შესაძლოა თუ არა ახალი ფრონტის გახსნა მოლდოვაში?

შესაძლოა თუ არა ახალი ფრონტის გახსნა მოლდოვაში?

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან მოლდოვის მთავრობა სიფრთხილით უყურებდა ტრანსნისტრიაში  (დნესტრისპირეთში) შესაძლო დაძაბულობის შექმნას. 24 აპრილს ტრანსნისტრიის დედაქალაქ ტირასპოლში ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების სამინისტროს. 26 აპრილს კი საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული რადიოს ორი გადამცემი ანტენა ააფეთქეს.

ტრანსნისტრიის აფეთქებებმა მოლდოვაში მოსალოდნელი რუსული აგრესიის მიმართ შიში გააჩინა. მაშინ როდესაც უცნობია, ვინ დაგეგმა აფეთქებები, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი რუსეთის მიერ ტრანსნისტრიისა, სადაც 1500 რუსული სამშვიდობოა განლაგებული, და მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებებია. ტრანსნისტრიის სეპარატისტულმა მთავრობამ მომხდარი მოვლენები უკრაინას დააბრალა და  ტერორიზმის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების მისაღებად 15-დღიანი საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, რის შედეგადაც საქალაქთაშორისო გადაადგილება კონტროლდება. ტრანსნისტრიის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვადიმ კრასნოსელსკიმ აღნიშნა, რომ „აფეთქებების კვალი უკრაინამდე მიდის“. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აფეთქებები რუსეთის სპეციალური სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. ზელენსკიმ მოვლენებს „დაძაბულობის გამიზნული ესკალაცია“ უწოდა, მაშინ როდესაც რუსეთის მიხედვით, ნატოა პასუხისმგებელი.

ტრანსნისტრია მოლდოვის აღმოსავლეთის კიდეზე არსებული ტერიტორიის ვიწრო სექტორია. რეგიონის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1992 წლის მოლდოვის სამოქალაქო ომის შემდეგ „გაყინულია“. ამ პერიოდის შემდეგ რეგიონი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. ტრანსნისტრიის მოსახლეობა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა რუსულად საუბრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინის რუსულენოვანი დნესტრის ავტონომიური რეგიონისა და 1918-1940 წლებში რუმინეთის შემადგენლობაში შემავალი ბესარაბიის ტერიტორიის გაერთიანებით მოსკოვმა გადაწყვიტა, მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შეექმნა. ტრანსნისტრია არასდროს ყოფილა რუმინეთის ნაწილი. ის 1940-იან წლებში მოლდავეთის სსრ-ის რუსიფიკაციის მიზნით 1940-იან წლებში გახდა რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი. დღეისათვის ტრანსნისტრიის მთავრობა და ეკონომიკა ძლიერაა დამოკიდებული რუსეთის სუბსიდიებზე და მოსკოვის თანხმობის გარეშე დე ფაქტო დედაქალაქ ტირასპოლში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება.

ტრანსნისტრიის მოვლენებს შესაძლოა, მოლდოვაში გაყინული კონფლიქტის განახლება მოჰყვეს და ქვეყანა მეორე ფრონტადაც კი გადაიქცეს უკრაინის ომში. აფეთქებები რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის რუსტამ მინეკაევის განცხადებებს მოჰყვა. მისი თქმით, რუსულ სამხედრო დანაყოფებს სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება აქვთ გამიზნული და ასეთი წარმატება რუსეთს ტრანსნისტრიის რეგიონთან სახმელეთო კორიდორს შეუქმნიდა. უკრაინის მთავარი საპორტო ქალაქი ოდესა ტრანსნისტრიის აღმოსავლეთით მდებარეობს და რუსეთს რეგიონის გავლით შეუძლია მეორე საფრონტო ხაზის გახსნა და ოდესის მიმართულებით უფრო მარტივად დაწინაურება.

აღსანიშნავია, რომ მინეკაევის განცხადებების მიხედვით, რუსეთს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება სურს და ამ გზით მოლდოვის მიზანში ამოღებაც შეუძლია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბევრჯერ დადო პირობა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში  ეთნიკურად რუსებს „დაიცავდა“. პროდასავლური უკრაინის დაპყრობის ერთ-ერთი ოფიციალური მიზანიც სწორედ ეს იყო. მინეკაევის განცხადებით, დონბასის რეგიონში ძალების მობილიზება რუსული სამხედრო ოპერაციის „მეორე ფაზაა“ და მას რუსეთსა და 2014 წელს კრემლის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კორიდორის შექმნა შეუძლია. რუსეთის ასეთი დაწინაურება მოლდოვასთან, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის „შევიწროება ხდება“, კორიდორის არსებობის შესაძლებლობას შექმნის.

ტირასპოლის მოვლენები შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის ახალი ფაზის დაწყებას მიანიშნებდეს, რაც ტრანსნისტრიის ომში ჩართვასაც მოიაზრებს. ამ გზით  რუსეთს შეეძლება, უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას. თუმცა აღსანიშნავია, რომ კრემლს ტრანსნისტრიაში მნიშვნელოვანი სამხედრო მომარაგების გაწევა მოუწევს. რუსეთისთვის ამ ეტაპზე ეს შესაძლოა რთული ამოცანა იყოს, რადგან უკრაინის რამდენიმე ქალაქში რუსეთს საკმაოდ უჭირს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ტრანსნისტრიის მხრიდან ომში ჩაბმა და რეგიონის სამხედრო ძალითა და იარაღით მომარაგება შესაძლოა, დიდ გამოწვევას  წარმოადგენდეს.

მეორე მხრივ, ტრანსნისტრიის მიღწევით, რუსეთს შეუძლია მაია სანდუს მოლდოვის პროევროპული მმართველი პარტიისთვის „ქმედება და სოლიდარობა“ პრობლემების შექმნა. სანდუ 2020 წლის ნოემბრიდან მოლდოვის პრეზიდენტია, მას შემდეგ, რაც არჩევნებში პრორუსი იგორ დოდონი დაამარცხა. სანდუ პრეზიდენტად არჩევიდანვე ცდილობს მოლდოვის რეფორმირებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კანონის უზენაესობის გამყარებას. 3 მარტს მოლდოვის მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადიც შეიტანა და მიუხედევად იმისა, რომ ნატოში გაწევრებაზე სურვილი არ გამოუთქვამს, ცხადია, რომ ქვეყანაში რუსული გავლენა ნელ-ნელა, თუმცა ნამდვილად სუსტდება. მოსკოვს კი სურს კიშინიოვში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ტრანსნისტრიის აფეთქებებით კრემლის მიზანი შესაძლოა სწორედ მთავრობის სანდოობის შემცირება იყოს. დოდონი, რომელიც პრორუსული ოპოზიციის მთავარი ლიდერია, მოცემულ მოვლენებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს, რომ თითქოს სანდუს პარტიას მოლდოვის ომში ჩართვა სურს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *