გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. მკვლევართა განცხადებით, ახალ მედიკამენტს კიბოს უჯრედების ზრდის პროცესის შეფერხება შეუძლია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშუალო ასაკის პირებისა და ხანდაზმულებისთვის შვიდსაათიანი ძილი ოპტიმალურია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ კი ქვეყანაში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ით ადამიანის ინფიცირების ფაქტი გამოავლინა, რაც მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. ამის პარალელურად, დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა შეაჩერა.
სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს სამი და ESA-ს ერთი ასტრონავტი გაემგზავრა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ISS-ზე გრძელვადიანი მისიის ფარგლებში ასტრონავტი პირველად გაემგზავრება. ასტრონომებმა კი ჩვენგან 32.6 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის, HD 260655-ის გარშემო მოძრავი მყარი ზედაპირის მქონე ორი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.
მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მოგითხრობთ.
ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის (NHC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ით ადამიანი დაინფიცირდა, რაც მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. როგორც ირკვევა, ვირუსი ჩინეთის ხენანის პროვინციაში მცხოვრებ ოთხი წლის ბიჭს დაუდასტურდა.
ბავშვს სიცხე და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები 5 აპრილს გამოუვლინდა, რის შემდეგაც ის ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 10 აპრილს ბიჭის მდგომარეობა გაუარესდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 24 აპრილს ტესტირებისთვის ნიმუშები აიღო. ტესტმა H3N8-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
ამის შემდეგ ვირუსზე ტესტირება ბავშვთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებსაც ჩაუტარდათ, თუმცა ტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც ვარაუდობენ, ბავშვს დაავადება მის სახლთან გაზრდილი ქათმებისგან და იხვებისგან გადაედო.
ფრინველის გრიპი ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ფრინველებში ვრცელდება, თუმცა მისით ზოგჯერ ადამიანები და ცხოველებიც ინფიცირდებიან. ყველაზე რთული ეპიდემიური მდგომარეობა 2005 წელს შეიქმნა, როდესაც ვირუსის H5N1 შტამმა 140 მილიონი ფრინველის სიცოცხლე შეიწირა. მათი დიდი ნაწილი ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად დახოცეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფრინველის გრიპის შტამ H10N3-ით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი არ გამოვლენილა.
მისია Crew-4-ის ფარგლებში SpaceX-მა კოსმოსში ოთხი ასტრონავტი გაუშვა
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს სამი და ESA-ს ერთი ასტრონავტი გაემგზავრა. Crew-4-ის სახელწოდებით ცნობილი მისიის ეკიპაჟის წევრები დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე ექვს თვეს გაატარებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 27 აპრილს, ადგილობრივი დროით 3:52 საათზე აფრინდა და კაფსულა, რომელსაც „თავისუფლება“ უწოდეს, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე აიტანა.
Crew Dragon-ის ბორტზე NASA-ს ასტრონავტები: კიელ ენ ლინდგრენი, რობერტ ჰაინსი, ჯესიკა ვოტკინსი, ასევე ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე სამანტა კრისტოფორეტი იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის წევრები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე გადავიდნენ. ისინი მისიის განმავლობაში მიკროგრავიტაციაში სამეცნიერო ექსპედიციას ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ რობერტ ჰაინსისა და ჯესიკა ვოტკინსისთვის ეს კოსმოსში პირველი მოგზაურობაა. რაც შეეხება კიელ ენ ლინდგრენსა და სამანტა კრისტოფორეტის, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე მეორედ გაფრინდნენ.
ახალი მედიკამენტი კიბოს უჯრედების ზრდის პროცესს აფერხებს
სამედიცინო დაწესებულება Sinai Health-სა და ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, ახალმა მედიკამენტმა, რომელიც კიბოს გარკვეული უჯრედების გადარჩენისთვის აუცილებელი ფერმენტის დასაბლოკად შეიქმნა, სიმსივნის ზრდის შეფერხების კუთხით დადებითი შედეგი აჩვენა. პრეკლინიკური კვლევის დასკვნები გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მედიკამენტი გენის რედაქტირების ტექნოლოგიაზე, CRISPR-Cas9-ზე დაყრდნობით არის შექმნილი. პრეპარატის შემუშავებამდე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიმსივნეში CCNE1 გენის ამპლიფიკაციის (გენის დამატებითი ასლების შექმნა მისი მრავალგზის კოპირების საშუალებით) შემთხვევებისას კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში ფერმენტი PKMYT1-ი გადამწყვეტ როლს ასრულებს.
მეცნიერების ჯგუფმა კომპანია Repare Therapeutics-თან თანამშრომლობით მედიკამენტი, სახელწოდებით RP-6306 შექმნა, რომელიც ზემოხსენებული ფერმენტის აქტივობას ბლოკავს და, შესაბამისად, ხელს უწყობს კიბოს უჯრედების განადგურებას.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სიმსივნეში CCNE1 გენის ამპლიფიკაციის შემთხვევის დროს მკურნალობის საკმაოდ მცირე და ნაკლებად ეფექტიანი ვარიანტები არსებობს. Repare Therapeutics-მა ამგვარი სიმსივნეების მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევების I ფაზა უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, ცდების წინასწარი შედეგები 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
ახლომდებარე ვარსკვლავის გარშემო ორი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ჩიკაგოს უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა კოლეგებთან ერთად ჩვენგან 32.6 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, HD 260655-ის გარშემო მოძრავი მყარი ზედაპირის მქონე ორი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ნაშრომი სამეცნიერო პლატფორმა arXiv.org-ზე გამოქვეყნდა.
როგორც ირკვევა, მეცნიერებმა ეგზოპლანეტები აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრის, TESS-ის დახმარებით დააფიქსირეს. მათი გამოთვლით, ახლად აღმოჩენილი ობიექტები სიდიდით დედამიწას აღემატებიან და მასზე, სულ მცირე, ორჯერ მასიურები არიან.
შეგახსენებთ, რომ TESS-ი მზესთან ახლოს მდებარე 200,000-მდე კაშკაშა ვარსკვლავს აკვირდება და ტრანზიტული მეთოდის გამოყენებით მათ გარშემო მოძრავ დღემდე ჩვენთვის უცნობ ეგზოპლანეტებს ეძებს. ბოლო მონაცემებით, აპარატმა 5,600-ზე მეტი ეგზოპლანეტის კანდიდატი გამოავლინა, რომელთაგან 205-ის არსებობა უკვე დადასტურდა.
ახლახან აღმოჩენილი ეგზოპლანეტებიდან მასპინძელ ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარეს მეცნიერებმა HD 260655 b უწოდეს. სპეციალისტების განცხადებით, მისი რადიუსი დედამიწისას 1,24-ჯერ აჭარბებს. გარდა ამისა, ობიექტი 2,14-ჯერ უფრო მასიურია, ვიდრე ჩვენი პლანეტა. HD 260655 b თავისი მნათობის გარშემო შემოვლას სამ დღეზე ნაკლებს ანდომებს და მისგან დაახლოებით 0,03 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით გადაადგილდება.
რაც შეეხება მეორე ეგზოპლანეტას, რომელსაც მეცნიერებმა HD 260655 c უწოდეს, მისი რადიუსი დედამიწისას 1,53-ჯერ აღემატება, მასა კი – დაახლოებით 3,09-ჯერ. ობიექტი მასპინძელი ვარსკვლავიდან 0,047 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე მოძრაობს. მისი ორბიტული პერიოდი კი ექვს დღემდეა.
შედეგების შეჯამებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ HD 260655 მეოთხე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ახლომდებარე მულტიტრანზიტული პლანეტური სისტემაა. მეცნიერების განცხადებით, სისტემაში მდებარე ვარსკვლავის შედარებით მკვეთრი სიკაშკაშის გამო, ორი ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტა მომავალში ატმოსფერული დაკვირვებებისთვის საუკეთესო სამიზნე იქნება.
დანია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა
დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა შეაჩერა. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვირუსი მათი კონტროლის ქვეშ მოექცა.
„დანიაში ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა მაღალია, ეპიდემია კი უკან იხევს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის ეროვნული საბჭო ამ სეზონისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას აჩერებს“, – ნათქვამია დანიის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებაში.
დანიაში ვაქცინაციის კამპანია 2020 წლის შობის შემდეგ მალევე დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, პრეპარატით ორჯერადად დაახლოებით 4,8 მილიონი მოქალაქე აიცრა, 3,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა კი ვაქცინის ბუსტერული დოზა გაიკეთა. ამავდროულად, ომიკრონის შტამის გავრცელების შემდეგ ვირუსით ბევრი ადამიანი დაინფიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში იმუნიტეტის დონე გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 512 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, COVID-19-ის დაავადებამ კი საერთო ჯამში 6,23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები მომავალ წელს კოსმოსში ასტრონავტს გაუშვებს
2023 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გრძელვადიანი მისიის ფარგლებში ასტრონავტი პირველად გაემგზავრება.
კოსმოსური ტურიზმის განვითარების მიმართულებით მომუშავე, ჰიუსტონში დაფუძნებულმა კომპანია Axiom Space-მა 29 აპრილს განაცხადა, რომ მან მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურ ცენტრთან (MBRSC) ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე ასტრონავტის გაგზავნას ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი Crew-6-ის სახელწოდებით ცნობილი მისიის ეკიპაჟს შეუერთდება, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით ჩვენი პლანეტის ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2023 წელს გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ Axiom Space-ის დაკვეთით SpaceX-მა ცოტა ხნის წინ კერძო მისია Ax-1-ის ფარგლებში კოსმოსში ოთხი ასტრონავტი გაუშვა. კომპანია დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობას ისახავს მიზნად. ამის პარალელურად, Axiom Space-ი ISS-ზე ეკიპაჟიან ფრენებს აწყობს.
აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთი ასტრონავტია ნამყოფი. ჰაზა ალ მანსური ISS-ზე, 2019 წლის შემოდგომაზე, რუსული კოსმოსური ხომალდის, Soyuz-ის დახმარებით გაემგზავრა. მანსურიმ ორბიტაზე რვა დღე გაატარა. სავარაუდოა, რომ Crew-6-ის ეკიპაჟის წევრები ISS-ზე დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში დარჩებიან.
მკვლევართა თქმით, საშუალო ასაკის პირებისა და ხანდაზმულებისთვის შვიდსაათიანი ძილი ოპტიმალურია
კემბრიჯისა და ფუდანის უნივერსიტეტებში მომუშავე მკვლევართა განცხადებით, საშუალო ასაკის ადამიანებსა და ხანდაზმულებში შვიდსაათიანი ძილი ოპტიმალურია. ამის შესახებ კვლევა გამოცემა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.
ძილი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კოგნიტური ფუნქციების გააქტიურებასა და ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაში. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები ხშირად უჩივიან ძილის რეჟიმის დარღვევას, მათ შორის, დაძინების გაძნელებას, ძილის პერიოდის შემცირებასა და ხარისხის გაუარესებას. მიჩნეულია, რომ ძილის აღნიშნულმა დარღვევებმა შესაძლოა, კოგნიტიური უნარების დაქვეითებასა და ფსიქიკურ აშლილობას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით – ხანდაზმულებში.
Nature Aging-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში მცხოვრები 38-73 წლის ასაკის თითქმის 500,000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ცდისპირებს მათი ძილის რეჟიმისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კითხვები დაუსვეს. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეებს კოგნიტური უნარების შესამოწმებლად არაერთი ტესტირება ჩაუტარეს.
ამ მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როგორც არასაკმარისი, ასევე გადაჭარბებული ხანგრძლივობის ძილი კოგნიტური ფუნქციების – ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის, ვიზუალური ყურადღების გამახვილების, მეხსიერებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების დარღვევასთან ასოცირდება.
კვლევის შედეგად მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ შვიდი საათის განმავლობაში ძილი იყო ოპტიმალური კოგნიტური ფუნქციების გამართულად მუშაობისათვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად ხანმოკლე ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეძინათ, შფოთვისა და დეპრესიის უფრო მეტი სიმპტომი აღენიშნებოდათ.