გასული კვირა კულტურის სფეროს სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა ცილისწამების ბრალდებით ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში $50-მილიონიანი სარჩელი შეიტანა. ამის პარალელურად, ბრიტანელმა მომღერალმა, ედ შირანმა პოპულარულ მუსიკალურ ჰიტ „Shape of You“-ის საავტორო უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგო.
ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი სიახლეები გაავრცელეს სააუქციონო სახლებმა. ცნობილი გახდა, რომ როკ ჯგუფ „ნირვანას“ ვოკალისტის, კურტ კობეინის ელექტროგიტარა მუსიკალური კლიპ „Smells Like Teen Spirit“-დან, აუქციონზე გაიყიდება. პაბლო პიკასოს მიერ შესრულებულ ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტს, სახელწოდებით „Femme nue couchée“ მაისში Sotheby’s-ის აუქციონზე $60 მილიონად გაიტანენ; ხოლო მიქელანჯელოს ნახატს, რომელიც იტალიელი მხატვრის, მაზაჩოს ფრესკის, „ნეოფიტების ნათლობის“ მიხედვითაა შექმნილი – Christie’s-ის აუქციონზე $33 მილიონად.
მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ ამ და სხვა სიახლეებს აერთიანებს.
ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში $50-მილიონიანი სარჩელი შეიტანა
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა ცილისწამების ბრალდებით ყოფილი ცოლის, ასევე მსახიობი ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ემბერ ჰერდი ყოფილ ქმარს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯონი დეპის ადვოკატების განცხადებით, ისინი იმის დამტკიცებას აპირებენ, რომ ჰერდმა მსახიობს ცილი დასწამა, რათა ამ უკანასკნელის კარიერისთვის ზიანი მიეყენებინა. დეპი ყოფილი ცოლისგან ცილისწამებისთვის კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ჯონი დეპმა 2020 წელს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ბრიტანულ გამოცემა The Sun-საც უჩივლა, რომელმაც დეპი ცოლზე მოძალადე კაცად მოიხსენია. მსახიობმა ეს დავა წააგო, თუმცა ამჯერად მსგავსი სარჩელის შეტანა ემბერ ჰერდის წინააღმდეგაც გადაწყვიტა. თავის მხრივ, დეპის წინააღმდეგ სარჩელი ჰერდმაც შეიტანა. ის ყოფილი ქმრისგან, რომელსაც 2016 წელს დაშორდა, კომპენსაციის სახით 100 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს.
სკანდალის გამო ჯონი დეპის სამსახიობო კარიერას საფრთხე შეექმნა. მან დაკარგა მნიშვნელოვანი როლები ფილმებში: „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და „ჯადოსნური ცხოველები“. ამის შემდეგ მსახიობი მხოლოდ მცირებიუჯეტიან ფილმებში გამოჩნდა.
დეპისთვის, რომელიც ყველა დროის ათ ყველაზე მაღალშემოსავლიან კინოვარსკვლავს შორისაა, აღნიშნული სასამართლო პროცესი ალბათ უკანასკნელ შესაძლებლობას წარმოადგენს საკუთარი სამსახიობო კარიერის გადასარჩენად.
კურტ კობეინის გიტარა მუსიკალური კლიპ „Smells Like Teen Spirit“-დან აუქციონზე გაიყიდება
სიეტლში ჩამოყალიბებული როკჯგუფის, „ნირვანას“ ვოკალისტის, გიტარისტისა და სიმღერების ავტორის, კურტ კობეინის ელექტროგიტარა მუსიკალური კლიპ „Smells Like Teen Spirit“-დან აუქციონზე გაიყიდება. სააუქციონო სახლ Julien’s Auctions-ის ინფორმაციით, ნივთის საწყისი ფასი $800,000 იქნება. აღსანიშნავია, რომ მიღებული თანხის ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემათ.
„Smells Like Teen Spirit“-ის ვიდეოკლიპში კობეინი Fender-ის წარმოების გიტარაზე, კერძოდ კი Mustang-ის სახელწოდებით ცნობილ 1969 წლის მოდელზე უკრავს. კლიპი MTV-ზე 1991 წლის 29 სექტემბერს გამოჩნდა და დიდწილად სწორედ მისმა პოპულარობამ განაპირობა “ნირვანას” მეორე სტუდიური ალბომის, „Nevermind“-ის წარმატება.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც 1994 წელს კურტ კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გიტარა მის ოჯახში ინახებოდა. თუმცა ბოლო 12 წლის განმავლობაში ის სიეტლში მდებარე პოპკულტურის მუზეუმში იყო გამოფენილი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აუქციონზე კობეინის ერთ-ერთი გიტარა, Martin D-18E გაიყიდა. მასში 6 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, რამაც ეს უკანასკნელი აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ გიტარად აქცია. მანამდე ამ სტატუსს „პინკ ფლოიდის“ ჯგუფის წევრის, დევიდ გილმორის გიტარა ინარჩუნებდა. ის 3,9 მილიონ აშშ დოლარად იყო გაყიდული.
Fender-ის ელექტროგიტარის გარდა აუქციონზე, რომელიც 20, 21 და 22 მაისს გაიმართება, კობეინის სხვა ნივთებსაც გაიტანენ. მათ შორის Dodge Dart 170-ს – ერთადერთ ავტომობილს, რომელიც „ნირვანას“ ვოკალისტს სიცოცხლის განმავლობაში ჰყავდა. მანქანას აუქციონზე $600,000-ად გაიტანენ.
ცნობისთვის, აუქციონზე, რომელსაც „Music Icons“-ი ეწოდება, 1200-ზე მეტი ნივთი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ნივთები, რომლებიც ცნობილ მუსიკალურ ჯგუფებსა და მომღერლებს – Beatles-ს, ელვის პრესლის, ლედი გაგას, მაიკლ ჯექსონს, მადონას, ელტონ ჯონს, ბობ დილანს, ერიკ კლეპტონს, ბობ მარლის, ჯიმი ჰენდრიქსსა და სხვებს ეკუთვნოდათ.
პიკასოს მიერ შესრულებულ პორტრეტს „Femme nue couchée“-ს აუქციონზე პირველად გაიტანენ
ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მიერ 1932 წელს შესრულებულ ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტს, სახელწოდებით „Femme nue couchée“-ს მაისში აუქციონზე პირველად გაიტანენ. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტ თანხად იმედოვნებს.
შეგახსენებთ, რომ პიკასოს მარი-ტერეზ ვალტერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 1935 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა.
მარი-ტერეზის ეს პორტრეტი ხელოვნების ნიმუშების შიშველი სხეულის კლასიკური თემიდან ბიომორფულ გადახვევას წარმოადგენს. გამოსახულება ზღვის ბინადარს მოგვაგონებს, თუმცა, ამასთანავე, ტილოზე ქალის პროფილია დახატული.
მარი-ტერეზით შთაგონებულმა პიკასომ მისი არაერთი პორტრეტი შექმნა, რომლებიც განსაკუთრებით ძვირად ფასობს. მაგალითად, გასულ წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრული ნამუშევარი პიკასოს “Femme assise près d’une fenêtre (Marie-Thérèse)” იყო. 1932 წელს შექმნილ ფერწერულ ტილოში 103.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2010 წელს Christie’s-ის აუქციონზე პიკასოს ტილო „Nu au Plateau de Sculpteur“ $106 მილიონზე მეტად გაიყიდა.
როგორც ცნობილია, აუქციონი, რომელზეც „Femme nue couchée“-ს გაიტანენ, ნიუ-იორკში 17 მაისს გაიმართება.
ედ შირანმა მუსიკალურ ჰიტ “Shape of You”-ს საავტორო უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგო
ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ედ შირანმა პოპულარულ მუსიკალურ ჰიტ “Shape of You”-ის საავტორო უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგო.
გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ შირანს და მისი სიმღერის თანაავტორებს არ მიუმართავთ პლაგიატისთვის, როგორც ამას სამი ჩოკრი აცხადებდა. ეს უკანასკნელი შირანის გუნდს თავისი სიმღერის, “Oh Why”-ის გამოყენებაში ადანაშაულებდა “Shape of You”-ის დაწერისას.
მოსამართლე ზაკაროლის განცხადებით, ედ შირანს „არც განზრახ და არც ქვეცნობიერად არ დაუკოპირებია“ ჩოკრის სიმღერა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიმღერების ავტორმა წარმოადგინა „სარწმუნო მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ “Shape of You”-ის შექმნასთან ჩოკრის ტრეკს კავშირი არ ჰქონდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ედ შირანმა სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ მიღწეული შედეგით ბედნიერია. ამასთან, შირანმა სიმღერების საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ცილისწამების მზარდ შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა საზიანოა ინდუსტრიისთვის, რომელშიც სიმღერის ავტორები ერთიანდებიან, ასევე ყველასთვის, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას სიმღერიდან მიღებული დაახლოებით 2.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჰონორარი გაყინული იყო. საავტორო უფლებების საზოგადოება PRS for Music-ი ახლა იურიდიულ მითითებებს ელოდება იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება ჰონორარის განაწილება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ ედ შირანმა 2020 წელს Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავების სიაში 23-ე ადგილი დაიკავა. იმ წელს მომღერალმა 64 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მიქელანჯელოს ნახატს აუქციონზე $33 მილიონად გაიტანენ
რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის, მიქელანჯელოს ნახატს Christie’s-ის აუქციონზე მომავალ თვეში $33 მილიონად გაიტანენ. ხელოვნების ნიმუში მიქელანჯელოს იმ მცირერიცხოვან ნამუშევრებს შორისაა, რომელთაც კერძო პირები ფლობენ.
ნახატი, რომელიც დაახლოებით მე-15 საუკუნის ბოლოსაა შესრულებული, მხატვრის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევრად მიიჩნევა. ის ასევე იტალიელი ხელოვანის, მაზაჩოს ფრესკის, „ნეოფიტების ნათლობის“ მიხედვითაა შექმნილი. Christie’s-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიქელანჯელო წინამორბედი მხატვრების შემოქმედებას გულდასმით სწავლობდა და მათ გამოცდილებას იზიარებდა, ამასთან, საკუთარ ნამუშევრებში რევოლუციური ასპექტები შეჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მიქელანჯელოს ნახატი საფრანგეთის ეროვნულ საგანძურად იყო მიჩნეული, რაც მისი სხვა ქვეყანაში გადატანის პროცედურას ხელს უშლიდა. ახლახან საფრანგეთის მთავრობამ ნახატს ეს სტატუსი მოუხსნა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ კოლექციონერებს საშუალება მისცა, ხელოვნების ნიმუშის შესაძენად შეთავაზებები წარმოადგინონ.
როგორც ცნობილია, ნახატს ჰონგ-კონგსა და ნიუ-იორკში გამოფენენ, ვიდრე ის პარიზში 18 მაისს დაგეგმილ აუქციონზე გაიყიდება.
„კაპიტანი ამერიკის“ პირველი კომიქსი აუქციონზე $3 მილიონზე მეტად გაიყიდა
„კაპიტანი ამერიკის“ პირველი კომიქსი, რომელიც 1941 წელს გამოვიდა, 7 აპრილს, Heritage Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე ანონიმმა მყიდველმა 3.12 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. შედეგად, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომიქსი გახდა, რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
კერძო კომპანია Certified Garanty Company-მ, რომელიც იშვიათი კომიქსებისა და სხვა საკოლექციო ნივთების მდგომარეობას ამოწმებს, „კაპიტანი ამერიკის“ ზემოხსენებულ ნომერს 9.4 ქულა მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ 81 წლის კომიქსი თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ ამავე ქულით მსოფლიოში კომიქსის მხოლოდ სამი ასლია შეფასებული.
„კაპიტანი ამერიკის“ პირველი კომიქსის ავტორები ჯო საიმონი და ჯეკ კირბი არიან. მის გარეკანზე სუპერგმირია გამოსახული, რომელიც ნაცისტების ლიდერს, ჰიტლერს მუშტს ურტყამს. ნომერი გამოქვეყნდა აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში შესვლამდე ცხრა თვით ადრე, მანამდე, ვიდრე პერლ-ჰარბორზე იაპონიის თავდასხმა განხორციელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ნომერში Marvel-ის გმირის მოკავშირე, ბაკი ჩნდება.
ყველაზე ძვირად ღირებული კომიქსი, რაც კი აუქციონზე გაყიდულა, 1962 წელს გამოსული Amazing Fantasy-ის მე-15 ნომერია. სწორედ ამ ნომერში ჩნდება პირველად „ადამიანი-ობობა“. აღნიშნული კომიქსი 3,6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მანამდე რეკორდი Action Comics-ის პირველი ნომრის ასლს ეკუთვნოდა, რომელიც 2021 წელს $3,25 მილიონად შეიძინეს. კომიქსის ამ ნომერში პირველად ჩნდება „სუპერმენის“ პერსონაჟი.
გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერების ჩანაწერს მთვარეზე გაგზავნიან
გორის ქალთა კამერული გუნდის მიერ შესრულებული ნაწარმოებების ჩანაწერს მთვარეზე გაგზავნიან. პროექტი, რომლის ფარგლებშიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ციფრული არქივის სახით მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის ხელოვანთა ნამუშევრების გაშვება იგეგმება, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA), კომპანია SpaceX-ის, Astrobotic Technology-ისა და კორპორაცია Incandence Corp-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex-ი კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა. როგორც გორის ქალთა კამერული გუნდის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, პროექტისთვის სამი ნაწარმოები შეირჩა: „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“, რომელთა ავტორიც კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძეა და ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“.
ზემოხსენებული ნამუშევრები კაფსულაში მოთავსდება, რომელიც მთვარეზე 2024 წელს დაეშვება. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერებთან ერთად დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გორის ქალთა კამერული გუნდის ისტორიაც გაიგზავნება. ნაწარმოებები Leno Records-ში ჩაიწერა და EP-ის სახით უკვე გამოიცა. ჩანაწერის მოსმენა ყველა ციფრულ სტრიმინგ-პლატფორმაზეა შესაძლებელი, მათ შორის Apple Music-სა და Spotify-ზე.
ცნობისთვის, Lunar Codex-ი ციფრულ და ანალოგურ ტექნოლოგიას იყენებს, რათა ე.წ. „დროის კაფსულაში“ ხელოვნების ნიმუშების, წიგნების, მუსიკისა და სხვა სახის ნამუშევრების შენახვა მოხდეს.