DeepMind-ის ახალ სისტემას პროგრამების დაწერა საშუალო დონის დეველოპერის მსგავსად შეუძლია

DeepMind-ის ახალ სისტემას პროგრამების დაწერა საშუალო დონის დეველოპერის მსგავსად შეუძლია

Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ, DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტის სისტემა AlphaCode-ი შექმნა, რომელსაც კომპიუტერული პროგრამების დაწერა შეუძლია – სისტემის ეს უნარი იმდენად განვითარებულია, რომ ის არაფრით ჩამოუვარდება საშუალო დონის დეველოპერს. ნეირონული ქსელის დონის შესამოწმებლად DeepMind-მა მას კოდირების ის საკონკურსო დავალებები გააკეთებინა, რომელთაც ადამიანები ასრულებენ სხვადასხვა ჰაკათონზე – შედეგად, AlphaCode-ი დეველოპერების საუკეთესო 54%-ს შორის მოხვდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ AlphaCode-ის მიერ მიღწეული შედეგი არ გულისხმობს იმას, რომ მას ყველა იმ პრობლემასთან შეუძლია გამკლავება, რომლებსაც საშუალოსტატისტიკური დეველოპერი აწყდება – თუმცა, მიუხედავად ამისა, ნეირონული ქსელის მიერ მიღწეული ეს შედეგი აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

„AlphaCode-ის პოტენციალს გრძელვადიან პერსპექტივაში ვაკვირდებით – გვგონია, რომ ის პროგრამისტებსა და არაპროგრამისტებს კოდის დაწერაში დაეხმარება, რითაც პროდუქტიულობას გაზრდის და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ახლებურ გზებს დაუდებს სათავეს“, – განაცხადა DeepMind-ის უფროსმა მეცნიერმა, ორიოლ ვინიალისმა The Verge-თან საუბრისას.

AlphaCode-ის დონის გასარკვევად, მას Codeforces-ის ვებგვერდზე განთავსებული ის ათი დავალება გააკეთებინეს, რომლებიც, საერთო ჯამში, ხუთი ათასმა ადამიანმა შეასრულა. შედეგად, AlphaCode-ი საუკეთესო 54.3%-ს შორის მოხვდა, ხოლო უშუალოდ ვებგვერდმა ის 1238 ქულით შეაფასა, რითაც AlphaCode-ი, უკანასკნელ ექვს თვეში მიღებული შედეგებით, საუკეთესო 28%-ში მოხვდა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ AlphaCode-ის მიერ მიღწეულმა შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა“, – განაცხადა Codeforces-ის დამფუძნებელმა, მაიკ მირზაიანოვმა. „სკეპტიკურად განვეწყვე, რადგან მარტივი საკონკურსო დავალებები მოითხოვს, როგორც ალგორითმის გამოყენებას (და ეს ყველაზე რთული ნაწილია), ასევე მის შექმნას. AlphaCode-მა თავი ისე გამოიჩინა, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ახალმა კონკურენტმა“.

DeepMind-ის თქმით, იმ უნარების გამოყენება, რომლებიც AlphaCode-ს დღეს აქვს, მხოლოდ საკონკურსო პროგრამირების კონტექსტში შეიძლება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში ამ სფეროში უამრავი სხვა ხელსაწყო გაჩნდება, რომლებიც პროგრამირებას სრულად ავტომატიზებულს გახდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *