გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ტრადიციულად ავტოინდუსტრიისათვის გასული კვირაც საინტერესო გამოდგა. სფეროს განვითარების ტემპები მის მიმომხილველებს მოდულების საშუალებას არ გვაძლევს და ყოველდღიურად გვაოცებს. შესაძლოა ავტომწარმოებლებისათვის ეს ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ავტომოყვარულებში იმ ემოციებს იწვევს, რაც ინდუსტრიის ასეთ პოპულარობას განაპირობებს. ავტომობილებით მონუსხული ადამიანების რაოდენობა კი სწორედ ამ პაექრობის შედეგად კვირიდან კვირამდე სულ უფრო იზრდება. Forbes Georgia მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს წარმოგიდგენთ, როგორებიცაა Ford-ის მიერ დიდი რაოდენობით ავტომობილების მორიგი უკან გამოხმობის მიზეზები, Tesla-ს ბერლინის საწარმოს შეფერხებები, BMW-ს პრობლემები გაყიდვებში, Volkswagen-ის მორიგი დიდი მოცულობის ინვესტიცია ელექტრომობილების ინდუსტრიაში, ინდური Tata Motors-ის ამბიციური გეგმების დეტალები და სხვა.

Ford-მა ხანძრის რისკების გამო 100 000 ავტომობილი უკან გამოიხმო

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Ford Motor-მა აშშ-ის ბაზარზე 100 000 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილი უკან გამოიხმო. ცნობისათვის, ეს ბოლო პერიოდში Ford-ის მიერ ავტომობილების უკან გაწვევის პირველი შემთხვევა არაა.

REUTERS/Brendan McDermid

ამჯერად, ავტომწარმოებელმა 2020-2022 წლების Ford Escape , Ford Maverick და Lincoln Corsair მოდელები გამოიხმო. აღნიშნული მოდელების 2.5 ლიტრის ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები უკან გაწვევას ექვემდებარებიან. Ford-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში აღნიშნულ ავტომობილებზე დიდი რაოდენობით ძრავის ზეთის გაჟონვის საფრთხე არსებობს. ამან კი შესაძლოა ავტომობილში ხანძარი გააჩინოს.

საავტომობილო დილერები ძრავისქვეშა დაცვით მექანიზმს გააუმჯობესებენ და ყველა უსაფრთხოების ნაკლს აღმოფხვრიან. ამჟამად ამ გაუმართაობის შედეგად არც ერთი ავარია ან უბედური შემთხვევა არ აღრიცხულა.

საინტერესოა, რომ Ford-ი გარდა აღნიშნული მოდელებისა, 2021 წლის Ford Expedition-ისა და Lincoln Navigator-ის მოდელების გამოხმობასაც აპირებს. მაისში აღნიშნული მოდელების 39 000 ერთეულის უკან გაწვევის შემდეგ კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, Ford-ს დამატებით 27 000 ერთეული ავტომობილის უკან გამოხმობაც მოუწევს.

აშშ-ის სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი საკუთარ მომხმარებლებს ავტომობილების ღია სივრცეში დაპარკინგებისაკენ კვლავ მოუწოდებს. ავტომობილს ხანძარი მაშინაც შეიძლება გაუჩნდეს, როდესაც ძრავა გამორთულ მდგომარეობაშია, შესაბამისად, ის საფრთხეს გარშემომყოფებისთვისაც წარმოადგენს. კომპანია აღნიშნულ პრობლემას კოვიდ-პანდემიის პერიოდში მომწოდებლის საწარმოო ლოკაციის შეცვლას უკავშირებს.

Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანა მუშაობას 2 კვირით აჩერებს – Handelsblatt

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla ბერლინის ახალ გიგაქარხანაში წარმოებას 2 კვირით შეაჩერებს. გერმანული მედიაგამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, Tesla-ს გერმანიაში მდებარე საწარმო მუშაობას 11 ივლისიდან შეაჩერა.

Patrick Pleul/Pool via REUTERS

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინის გიგაქარხნის თანამშრომლებს აღნიშნული შესვენების შესახებ გარკვეული პერიოდით ადრე ეცნობათ. Handelsblatt-ში ვკითხულობთ, რომ ორკვირიანი შესვენების პერიოდს ხელმძღვანელობა ქარხანაში პერიოდული სამუშაოების გასატარებლად გამოიყენებს.

ჯერჯერობით Tesla-ს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია, რა გავლენას მოახდენს ორკვირიანი შეფერხება კომპანიის საწარმოო გეგმებზე. შეგახსენებთ, რომ ბერლინის გიგაქარხანა გერმანიაში მიმდინარე წლის 22 მარტს გაიხსნა.

2022 წლის პირველ ნახევარში BMW-მ დაგეგმილზე 13%-ით ნაკლები ავტომობილი გაყიდა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის საწარმოებში ნახევარგამტარების დეფიციტისა და კარანტინის გამო, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ 2022 წლის პირველ ნახევარში 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13%-ით ნაკლები ავტომობილი გაყიდა.

REUTERS/Wolfgang Rattay

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე მომხმარებლებს 1.16 მილიონი ერთეული BMW, Mini Cooper-ი და Rolls-Royce-ი მიაწოდეს. კომპანიის ისტორიაში გაყიდვებით საუკეთესო პერიოდი სწორედ 2021 წლის პირველი ნახევარი გახლდათ. წელს დაფიქსირებული რიცხვი კი ამ მაჩვენებელზე თითქმის მეშვიდედით ნაკლებია.

უფრო კონკრეტულად მეორე კვარტალში გაყიდვები დაახლოებით 20%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ელექტრომობილების გაყიდვები. 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 110%-ით მეტი ელექტრომობილი, 76 000 ელექტრო-BMW და Mini Cooper-ი გაყიდა.

Volkswagen-ი პარტნიორებთან ერთად ავტომობილების ელემენტების ბიზნესში $20 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი და მისი პარტნიორები ავტომობილების ელემენტების ქსელის ბიზნესში 20 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებენ. ამერიკელ კონკურენტთან, Tesla-სთან პაექრობის პირობებში Volkswagen-ი 2030 წლისთვის ამ ბიზნესით ყოველწლიურად 20 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებასა და 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

REUTERS/Fabrizio Bensch

აღნიშნულ პროექტს Volkswagen-ის დანაყოფი PowerCo ჩაიბარებს. ელემენტების წარმოებისა და კვლევის პროცესს რესურსების მოპოვებით დაწყებული, პროდუქტის გადამუშავებით დასრულებული სწორედ PowerCo უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში ელემენტების ქსელის საწარმოს გახსნაზე ისაუბრა. ღონისძიებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მობილობის მომავალი კვლავ ზალცგიტერში იწარმოება.

შოლცის განმარტებით, თუკი გერმანული ავტომწარმოებლები უწინ ელექტრომობილების ელემენტების წყაროდ აზიის რეგიონს განიხილავდნენ, ამჟამინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვი ბიზნესებს დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

აღნიშნული ინვესტიციის წყალობით Volkswagen-ი ევროპაში 6 ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. ახალი ქარხნები კი ავტომწარმოებლის მოთხოვნას ელექტრომობილების ელემენტებთან დაკავშირებით სრულად დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, Volkswagen-ს ელემენტების სხვა ავტომწარმოებლებისათვის სხვებისათვის მიყიდვის შესაძლებლობაც ექნება. 2030 წლისათვის ბრენდის საწარმოების ჯამური ტევადობა 240 გიგავატი საათი იქნება.

Volkswagen-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, ამერიკულ და გერმანულ ავტომწარმოებლებს შორის პაექრობა კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე გადადის. შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ს პირველ ეტაპზე ევროპის ბაზარზე Tesla-ს ჰეგემონიის დამარცხება სურს.

ელექტრომობილების მწარმოებლის Rivian-ის წარმოება ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა

ელექტრომობილების ამერიკულმა სტარტაპმა Rivian Automotive-მა მეორე კვარტალში მომხმარებლებს 4 467 ერთეული ელექტრომობილი მიაწოდა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. თავად ავტომწარმოებელი ასეთ შედეგს მოთხოვნისა და წარმოების საგრძნობი ზრდით ხსნის.

REUTERS/Rebecca Cook

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომწარმოებელს წლიური გეგმის შესრულების იმედიც გაუჩნდა. შეგახსენებთ, რომ Rivian-ის გეგმა მიმდინარე ფისკალურ წელს 25 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოებაა.

აღნიშნული სიახლეების გავრცელების შემდეგ, Rivian-ის აქციათა ფასებმა საფონდო ბირჟაზე 13%-ით მოიმატა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სტარტაპის აქციების საჯაროდ განთავსების შემდეგ მისი ფასი თითქმის ¾-ითაა შემცირებული.

მიუხედავად ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნისა, კომპანიას წარმოების გაზრდა მსოფლიოში არსებული მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო მაინც უჭირს. ამის გამო, მარტში კომპანიამ 2022 წლის დაგეგმილი საწარმოო მიზანი გაანახევრა.

ცნობისათვის, კომპანია საკუთარ საწარმოში R1S, R1T ელექტროპიკაპ და ფურგონის მოდელებს აწარმოებს. ფურგონებს Rivian-ი Amazon-ის დაკვეთით ამზადებს, რომელიც ამავდროულად ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილეცაა. Amazon-ი Rivian-ის 18%-იან წილს ფლობს.

კომპანია 2025 წლისათვის კიდე ერთი საწარმოს გახსნასა და 2023 წლისთვის საწარმოო შესაძლებლობების 200 000 ერთეულამდე გაზრდასაც გეგმავს.

Tata Motors-ი მიმდინარე ფისკალურ წელს 50 000 ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდური ავტომწარმოებელი Tata Motors-ი მიმდინარე ფისკალურ წელს 50 000 ერთეული ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს. აღნიშნული რაოდენობის ავტომობილები მწარმოებელმა 31 მარტამდე უნდა გაყიდოს. 2023/2024 წლის პერიოდისთვის კი კომპანია საკუთარი გეგმის გაორმაგებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის თავმჯდომარემ მეწილეებთან შეხვედრისას გაავრცელა.

REUTERS/Hemanshi Kamani/File Photo

2021/2022 ფისკალურ წელს Tata Motors-მა 19 105 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა. ეს მაჩვენებელი კი წინა წლების მაჩვენებელზე 353%-ით მეტია. Tata Motors-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიას ოპტიმისტური მოლოდინის იმედს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და ნახევარგამტარების დეფიციტის აღმოფხვრის ტემპები უჩენს.

საინტერესოა, რომ ინდურ ავტომწარმოებელს უკეთესი მომავლის რწმენას ინდოეთის მთავრობის ხელშეწყობაც უჩენს. ინდოეთის პრემიერ მინისტრის დღის წესრიგში საწარმოებისა და ბიზნესების ელექტრიფიკაციას მთავარი ადგილი უკავია. მოგეხსენებათ, ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

ინდოეთის მთავრობის გეგმით, 2030 წლისთვის ქვეყანაში გაყიდული სამგზავრო ავტომობილების 30% ელექტრომობილი უნდა იყოს. ამჟამად ეს რიცხვი მხოლოდ 1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ინდოეთის მთავრობის მიზანია, ათწლეულის ბოლოსათვის ორბორბლიანი ტრანსპორტის გაყიდვების 80% ელექტროსკუტერები და ელექტრობაიკები იყოს. ამჟამად მათი წილი გაყიდვებში მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *