ember-ის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში, ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებით ევროკავშირმა ელექტროენერგიის რეკორდულ 22%-ს მიაღწია, ბუნებრივი აირის წარმოებამ კი მხოლოდ 20% შეადგინა.
განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ზრდით, ევროკავშირმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული €10 მილიარდის ხარჯებიც აიცილა თავიდან. განახლებადი ენერგიის ზრდაში ყველაზე დიდი წილი მზის პანელებიდან მიღებულ ენერგიაზე მოდის, რომელიც 24%-ით გაიზარდა და, გასულ წელთან შედარებით, დამატებით 39 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას აწვდიდა ევროკავშირს. აღსანიშნავია, რომ ბლოკის, სულ მცირე, ოც ქვეყანაში მზის ენერგიის წარმოებამ რეკორდულ წილს მიაღწია.
როგორც Ember-ის ანალიზიდან ირკვევა, გასულ წელს ყველაზე ნახშირბადინტენსიური წიაღისეული საწვავის, ქვანახშირის გამოყენება 1.5%-ით გაიზარდა და ევროკავშირის მთლიანი ელექტროენერგიის 16% შეადგინა. თუმცა ზრდა ხანმოკლე აღმოჩნდა და წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად შემცირდა. პარალელურად კი, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ბირთვული და ჰიდროელექტროსადგურებიდან წარმოებული ენერგიის მაჩვენებელი, რაც 2022 წლის მშრალმა ამინდებმა, მდინარეების დონის კლებამ და ბირთვული რეაქტორების დროებით ან სამუდამოდ გათიშვამ გამოიწვია.
საერთო ჯამში, ელექტროენერგიის მაღალი ხარჯებისა და ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდების გავლენით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ენერგომოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7.9%-ით შემცირდა. Ember-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს წიაღისეული საწვავის მთლიანი წარმოება 20%-ით შემცირდება, პარალელურად გაიზრდება ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება, ხოლო ევროპის მასშტაბით, მათ შორის საფრანგეთში, ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობა განახლდება.
ფაქტია, ბლოკის ქვეყნები, რუსეთის ენერგომიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, უკრაინის ომის შემდეგ, განახლებად ენერგიაზე გადასვლას უფრო მეტად აჩქარებენ. ევროპული მწვანე შეთანხმების საკითხებში, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, ევროკავშირის მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიის 45%-იან წილს მიაღწიოს, „ამბიციურია, თუმცა განხორციელებადი“.
ევროკავშირი და უკრაინა განახლებადი ენერგიისა და წყალბადის საწარმოებლად ითანამშრომლებენ
ევროკავშირი და უკრაინა განახლებადი ენერგეტიკისა და წყალბადის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. მიზანი ქვეყნის ხელშეწყობაა, რომლის ენერგეტიკული სისტემა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სერიოზულად დაზიანდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გეგმას ხელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის კიევში გასამართ სამიტზე მოეწერება. დოკუმენტის დეტალები შესაძლოა, ჩართული მთავრობების მიერ მის დამტკიცებამდე შეიცვალოს.
დოკუმენტის გეგმის მიხედვით, ევროკავშირი და უკრაინა გააუმჯობესებენ მარეგულირებელ, ფინანსურ და გარემოსდაცვით პირობებს, რათა „უკრაინაში განახლებადი ენერგიის განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდეს“, რაც სექტორში ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, რუსული იერიშების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაახლოებით 40% დაზიანდა, რომლის რეკონსტრუქციაც ინვესტიციებს საჭიროებს.
როგორც ევროკავშირმა მიმდინარე თვეში განაცხადა, ბლოკი უკრაინას პოლონეთში მდებარე რეზერვიდან დამატებით 1,000 გენერატორს გადასცემს. თუმცა შეთანხმების პროექტი მსგავსი ტიპის საგანგებო დებულებებს სცდება და უკრაინას განახლებადი ენერგიისა და ნახშირბადის დაბალი ინტენსივობის მქონე სექტორების განვითარებაშიც დაეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
დოკუმენტის გეგმა არ აკონკრეტებს, შეთანხმება მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებულ წყალბადს შეეხება, რომელიც ევროკავშირის კლიმატური მიზნის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, თუ მის სხვა წყაროდან მიღებასაც მოიცავს. დღეს ევროპაში გამოყენებული წყალბადის უმეტესი ნაწილი მიღებულია წიაღისეული საწვავისგან, პროცესით, რომლის საშუალებითაც ატმოსფეროში CO2 ემისიები გამოიყოფა.
იანვარში პორტუგალიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 88% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული
2023 წლის იანვარში პორტუგალიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 88% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული. გასულ თვეში განახლებადი ენერგიის წარმოებას ხელი ძლიერმა ქარმა, წვიმებმა და მზის ენერგიის მისაღებად საჭირო პირობებმა შეუწყო, რამაც, REN-ის ცნობით, მკვეთრად შეამცირა გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენება.
არსებული გეგმით, პორტუგალიამ 2026 წლისთვის ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 80% განახლებადი წყაროებიდან უნდა მიიღოს. 2022 წელს აღნიშნული მონაცემი 60%-ზე იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის. ევროპული ქვეყნები სულ უფრო აჩქარებენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყებამ მიწოდების შეფერხება და ბუნებრივი აირის ფასების რეკორდულ დონემდე ზრდა გამოიწვია.
REN-ის განცხადებით, გასულ თვეში პორტუგალიაში განახლებადი ენერგიის პროდუქტიულობის მაღალი დონე ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი ამინდების შედეგია. იანვრის ძლიერმა წვიმებმა გაზარდა ჰიდროენერგიის წარმოება, რომელმაც პორტუგალიის მთლიანი მოხმარების 51% უზრუნველყო, შემდეგ ადგილზეა ქარის ენერგია 28%-ით, ბოლოს კი მზის პანელებიდან მიღებული ენერგია, სულ რაღაც 4%-ით. შედეგად, გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოება იანვარში 64%-ით შემცირდა.
Microsoft-მა მზის პანელების სამხრეთკორეულ მწარმოებელთან „სტრატეგიული ალიანსი“ ჩამოაყალიბა
Microsoft-ი სუფთა ენერგიის მიზნების გაუმჯობესებას ცდილობს, რისთვისაც მზის პანელების მწარმოებლებთან სტრატეგიული ალიანსიც კი ჩამოაყალიბა. საინტერესოა, რომ შეთანხმება სწორედ მაშინ შედგა, როდესაც მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და შრომითი უფლებების დარღვევების შესახებ ბრალდებები კიდევ უფრო ართულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის ენერგიის პანელების განთავსებას.
შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ კორეის კომპანია Qcells-მა 2.5 გიგავატის სიმძლავრის მზის პანელები უნდა უზრუნველყოს, რაც საკმარისია დაახლოებით 400,000 სახლის ელექტრომომარაგებისთვის. კომპანიის მიზანი 2030 წლისთვის, მისი სათბურის ემისიების დაახლოებით 50%-ით შემცირებაა, დაბინძურების დარჩენილ ნაწილთან გამკლავებას კი ატმოსფეროდან CO2-ის აღმოფხვრით შეეცდება.
2012 წლის შემდეგ Microsoft-მა ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ტექნიკურად საკმარისი სუფთა ენერგია შეიძინა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიის ოპერაციებისას მუდმივად განახლებად ენერგიას იყენებს. ჯერჯერობით მსგავსი ოპერაციების სრული საჭიროებისთვის საკმარისი მზისა და ქარის ენერგია ენერგოქსელთან დაკავშირებული არ არის, განახლებადი ენერგიის წყაროები აშშ-ის ელექტროენერგიის მიქსის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
თუმცა ბოლო პერიოდში მზის ენერგიის ინდუსტრია მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება, მითუმეტეს – ამერიკის შეერთებულ შტატებში. მზის ენერგიის წარმოების უდიდესი ბაზარი ჩინეთია, რომელიც მსოფლიოს მზის პანელების 80%-ს აწვდის. მას შემდეგ, რაც ჩინეთი სინძიანში უიღურების იძულებით შრომაში დაადანაშაულეს, აშშ-მა სინძიანიდან იმპორტი აკრძალა და მზის ენერგიის წარმოებისთვის საჭირო ნაწილების 1,000-ზე მეტი გადაზიდვა შეაჩერა.
როგორც ჩანს, Microsoft-ი სამხრეთკორეულ Qcells-თან თანამშრომლობით ცდილობს, ამ დაბრკოლებას გვერდი აუაროს. იანვრის დასაწყისში Qcells-მა აშშ-ში, „მზის ენერგიის სრული მიწოდების ჯაჭვის“ შექმნაზე $2.5 მილიარდის დახარჯვა დააანონსა. კომპანია ჯორჯიაში ახალ საწარმოო ობიექტს ააშენებს – შტატში, სადაც დასავლეთ ნახევარსფეროს მზის პანელების მწარმოებელი უდიდესი ქარხანა მდებარეობს.
ExxonMobil-ი 2027 წლისთვის წყალბადის ფართომასშტაბიანი პროექტის განვითარებას გეგმავს
Exxon Mobil Corp-მა ტეხასში 2027-2028 წლებისთვის წყალბადის ფართომასშტაბიანი ქარხნის ამოქმედება დააანონსა. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნულის შესახებ განცხადება გასულ კვირას გაავრცელა.
Exxon-მა 2022-2027 წლების პერიოდში, წყალბადის, ნახშირბადის დაჭერისა და ბიოსაწვავის პროდუქტებისთვის დაახლოებით $7 მილიარდი გამოყო. საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება წყალბადის პროექტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება მიღებული. „ხალხი დაინახავს, რომ ეს მუშაობს და შეიძლება ეკონომიკურად მოგებიანი იყოს“, – აცხადებს Exxon-ის წარმომადგენელი.
Exxon-ის ინფორმაციით, ტეხასში მდებარე ობიექტი დღიურად 1 მილიარდი კუბური ფუტის ლურჯ წყალბადს გამოიმუშავებს. საწვავი, რომლის წვის დროს ემისია არ გამოიყოფა, განკუთვნილია მძიმე ინდუსტრიებისთვის, რომელთაც წიაღისეული საწვავიდან განახლებად საწვავზე გადასვლა სურთ.
Exxon-მა ნახშირბადის შენახვასთან დაკავშირებით თავისი პირველი კომერციული შეთანხმება გასულ წელს, მსოფლიოში ამიაკის წამყვან მწარმოებელ CF Industries-ისთან გააფორმა. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის $4-ტრილიონიანი ბაზარი შექმნას. თხევად მდგომარეობაში არსებული ამიაკის გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში წყალბადის გადასატანადაა შესაძლებელი.