გასული კვირა მეტად დატვირთული აღმოჩნდა ელექტრომობილებთან დაკავშირებული კომპანიების სიახლეებით – Ford-მა, მაგალითად, მიჩიგანში ელექტრობატარეების ქარხნის აშენების შესახებ განაცხადა, ხოლო Rivian-მა ელექტოველოსიპედების ბაზარზე შესვლა დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Ford-ი მიჩიგანში ელექტრობატარეების ქარხანას ააშენებს – ინვესტიცია $3.5 მილიარდია
ელექტრობატარეების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთან, ჩინურ CATL-თან პარტნიორობით, ლეგენდარული ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford-ი შტატ მიჩიგანის ქალაქ მარშალში ელექტრობატარეების ქარხანას ააშენებს, რისთვისაც, ინვესტიციის სახით, $3.5 მილიარდს გამოყოფს. – ამის შესახებ Automotive News-ი წერს. კომპანიებს შორის პარტნიორობა უცნაური და მოულოდნელი არ არის, რადგან სწორედ ჩინური გიგანტი ქმნის ბატარეებს, რომლებიც Ford Mustang Mach-E-ში გამოიყენება.
აღნიშნული პროექტი, რომელიც, Ford-ის თქმით, ელექტრომობილების წარმოების სწრაფ გაფართოებას და მათ სწრაფ ათვისებას შეუწყობს ხელს, მეტად დამოკიდებულია შტატ მიჩიგანის მიერ შექმნილ საინვესტიციო გარემოზე – შტატში ქარხნის ასაშენებლად და 2500 სამუშაო ადგილის შესაქმნელად, შტატის ხელისუფლება კომპანიას $1 მილიარდს გადაუხდის. გარდა ამისა, Ford-ის მიერ ახალი ქარხნის გახსნა თანხვდენილია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკასთან, რომლის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ელექტრომობილებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნიან, თითოეულ ავტომობილზე $7,500-ის მოცულობის საგადასახადო შეღავათს მიიღებენ.
თუმცა, საგადასახადო შეღავათების მხრივ, მეტად საყურადღებოა ჩინური CATL-ის ჩართულობა, რადგან, ბაიდენის დადგენილების მიხედვით, უცხო ქვეყნების სუბიექტებს სუბსიდიებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ Ford-ი ქარხნის 100%-იანი წილის მფლობელი გახდება, ხოლო CATL-ი მის ყოველდღიურ მართვას და ტექნოლოგიას ჩაიბარებს. სწორედ ჩინეთთან კავშირი გახდა მიზეზი იმისა, რომ გასულ თვეს Ford-ის ქარხნის გახსნაზე უარი განაცხადა შტატ ვირჯინიის გუბერნატორმა, გლენ იანგკინმა.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული ქარხანა ერთადერთი არ არის, რომელიც Ford-მა ბოლო დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ააშენა – ჯამში, ტენესისა და კენტუკიში ქარხნების ასაშენებლად, Ford-მა, დღემდე, $11.4 მილიარდი დახარჯა. ყველაფერი ეს Ford-ის მიერ დაანონსებულ გეგმას უკავშირდება, რომლის თანახმად, 2026 წლის ბოლოსთვის Ford-ს წელიწადში ორი მილიონი ელექტრომობილის გამოშვება სურს.
Rivian-ი ელექტროველოსიპედის გამოშვებას გეგმავს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Rivian-ი ელექტროველოსიპედის გამოშვებას გეგმავს, – ამის შესახებ პირველად Bloomberg-მა დაწერა, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, არ-ჯეი სკარინჯის მიერ ჩატარებულ შიდა შეხვედრას ეყრდნობა. თუმცა ჯერაც უცნობია, სკარინჯი ელექტროველოსიპედს გულისხმობდა თუ ელექტრომოტოციკლს, მაგრამ საერთოდ, მისგან ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან მიკრომობილობის სექტორში შესვლის შესახებ Rivian-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს ამ დრომდეც არაერთგზის უსაუბრია.
ისე კი, მიკრომობილობის ბაზარზე შესვლა მეტად პრაგმატული გადაწყვეტილებაა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2021 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტი ელექტროველოსიპედი გაიყიდა, ვიდრე ელექტრომობილი და პლაგ-ინ ჰიბრიდის ტიპის ავტომობილი. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც, სადაც ელექტროველოსიპედები, ახლო მომავალში, გაყიდვებით, ზოგადად ავტომობილებს გადაუსწრებს.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი: გასულ კვირას Rivian-მა საკუთარი სამუშაო ძალის 6% გაათავისუფლა, რაც წლის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა. პარალელურად ამისა, Rivian-ს ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს, რასაც, ნაწილობრივ, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები და ელექტრომობილების საფასო ომი განაპირობებს. ამ ყველაფრის ფონზე, კომპანიები მიკრომობილობაში მეტად ინაცვლებენ – ელექტროველოსიპედები Porsche-მ, Mercedes-მა, Jeep-მა, GM-მა და Hummer-მა გამოუშვეს.
ყველაზე გაყიდვადი კონსოლების რეიტინგში Nintendo Switch-მა მესამე ადგილზე გადაინაცვლა
გასულ კვირას გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საინტერესო სიახლე მოხდა – ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კონსოლების რეიტინგში Nintendo Switch-მა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც იაპონური გიგანტის უახლეს ფინანსურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2022 წლის ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, Nintendo-მ თავისი ფლაგმანი კონსოლის სამი სხვადასხვა მოდელის – Switch-ის, Switch OLED-ისა და Switch Lite-ის 8.2 მილიონი ერთეული კონსოლი გაყიდა, რითაც ჯამური გაყიდვების მაჩვენებელმა 122.55 მილიონს გადააჭარბა.
მესამე ადგილის დაკავებით, Nintendo Switch-მა Nintendo Game Boy-სა და Sony PlayStation 4-ს გადაუსწრო. დღემდე, ჯამურად, მსოფლიოში, Game Boy-ისა და Game Boy Color-ის 118.69 მილიონი ერთეული კონსოლი არის გაყიდული – PS4-ის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 117.2 მილიონს უდრის. თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებისა, იაპონური გიგანტის ყველაზე პოპულარული კონსოლის გაყიდვების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. პარალელურად ამისა, Pokémon Scarlet-ისა და Pokémon Violet-ის დიდი პოპულარობის მიუხედავად, Nintendo Switch-ის ვიდეოთამაშების გაყიდვების მაჩვენებელმაც იკლო – საუბარია 4%-იან კლებაზე.
ნაკლებად სახარბიელო კვარტალური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ფონზე, იაპონურმა გიგანტმა წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი შედეგები შეამცირა როგორც მოწყობილობების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთანავე, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბოლო დროს მსოფლიოში დამკვიდრებული ტრენდის საწინააღმდეგოდ, Nintendo იაპონიაში ბაზირებული თანამშრომლების ხელფასებს 10%-ით გაზრდის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას Nintendo-ს პრეზიდენტი, შუნტარო ფურუკავა გართულებულ შრომის ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაძლიერებით ხსნის.
ისე კი, Nintendo Switch-მა ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი კონსოლის ტიტული რომ მოიპოვოს, რეალურად ნაკლებსავარაუდოა, მით უფრო, რომ ამ კონსოლის პოპულარობა წლიდან წლამდე იკლებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, Nintendo სამეულში მყარად დგას, რადგან მეორე ადგილი სწორედ Nintendo DS-ს უკავია, 154 მილიონი ერთეულით. თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს რიცხვი Nintendo 3DS-ის 75.9 მილიონ ერთეულს არ მოიცავს. პირველ ადგილს კი, ცხადია, Sony PlayStation 2 იკავებს – ამ კონსოლის გაყიდვების მაჩვენებელმა, დღემდე, 155 მილიონს გადააჭარბა.
Meta-მ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები აღადგინა
ორწლიანი პაუზის შემდეგ, Meta-მ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები აღადგინა, მაგრამ გარკვეული პირობებით – კომპანიის თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტს დამატებით ბარიერებს შეუქმნის, რათა მან იმ ქმედებების გამეორება ვერ შეძლოს, რისთვისაც პლატფორმაზე წვდომა შეეზღუდა.
შეგახსენებთ, რომ Meta-მ, ისევე როგორც Twitter-მა, დონალდ ტრამპის ანგარიში მას შემდეგ დაბლოკა, რაც ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმზე მოიერიშე ადამიანებს მხარი დაუჭირა. თავდაპირველად, დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათით დაიბლოკა, მაგრამ მოგვიანებით – ორი წლით, რის მერეც კომპანია გადაწყვეტილების გადახედვას დათანხმდა.
ამ დრომდე, დონალდ ტრამპს, რომელიც პრეზიდენტობისთვის წელს კიდევ ერთხელ იბრძოლებს, Instagram-სა და Facebook-ზე არაფერი დაუწერია, რაც ნაწილობრივ მის სოციალურ ქსელთან, Truth Social-თან არსებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის თანახმად, ნებისმიერი პოსტი ტრამპმა, პირველ რიგში, სწორედ ამ პლატფორმაზე უნდა გამოაქვეყნოს. მსგავსი მდგომარეობაა Twitter-თან მიმართებითაც, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში ჯერ კიდევ გასულ წელს აღადგინა – ამ დრომდე ტრამპს არც იქ დაუწერია რამე, არადა, თავის დროზე, Twitter-ი მის საყვარელ პლატფორმად მიიჩნეოდა და პრეზიდენტად ის, დიდწილად, სწორედ ამ სოციალური ქსელის გავლენით აირჩიეს.
სამდღიანი აკრძალვის შემდეგ პაკისტანში Wikipedia აღადგინეს
გასულ კვირას ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ამბავი დატრიალდა პაკისტანში, სადაც ხუთი დღის ჭრილში, მოქალაქეებს მსოფლიოს უდიდეს ონლაინენციკლოპედიაზე, Wikipedia-ზე წვდომა ჯერ ნაწილობრივ შეუზღუდეს, ხოლო მერე საერთოდ აკრძალეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის, შებაზ შარიფის განკარგულების საფუძველზე აღადგინეს.
ყველაფერი ჯერ კიდევ 4 თებერვალს დაიწყო, როცა პაკისტანის სატელეკომუნიკაციო სააგენტომ Wikipedia იმის გამო აკრძალა, რომ პლატფორმამ არ წაშალა გარკვეული კონტენტი, რომელიც, მათი შეფასებით, მკრეხელური იყო – კონკრეტულად რა კონტენტის ამოღება მოითხოვა სააგენტომ, ჯერაც უცნობია. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ კონკრეტული კონტენტის ბუნება მეორეხარისხოვანია, რადგან ყველაფერი ეს, პაკისტანის ხელისუფლების მიერ ინტერნეტკომპანიებთან ფართო ბრძოლის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პაკისტანის მარეგულირებელმა ორგანომ დროებით აკრძალა TikTok-იც – პლატფორმა, რომელზეც, სააგენტოს შეფასებით, ამორალური და უხამსი კონტენტი იყო განთავსებული. თავისთავად ეს, ცხადია, უკავშირდება პაკისტანში არსებულ მეტად რადიკალურ მმართველობას, რომელიც მკრეხელობას დაპატიმრებით და ზოგჯერ სასიკვდილო განაჩენითაც ებრძვის.
თავის დროზე, ქვეყანაში საკუთარი სერვისების აკრძალვას გამოეხმაურა ონლაინენციკლოპედიის მფლობელი ფონდიც, რომლის თქმით, ამგვარი აკრძალვით, მსოფლიოს რიგით მეხუთე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგება. „ინგლისურენოვანი Wikipedia და ჩვენი სხვა პროექტები, პაკისტანში, ყოველთვიურად, ორმოცდაათ მილიონზე მეტ ნახვას აგროვებს – ამასთანავე, პოპულარულია ურდული და რუსული Wikipedia-ებიც. გარდა ამისა, პაკისტანში რედაქტორების დიდი კომუნა გვყავს, რომლებიც ისტორიულ და საგანმანათლებლო კონტენტს ქმნიან. პაკისტანში Wikipedia-ს აკრძალვით, მსოფლიოს რიგით მეხუთე ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას უფასო ინფორმაციის მსოფლიოს უდიდეს ბაზასთან წვდომა აღარ ექნება. თუ ეს გაგრძელდა, პაკისტანში მცხოვრებ ადამიანებს აღარ ექნებათ წვდომა ცოდნასთან, ისტორიასა და კულტურასთან“, – ვკითხულობთ Wikipedia Foundation-ის განცხადებაში.
როგორც უკვე გითხარით, ქვეყანაში ონლაინენციკლოპედიის აკრძალვამ სულ რაღაც სამი დღე გასტანა – ამის მიზეზად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შებაზ შარიფი უნდა მივიჩნიოთ, რომლის შეფასებით, კონკრეტულ რელიგიურ კონტენტზე მოქალაქეთა წვდომის შესამცირებლად აკრძალვა არაშესაფერისი გამოსავალია, რომელსაც უამრავი მოულოდნელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, პაკისტანში Wikipedia-ს წინააღმდეგ ბრძოლა მაინც გრძელდება – პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობის შესაბამის წევრებს დაევალათ, იპოვონ გამოსავალი, თუ რა ფორმით შეიძლება იმ კონკრეტული კონტენტის წაშლა, რომელიც პაკისტანის სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგება.