გასული კვირის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება კულტურის სფეროში მომხდარმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა სიახლემ მიიპყრო. ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტი, სახელწოდებით „Shot Sage Blue Marilyn“ Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ასევე გაირკვა, რომ ბიუსტი, რომელიც აშშ-ში, Goodwill-ის ერთ-ერთ მაღაზიაში $35-ად შეიძინეს, რომაული ხელოვნების ნიმუშია. Christie’s-ის აუქციონზე კი გერჰარდ რიხტერის ფერწერულ ტილო „Abstraktes Bild“-ში $36.5 მილიონი გადაიხადეს.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი, Pink Floyd-ი საკუთარი მუსიკალური კატალოგის სრულად გაყიდვას განიხილავს; იტალიელი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს ყოფილი ტაუნჰაუსი, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს, 70 მილიონ აშშ დოლარად იყიდება; ფილმის „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ შემოსავალმა გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას 185 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.
ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტი, სახელწოდებით „Shot Sage Blue Marilyn“ ნიუ-იორკში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 195 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი თანხაა, რაც კი აუქციონზე ოდესმე გატანილ ამერიკელი ხელოვანის ნამუშევარში გადაუხდიათ.
აუქციონის გამართვამდე Christie’s-მა მონროს პორტრეტი $200 მილიონად შეაფასა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ამაზე მაღალი შეფასება დღემდე აუქციონზე გამოჩენილ არცერთ ნამუშევარს არ დაუმსახურებია.
თავისთავად, „Shot Sage Blue Marilyn“-მა რეკორდი ენდი უორჰოლის ნამუშევრებს შორისაც მოხსნა. ამერიკელი ხელოვანის მიერ შესრულებულ, აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშად ამ დრომდე „Silver Car Crash (Double Disaster)“ მიიჩნეოდა. ის 2013 წელს 105.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
„Shot Sage Blue Marilyn“ 1964 წელსაა შესრულებული. ხელოვანმა პორტრეტის შესაქმნელად მერილინ მონროსთვის გადაღებული ფოტო გამოიყენა 1953 წლის ფილმიდან „ნიაგარა“. „Shot Sage Blue Marilyn“ ენდი უორჰოლის ნამუშევრების სერიაში, „Shot Marilyns“-ში შედის.
ბიუსტი, რომელიც აშშ-ის Goodwill-ის მაღაზიაში $35-ად გაიყიდა, რომაული ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა
2018 წელს, ტეხასის შტატის მკვიდრმა, ლაურა იანგმა ოსტინში მდებარე „გუდვილის“ ერთ-ერთ მაღაზიაში ბიუსტი შეიძინა, რომელშიც $35 გადაიხადა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი ანტიკური ხანის, რომაული ხელოვნების ნიმუშია.
„უბრალოდ ვეძებდი ყველაფერს, რაც საინტერესოდ გამოიყურებოდა. ის 35 აშშ დოლარი ღირდა, ასე რომ, არავითარი მიზეზი არ მქონდა მის შეძენაზე უარის სათქმელად”, – განაცხადა იანგმა მედიასთან საუბრისას.
ნივთის შეძენის შემდეგ ლაურა იანგი მისი ისტორიით დაინტერესდა. იგი სააუქციონო სახლებსა და ექსპერტებს დაუკავშირდა, რათა მარმარილოს სტრუქტურის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიეღო. საბოლოოდ, Sotheby’s-მა დაადასტურა, რომ ბიუსტი ძველი რომაული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც, მათი შეფასებით, დაახლოებით 2,000 წელს ითვლის.
სპეციალისტმა ციფრულ მონაცემთა ბაზაში ფოტოები იპოვა, რომლებზეც ეს ბიუსტი იყო გამოსახული. სურათები 1930-იან წლებში გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში მდებარე ქალაქ აშაფენბურგშია გადაღებული.
ვარაუდობენ, რომ ბიუსტზე რომაელი მხედართმთავარი, სექსტუს პომპეუსია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ სექსტუსის მამა, გნეუს პომპეუს მაგნუსი იულიუს კეისრის მოკავშირე იყო.
როგორც გაირკვა, ბიუსტი ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ის დაკვეთით, პომპეური სახლის მიბაძვით აშენებულ შენობაში ინახებოდა. ის აქ მეორე მსოფლიო ომამდე იყო გამოფენილი. ამის შემდეგ ხელოვნების ნიმუში დაიკარგა, საბოლოოდ კი ის 2018 წელს იანგმა აშშ-ის Goodwill-ის მაღაზიაში შეიძინა.
იანგი მზად არის, 2023 წლის მაისის შემდეგ ბიუსტი გერმანიაში დააბრუნოს, სადაც ხელოვნების ნიმუში კვლავ პომპეურ სახლში გამოიფინება. მანამდე კი ის სან-ანტონიოს ხელოვნების მუზეუმში იქნება გამოფენილი.
„დოქტორი სტრეინჯი 2“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $185 მილიონი შეადგინა
სემ რეიმის რეჟისორობით გადაღებული ფილმის „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ შემოსავალმა გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას 185 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 450 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
2022 წელს გამოსული ფილმებიდან ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიანი საშინაო დებიუტის მქონე კინოსურათად რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული „ბეტმენი“ მიიჩნეოდა. მან ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას ბილეთების გაყიდვით 134 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. ცნობისთვის, „ბეტმენის“ საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი, მოცემული დროისთვის, 767 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ფილმის ბიუჯეტი 185-დან 200 მილიონ აშშ დოლარამდეა.
აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე წარმატებული საშინაო დებიუტი შემოსავლების თვალსაზრისით ფილმს „სპაიდერ-მენი: სახლისკენ გზა არ არის“ ჰქონდა. აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში სადებიუტო უიკენდზე კინოსურათის ბილეთების გაყიდვით სალაროებში 260 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. აღსანიშნავია, რომ $200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმის საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ამ დროისთვის თითქმის 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
პანდემიის პერიოდში გამოსული ფილმებიდან საშინაო დებიუტისას მიღებული შემოსავლის რაოდენობით მეორე ადგილს „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ იკავებს. ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ნიუ-იორკში მდებარე ჯანი ვერსაჩეს მდიდრული სახლი $70 მილიონად იყიდება
ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს ყოფილი ტაუნჰაუსი, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს, 70 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. Sotheby’s International Realty-ის თანახმად, მოდის სახლ „ვერსაჩეს“ დამფუძნებელმა უძრავი ქონება 1995 წელს შეიძინა და შენობის ინტერიერი სრულად შეცვალა.
ექვსსართულიანი სასახლე 1950 წელს არის აშენებული. მისი 17 მდიდრული ოთახიდან შვიდში საძინებელია მოწყობილი. იატაკი იტალიური მარმარილოთი და ავსტრიული პარკეტით არის მოპირკეთებული. ტაუნჰაუსში ხუთი ბუხარია. შენობის კედლები და ჭერი მოხატულია, ინტერიერში ასევე გამოყენებულია მოზაიკა. სასახლიდან, რომელიც ცენტრალურ პარკს ესაზღვრება, ხედი მე-5 ავენიუზე იშლება.
შენობის თითოეული სართულის ინტერიერი განსხვავებული თემატიკის მიხედვითაა მოწყობილი. შესასვლელში მარმარილოს კიბესა და ძველი ბერძნული ხელოვნების შთაგონებით შექმნილ დეკორაციებს შევხვდებით. მეორე სართული ინგლისური ნეოკლასიკური სტილითაა შთაგონებული. მესამე სართულის ჭერი სიქსტეს კაპელას გუმბათოვან კამარას მოგვაგონებს, კედლები კი მე-19 საუკუნის ფლორენციული სასახლის რესტავრირებული პანელებითაა გაწყობილი. მის ზედა სართულზე სააბაზანოები და სპაა განთავსებული. მეხუთე და მეექვსე სართულებზე კი საძინებლები და მედიაოთახია განლაგებული, რომელიც მაროკოულ სტილშია გადაწყვეტილი.
ჯანი ვერსაჩე მე-20 საუკუნის მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. იგი თავისი პირველი, დამოუკიდებელი კოლექციით მილანში, 1978 წელს წარდგა და დააარსა ბრენდი ძმასთან, სანტოსთან და დასთან, დონატელასთან ერთად.
ვერსაჩე 1997 წელს მაიამი-ბიჩში მდებარე საკუთარი ვილის კიბეებზე ჩაცხრილეს. ამის შემდეგ ბრენდის კრეატიულ ხედვას დონატელა განსაზღვრავს. 2018 წლიდან „ვერსაჩე“ ამერიკული კომპანია Capri Holdings-ის მფლობელობაშია.
Pink Floyd-ი საკუთარი მუსიკალური კატალოგის გაყიდვას განიხილავს
ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი, Pink Floyd-ი საკუთარი მუსიკალური კატალოგის სრულად გაყიდვას განიხილავს. როგორც ირკვევა, ბოლო დღეების განმავლობაში, Pink Floyd-ის წარმომადგენლები პოტენციურ მყიდველებს დაუკავშირდნენ, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მუსიკალური საავტორო უფლებების ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოდ ვითარდება და მოსალოდნელია, რომ ამგვარი გარიგებით, Pink Floyd-ის წევრები ასობით მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საკუთარი მუსიკალური კატალოგები ბობ დილანმა და ბრიუს სპრინგსტინმაც გაყიდეს – დილანის კატალოგზე საავტორო უფლებები Sony Music-ს $150 მილიონზე მეტი დაუჯდა, ხოლო სპრინგსტინის მუსიკალურ კატალოგში ხმის ჩამწერმა კომპანიამ $550 მილიონზე მეტი გადაიხადა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კოლოსალური გარიგებების შემდეგ, მუსიკალური ბაზარი ე.წ. გაცივების ფაზაში შევიდა. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Pink Floyd-ისთვის ეს წინააღმდეგობად არ ჩაითვლება – მხოლოდ აშშ-ში როკჯგუფის 75 მილიონი ალბომი არის გაყიდული, რამაც ამერიკის ხმის ჩამწერთა ასოციაციის რეიტინგში ჯგუფს მე-10 ადგილი მოუტანა. ცნობისთვის, Pink Floyd-ის გაყიდულ ჩანაწერთა რაოდენობა ბობ დილანისას ორჯერ აღემატება.
U2-ის წევრებმა კიევის მეტროსადგურში კონცერტი ჩაატარეს
ირლანდიური როკჯგუფის, U2-ის ვოკალისტმა ბონომ და გიტარისტმა სასცენო სახელით The Edge-მა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით კვირას კიევის მეტროსადგურში კონცერტი გამართეს.
ვარსკვლავებმა ჯგუფის ცნობილი ჰიტები, მათ შორის „With or Without You“ და „Angel of Harlem“ შეასრულეს. მათ ასევე იმღერეს ბენ კინგის „Stand by Me“ – თუმცა სიმღერის ტექსტი შეცვალეს და მონაკვეთი, რომელშიც აღნიშნული ფრაზა ჟღერს, „Stand by Ukraine“-ით ჩაანაცვლეს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიგვიწვია კიევში, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოგვეხატა და ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს გაგვეკეთებინა“, – დაიწერა U2-ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
U2-ის წევრებმა კონცერტი კიევის ცენტრალურ მეტროსადგურში ჩაატარეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბომბებისაგან თავის დასაცავ თავშესაფრად იქცა.
ბონოსა და The Edge-თან ერთად კონცერტზე უკრაინული ჯგუფი Antytila-ც გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მისი წევრი, ტარას ტოპოლია საკუთარი სამშობლოს რუსებისგან დასაცავად სამხედროებს შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ Antytila-მ ცოტა ხნის წინ ბრიტანელ მომღერალ ედ შირანთანაც ითანამშრომლა უკრაინის დასახმარებლად გამართული ღონისძიების ფარგლებში.
გერჰარდ რიხტერის ნამუშევარი Christie’s-ის აუქციონზე $36.5 მილიონად გაიყიდა
გერმანელი მხატვრის, გერჰარდ რიხტერის ფერწერული ტილო, სახელწოდებით Abstraktes Bild-ი 10 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე $36.5 მილიონად გაიყიდა. რიხტერმა ხელოვნების ნიმუში 1994 წელს შექმნა. მას ამავე სახელწოდების სერიის არაერთი ტილო აქვს დახატული.
აღსანიშნავია, რომ Christie’s-ის აუქციონზე ახლახან გაყიდული ნამუშევარი თავდაპირველად გერმანელი მეწარმის, ჰაინერ პიცშისა და მისი მეუღლის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში შედიოდა. შემდეგ კი მისი მფლობელი ლეგენდარული გიტარისტი, ერიკ კლეპტონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ლონდონში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე გერჰარდ რიხტერის ამავე სახელწოდების მქონე ფერწერული ტილო, რომელიც 1986 წელსაა შექმნილი, 46.3 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს. შედეგად, ის ევროპელი ხელოვანის მიერ შესრულებული ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრული ნამუშევარი გახდა, რომელიც აუქციონზე ავტორის სიცოცხლეში გაიყიდა.