თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა მეტად დატვირთული აღმოჩნდა ტექნოლოგიური სიახლეებით, მათ შორის საქართველოშიც: თბილისში მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის პირველი ოფიციალური ღონისძიება, Binance Meetup-ი გაიმართა, რომლის ფარგლებში კრიპტობირჟის აღმასრულებელი ხელმძღვანელები ქართული კრიპტოკომუნის წევრებს შეხვდნენ და მათ კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს. ამასთანავე, ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიახლეები დაფიქსირდა აშშ-სა და ინდონეზიაში: პირველში „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ დაამტკიცეს, მეორეში კი – PayPal-ი, Steam-ი, Epic Games-ი და Yahoo! აკრძალეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
საქართველოში Binance-ის პირველი ოფიციალური ღონისძიება, Binance Meetup-ი გაიმართა
გასულ კვირას, თბილისში, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის მიერ ორგანიზებული პირველი ოფიციალური ღონისძიება, Binance Meet-up-ი გაიმართა, რომლის ფარგლებში კრიპტობირჟის აღმასრულებელი ხელმძღვანელები ქართული კრიპტოკომუნის წევრებს შეხვდნენ და მათ კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრისთვის საქართველოში Binance-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში, ვლადიმირ სმერკისი ჩამოვიდა, რომელთანაც ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხე.
თავისთავად ცხადია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც Forbes Georgia-ს საქმიან მკითხველს განსაკუთრებით აინტერესებს, Binance-ის მიერ საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნაა. შეკითხვაზე, თუ რას გეგმავს Binance-ი საქართველოში იმის ფონზე, როცა ქვეყნის ხელისუფლება დიდ კრიპტობირჟასთან, FTX-თან და ერთ-ერთ წამყვან კრიპტოკომპანიასთან, Ripple Labs-თან მოლაპარაკებებს მართავს, ვლადიმირ სმერკისმა მიპასუხა, რომ Binance-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება.
„რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ჩვენმა გუნდმა იცის, სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ამ ეტაპზე, [საქართველოს] ხელისუფლება ამ ჩარჩოს გამართული სახით ჩამოყალიბებაზე მუშაობს. რეგულაციებს ამჟამად ევროპული სახელმწიფოებიც აწესებენ და მჯერა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ევროპული სახელმწიფოების მაგალითებს იმეორებს და ევროპულადაც იქცევა. ესპანეთში, საფრანგეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ახლა საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობენ და როგორც კი ის ჩამოყალიბდება ისე, რომ ჩვენ ლიცენზიის აღებას შევძლებთ – მას აუცილებლად ავიღებთ. ჩვენი სტრატეგიაა, რომ სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისი ბირჟა ვიყოთ“, – განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ვლადიმირ სმერკისმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული ოფისის გახსნის გარდა, Binance-ი საქართველოში სხვა მიმართულებებითაც გეგმავს გააქტიურებას. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ვლადიმირ სმერკისმა დააანონსა, საქართველოში ონლაინგადახდების პლატფორმის, Binance Pay-ისა და კრიპტობარათის, Binance Card-ის გაშვებას ეხება.
„საქართველოში Binance Pay-ისა და Binance Card-ის სერვისების გაშვება გვინდა, როგორც კი რეგულაცია ამის საშუალებას მოგვცემს. ამჟამად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ ბანკებთან, რათა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სერვისების გაშვება მაშინვე, როცა რეგულაცია ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სმერკისმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.
ისე კი, Binance-ის წარმომადგენლების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან კრიპტოვალუტების და ზოგადად კრიპტოტექნოლოგიების გამოყენებით და დანერგვით საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა – იმდენად, რომ Binance-ის რეგიონული დირექტორი, ვლადიმირ სმერკისი საქართველოს კრიპტობირჟის ერთ-ერთი ყველაზე ნათელ წერტილად მიიჩნევს.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია. თბილისის ქუჩებში რომ დადიხარ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიპტომ ფეხი აქ დიდი ხნის წინ მოიკიდა, რადგან ქუჩაში კრიპტოვალუტების გასაცვლელი პუნქტები გხვდება. ამასთანავე, ჩემი აზრით, ქართველი მარეგულირებლები კრიპტოს რეგულაციას თანამედროვედ უდგებიან, რის გამოც გვჯერა, რომ საქართველო არის და კიდევ უფრო საინტერესო ბაზარი გახდება Binance-სა და სხვა კრიპტოკომპანიებისთვის“, – განაცხადა სმერკისმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პლანეტის უდიდეს კრიპტობირჟას, Binance-ს 120 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში, რომელთაგან 80-ში, ჩინური კრიპტობირჟა ბაზრის წილით პირველ ადგილს იკავებს. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც, სადაც Binance-ი ბაზრის წამყვანი მოთამაშეა.
„მსოფლიოში დაახლოებით 120 მილიონი მომხმარებელი გვყავს. ისე კი, ჩვენს წამყვან 100 სახელმწიფოს შორის 80-ში, ბაზრის წილით პირველ ადგილს ვიკავებთ, მათ შორის საქართველოში. რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია კრიპტოტექნოლოგიის ათვისების მიმართულებით, რაც მარეგულირებლებისა და ხელისუფლების მხრიდან არსებული თანამედროვე მიდგომისა და დიდი კომუნის [დამსახურებაა]“, – განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა, ვლადიმირ სმერკისმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Binance-ის აღმასრულებლები საქართველოთი ძალიან დაინტერესებულნი არიან, რაც, უმეტესწილად, ჩვენს ქვეყანაში არსებული არცთუ ისე მკაცრი რეგულაციებითა და საკმაოდ ძლიერი კრიპტოკომუნით აიხსენება. ამგვარად, Binance-ის წარმომადგენლების პირველი ვიზიტი – მხოლოდ დასაწყისია.
OneWeb-ი და Eutelsat-ი გაერთიანდნენ – Starlink-სა და Kuiper-ს ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროპის ორი უდიდესი სატელიტური კომპანია, OneWeb-ი და Eutelsat-ი გაერთიანდნენ, რათა ისეთი კომპანია შეექმნათ, რომელიც სატელიტური ინტერნეტის ინდუსტრიის ორ წამყვან კომპანიასთან, SpaceX-ის Starlink-თან და Amazon-ის Kuiper-თან კონკურირებას შეძლებდა. აღნიშნული შერწყმის შედეგად შექმნილი ახალი კომპანია დედამიწის დაბალ ორბიტაზე გეოსტაციონარული სატელიტების განთავსებას განარძობს, რაც მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით გამოიხატება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი ევროპული კომპანიის შერწყმა საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ნაკლებსავარაუდოა, რომ თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად გაეწიათ კონკურენცია Starlink-ისა და Kuiper-სთვის – თუმცა დღეს ეს უკვე შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ Eutelsat-ი ფრანგული კომპანიაა, რომელსაც დედამიწის ორბიტაზე, ეკვატორის გარშემო, ოცდათექვსმეტი გეოსტაციონარული სატელიტი აქვს განთავსებული. OneWeb-ს კი დედამიწის ორბიტაზე 428 სატელიტი აქვს განთავსებული – კომპანიამ სატელიტების განთავსება 2019 წელს დაიწყო და ამ დროში კონტრაქტების გაფორმება რიგ სახელმწიფოებთან და ტელესაკომუნიკაციო გიგანტთან, AT&T-სთან მოახერხა.
„ჩვენი ორი ბიზნესის შერწყმითა და LEO-ტიპის და GEO-ტიპის სატელიტების გააერთიანებით საშუალება გვექნება, რომ გლობალური ბაზრის ლიდერად ვიქცეთ, ინტერნეტკავშირის მიმართულებით საგრძნობლად გავიზარდოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათ მრავალ საჭიროებაზე გათვლილი გადაწყვეტები შევთავაზოთ“, – ვკითხულობთ Eutelsat-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. „ეს თანამშრომლობა OneWeb-ის კომერციალიზაციის პროცესს დააჩქარებს და Eutelsat-ის ზრდის პერპექტივას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სატელიტური ინტერნეტის ბაზარზე, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა – მათ შორის ორი, Starlink-ი და Kuiper-ი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. Kuiper-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Amazon-ის პროექტია, რომლის ფარგლებში, ხუთი წლის განმავლობაში, დედამიწის დაბალ ორბიტაზე 3236 სატელიტის განთავსებაა დაგეგმილი – საინტერესოა, რომ დღეს Kuiper-ის არც ერთი სატელიტი ორბიტაზე ჯერ კიდევ არ არის განთავსებული. განსხვავებული მდგომარეობაა ილონ მასკის SpaceX-თან მიმართებით – კომპანიის სატელიტური ინტერნეტის პროვაიდერმა, Starlink-მა დედამიწის ორბიტაზე ათასობით სატელიტი უკვე განათავსა და 250 ათასზე მეტი გამომწერიც მოიზიდა.
აღსანიშნავია, რომ OneWeb-ისა და Eutelsat-ის შერწყმის შედეგად, OneWeb-ის აქციონერები ფრანგული კომპანიის 50%-იან წილს მიიღებენ – გარიგების დახურვა 2023 წლის პირველ ნახევარში არის მოსალოდნელი.
თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად Apple-მა Lamborghini-ის ყოფილი აღმასრულებელი გადმოიბირა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის შესაქმნელად ლეგენდარული იტალიური ავტომწარმოებლის, Lamborghini-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი, ლუიჯი ტარაბორელი გადმოიბირა, – სიახლის შესახებ Bloomberg-ის სანდო ანალიტიკოსი, მარკ გარმენი წერს. ცნობისთვის გეტყვით, რომ უკვე ოცი წელია, რაც ტარაბორელი Lamborghini-ში მუშაობს, სადაც, ყველაზე ბოლოს, სავალი ნაწილისა და საავტომობილო დინამიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
როგორც ჩანს, თვითმართვადი ელექტრომობილების გასაიდუმლოებულ პროექტზე, რომელიც, ბოლო წლებში, არაერთგზის აღმოჩნდა ჩაშლის პირას, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მთელი ძალით მუშაობს. მარკ გარმენის ინფორმაციით, ლუიჯი ტარაბორელი ერთ-ერთ უმთავრეს თანამდებობას დაიკავებს Apple-ის ელექტრომობილების განყოფილებაში. ამასთანავე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძვირად ღირებული და სწრაფი სპორტული მანქანების შექმნის სპეციფიკური გამოცილების მქონე ტორაბორელის კომპანიაში მოყვანით, Apple-მა საკუთარი მანქანების განვითარების გზა და საბაზრო ნიში უკვე შეარჩია.
საკუთარი იტალიური კარიერის განმავლობაში, ტარაბორელიმ Lamborghini-ის ისეთ მოდელებზე იმუშავა, როგორიცაა Urus-ი, Huracan-ი, Aventador-ი, Huracan Sterrato და Asterion-ის კონცეპტუალური ავტომობილი. ლუიჯი ტარაბორელის Linkedin-ის გვერდის თანახმად, წლების განმავლობაში ის Lamborghini-ს სავალი ნაწილის, მანევრულობის, საკიდრის განვითარების, მართვისა და სამუხრუჭო სისტემის მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ლუიჯი ტარაბორელი პირველი ინჟინერი არ არის, რომელიც Apple-მა მისი პოტენციური კონკურენტი კომპანიებისგან გადმოიბირა. ამა წლის მაისის დასაწყისში, მაგალითად, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტში ლეგენდარული ამერიკეული ავტომწარმოებლის, Ford-ის 31-წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერი, დესი უჟკაშევიჩი გადმობარგდა. გასულ წელს კი Apple-მა BMW-ს ელექტრომობილების ბიზნესის ყოფილი ხელმძღვანელი, ულრიხ კრანცი გადმოიბირა. მანამდე კი Apple-ში მუშაობა დაიწყო Tesla-ს თვითმართვადი საავტომობილო სისტემის ხელმძღვანელმა, სტიუარტ ბაუერსმა.
თუმცა დიდი ავტომწარმოებლებიდან ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს მხოლოდ აღმასრულებლები როდი გადმოჰყავს – Apple-ში Tesla-ს, Rivian-ის, Waymo-ს, Volvo-სა და Mercedes-Benz-ის ასობით ინჟინერი მუშაობს. რაც შეეხება Apple-ის ელექტრომობილების დიზაინზე მომუშავე გუნდს, ის უმეტესწილად Tesla-ს, McLaren-ის, Porsche-სა და Aston Martin-ის ყოფილი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.
შეგახსენებთ, რომ პირველი თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას Apple-ი 2025 წლისთვის გეგმავს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის მანქანა, რომელზეც ტექნოლოგიური გიგანტი მუშაობს, სრულიად რევოლუციური იქნება – მოსალოდნელია, რომ ავტომობილს არც საჭე ექნება და არც პედალები, ხოლო მგზავრებს მასში ისე შეეძლებათ ჩასხდომა, როგორც ლიმუზინში, ანუ სახით ერთმანეთისკენ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი სრულად თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარებას სამ წელიწადზე გაცილებით უფრო მეტი დრო სჭირდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ დღეს Apple-ის თვითმართვადი ავტომობილის პროექტს Apple Watch-ისა და ჯანმრთელობის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებების ხელმძღვანელი, კევინ ლინჩი და Apple-ის მანქანური დასწავლის მიმართულების ხელმძღვანელი, ჯონ ჯანანდრეა ხელმძღვანელობენ. საინტერესოა, რომ ელექტრომანქანაზე Apple-ში სულ მცირე 2014 წლიდან მუშაობენ და მთელი ამ დროის განმავლობაში, პროექტი არაერთგზის აღმოჩნდა ჩაშლის პირას.
ინდონეზიაში PayPal-ი, Steam-ი, Epic Games-ი და Yahoo! აიკრძალა – მიზეზი ახალი კანონპროექტია
მას მერე, რაც რიგმა კომპანიებმა ინდონეზიის კონტენტის მოდერაციასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის აღსრულება ვერ მოახერხეს, ინდონეზიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ონლაინსერვისი, მათ შორის Steam-ი, Epic Games-ი, Yahoo! და PayPal-ი აკრძალა, – სიახლის შესახებ პირველად Reuters-მა დაწერა.
ინდონეზიაში ცოტა ხნის წინ მიღებული „პირადი ელექტრონული სისტემების პროვაიდერების შესახებ კანონის“ თანახმად, კომპანიები, რომლებიც ინდონეზიის ტერიტორიაზე ოპერირებენ, სახელმწიფო მონაცემთა ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სერვისები ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება – ახალი კანონის მიერ წამოყენებულ პირობებთან შესაბამისობაში მოსასვლელად, კომპანიებს ვადა 27 ივლისამდე ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კანონი იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია, რომელსაც MR5 ჰქვია და რომელიც ინდონეზიაში ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღეს. Reuters-ის ინფორმაციით, ეს კანონები ინდონეზიის ხელისუფლებას იმ კონტენტის წაშლის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც, მათი თქმით, საჯარო სიმშვიდეს არღვევს. მეტიც, კომპანიების ინფორმაციის სახელმწიფო ბაზაში განთავსება სახელმწიფოს კონკრეტული მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს, რაც ამ კანონის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არაერთ შეკითხვას აჩენს.
ინდონეზიაში არსებული კანონმდებლობა იმდენად შემაშფოთებელია, რომ მის წინააღმდეგ ციფრული უფლებების დამცველი ორგანიზაცია, Electronic Frontier Foundation-ი უკვე წლებია, რაც იბრძვის. ორგანიზაციის შარშანდელ რაპორტში, ინდონეზიაში არსებული კანონმდებლობა ადამიანის ფუნდამენტური ურთიერთობების შემლახავადაც კი დასახელდა.
ზემოხსენებული კომპანიების სერვისების აკრძალვის შემდეგ, მომხმარებლებს ონლაინტრანზაქციების გატარებისა და კონკრეტული ვიდეოთამაშების, მათ შორის Dota 2-სა და Counter-Strike-ის ჩართვის საშუალება აღარ ჰქონდათ. საინტერესოა, რომ შეზღუდვა არ შეეხოთ იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებმაც ინდონეზიის მოთხოვნა ორიოდ კვირის წინ დააკმაყოფილეს – მათ შორისაა: Apple-ი, Microsoft-ი, Google-ი, Amazon-ი, TikTok-ი, Twitter-ი, Netflix-ი და Spotify-ი.
TikTok Music – ჩინური გიგანტი მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შექმნას იწყებს
როგორც ჩანს, სოციალური ქსელების ბაზარზე ძალზე წარმატებული სტარტის შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, TikTok-ი მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზეც აპირებს შესვლას, – ამის შესახებ პირველად გამოცემა Business Insider-მა დაწერა.
ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და საავტორო უფლებების ოფისში შესული განცხადებით ირკვევა, რომ ჩინურ გიგანტს სიტყვათა შეთანხმების – TikTok Music-ის დაპატენტება სურს. დოკუმენტიდან ისიც ირკვევა, რომ შესაძლოა, ეს ტერმინი გამოყენებულ იქნას სმარტფონის აპლიკაციისთვის, რომლითაც მომხმარებლებს მუსიკალური ნაწარმოებების ყიდვის, მოსმენისა და გაზიარების საშუალება ექნებათ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინური გიგანტის მხრიდან მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზე შესვლა უცნაური და მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ახალი მუსიკის აღმოსაჩენად და საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების გასაპიარებლად, TikTok-ს უამრავი ადამიანი ისედაც იყენებდა. ამ კუთხით TikTok-ი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის განმავლობაში აპლიკაციაში სხვადასხვა დროს ტრენდული 175 სიმღერა – Billboard 100-ის რეიტინგში მოხვდა. ამასთანავე, არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ის სიმღერები, რომლებიც TikTok-ზე განსაკუთრებულ პოპულარობას აღწევენ, როგორც წესი, YouTube-სა და Spotify-ზეც უფრო მეტ ნახვასა და მოსმენას აგროვებენ.
თუმცა, მუსიკალური სერვისების ამგვარი პოპულარობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, TikTok-ს არა აქვს საკუთარი სტრიმინგ-სერვისი, რომლითაც მუსიკალური კონტენტის პირდაპირ მონეტიზაციას შეძლებდა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ სერვისს ფლობს TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი, რომლის მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი, სახელწოდებით Resso ინდოეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში არის ხელმისაწვდომი.
ავტორიტეტული ბიზნესგამოცემის, TechCrunch-ის ინფორმაციით, ByteDance-ი ამ მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის მასშტაბირებას და მის სხვა ქვეყნებში გატანეს გეგმავს და მაისის დასაწყისში დარეგისტრირებული სახელწოდება „TikTok Music-ი“ სწორედ ამისთვისაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ თუკი TikTok-ის მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი დასავლური ქვეყნების ბაზრებზე მართლაც გამოჩნდა, TikTok-თან არსებული კავშირისა და სოციალური ქსელების ეფექტის გათვალისწინებით, Spotify-ს, Apple Music-ს, Dezeen-სა და სხვა მუსიკალური სტრიმინგის გიგანტებს, სულ მცირე, დამატებითი თავის ტკივილი გაუჩნდებათ. დღეს, Resso, საკუთარი ინტერფეისითა და ფუნქციონალით TikTok-ს ძალიან წააგავს – მუსიკალურ აპლიკაციაში, ისევე როგორც მის მოძმე სოციალურ ქსელში, ელემენტების ზემოთ-ქვემოთ ჩასქროლვა არის შესაძლებელი.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ Resso საკმაოდ წარმატებული აპლიკაციაა. ამერიკული ანალიტიკური კომპანიის, SensorTower-ის დათვლებით, ამა წლის იანვარსა და მაისს შორის პერიოდში, App Store-დან და Google Play-დან Resso 42.3 მილინჯერ ჩამოტვირთეს, რაც 19%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, Resso 184 მილიონჯერ არის გადმოწერილი.
საინტერესოა, რომ განაცხადში, რომელიც ByteDance-მა აშშ-ის პატენტებისა და საავტორო უფლებების ოფისს გაუგზავნა, TikTok Music-ის არაერთი პოტენციური გამოყენებაა ჩამოთვლილი. ერთ-ერთი განმარტებით, TikTok Music-ი ისეთ აპლიკაციას გულისხმობს, რომელიც მომხმარებლებს აუდიოს და ვიდეოს სტრიმინგის, ალბომების გარეკანების ატვირთვისა და ჩანაცვლების და კომენტარების დატოვების საშუალებას მისცემს. კიდევ ერთი პოტენციური ფუნქციონალის თანახმად, აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება გართობის, მოდის, სპორტისა და მიმდინარე ამბების აუდიოს და ვიდეოს ფორმატში გასავრცელებლად. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TikTok Music-ის მესვეურები პოდკასტებითაც არიან დაინტერესებულნი.
საინტერესოა, რომ TikTok-ის მიერ მუსიკალური სტრიმინგის ინდუსტრიაში შესვლა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან რამდენიმე თვის წინ TikTok-მა მუსიკალური მარკეტინგისა და დისტრიბუციის პლატფორმა, SoundOn-ი შეიძინა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პლატფორმა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მუსიკალური ნაწარმოებები პირდაპირ TikTok-სა და Resso-ში ატვირთონ – ცხადია, ეს სერვისი მუსიკალური სტრიმინგის წამყვან პლატფორმებს ეხება. ამგვარად, TikTok-ი გადაიქცა ისეთ მოთამაშედ, რომელიც წარმოდგენილია როგორც მსმენელების, ასევე არტისტების მხარეს.
აღსანიშნავია, რომ თავისთავად TikTok-ი რევოლუციური პლატფორმაა, რომელმაც სოციალური ქსელების ბაზარზე გამოჩენის შემდეგ დამკვიდრებული თამაშის წესები საგრძნობლად შეცვალა და Facebook-სა და Instagram-ს საკუთარი ბიზნესმოდელების გადახედვისკენ მოუწოდა. SensonTower-ის ინფორმაციით, დღეს TikTok-ს გლობალურად სამი მილიარდი გადმოწერა დაუგროვდა.
აშშ-ის სენატმა „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ორპარტიული გადაწყვეტილებით დაამტკიცა
გასულ კვირას მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა სამართლებრივი კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სენატმა „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ორპარტიული გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომლითაც მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების შიდა წარმოების გაძლიერებისთვის ათობით მილიარდი დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე საკანონმდებლო აქტი ამერიკის შეერთებული შტატის კონგრესს გადაეგზავნება, ხოლო დასტურის შემთხვევაში – პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელიც დოკუმენტს ხელს აგვისტოს დასაწყისში მოაწერს.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მიკროჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიებისთვის $52 მილიარდზე დიდი თანხის გამოყოფას და საგადასახადო შეღავათების შემოღებას გულისხმობს. ამასთანავე, საკანონმდებლო ინიციატივა ზოგადად ინოვაციის წახალისებასაც გულისხმობს.
თუმცა უშუალო ფინანსური შედეგების გარდა, „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ იმითაც არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძველი დიდების დაბრუნებას ისახავს მიზნად. აშშ-ის დამოკიდებულება საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნახევარგამტარებისადმი „უბრალოდ სახიფათოა, ხოლო ჩიპების მიწოდებაში არსებული შეფერხება – კატასტროფის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას. „რაც უფრო დიდხანს დაველოდებით, მით უფრო სახიფათო იქნება შეფერხება“.
საინტერესოა, რომ მიკროჩიპების დეფიციტს და მის საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა: „ნახევარგამტარი ამერიკამ გამოიგონა და დროა, ის სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ბაიდენმა, რომელიც დეფიციტს მზარდ ინფლაციასთან აკავშირებს. ჯო ბაიდენის თქმით, „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ისტორიული საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც შეამცირებს ხარჯებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს.