გასულ კვირას ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ თავი არაერთხელ შეგვახსენა: უკრაინის მთავრობამ ომის მედიაქრონიკის NFT-კოლექცია შექმნა, Yuga Labs-მა მეტავერსის შესაქმნელად $450 მილიონი მოიზიდა, ხოლო TIME-მა უკანასკნელი ნომერი ბლოკჩეინზე ატვირთა.
მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ტრადიციულ ტექნოლოგიურ სექტორებშიც: FCC-მ რუსული Kaspersky ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა, ხოლო Apple-ის ყველაზე ავტორიტეტულმა მიმომხილველმა კომპანიის გამოწერის სერვისზე გადასვლა დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
უკრაინის მთავრობა ომის მედიაქრონიკას NFT-ებად გაყიდის
უკრაინის მთავრობა, რომელმაც ბოლო დროს მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებული და პროგრესული ბიუროკრატიაა მსოფლიოში, ომის მედიაქრონიკას NFT-ებად გაყიდის და შემოსულ თანხას უკრაინის ჯარსა და მოქალაქეებს მოახმარს, – ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფიოდოროვმა Twitter-ზე დაწერა. „რუსეთს ტანკებით უკრაინის განადგურება სურს, ჩვენ კი იმედს რევოლუციურ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე ვამყარებთ“, – ვკითხულობთ ფიოდოროვის განცხადებაში.
While Russia uses tanks to destroy Ukraine, we rely on revolutionary blockchain tech. @Meta_History_UA NFT-Museum is launched. The place to keep the memory of war. And the place to celebrate the Ukrainian identity and freedom. Check here: https://t.co/IrNV0w54tg
— Mykhailo Fedorov (@FedorovMykhailo) March 25, 2022
უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილი NFT-კოლექცია, რომელსაც „Meta History: Museum of War“ ჰქვია, ომის განმავლობაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ქრონიკას აერთიანებს: კოლექციაში ვხვდებით BBC-ის ტვიტს რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეციალური საომარი მოქმედების“ დაწყებასთან დაკავშირებით, ბორის ჯონსონის მიერ NATO-ს საგანგებო სამიტის მოწვევის განცხადებას და პრეზიდენტ ზელენსკის არაერთ ტვიტს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კოლექცია 54 NFT-სგან შედგება, რომლებიც ომის პირველი სამი დღის ქრონიკას აღწერს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ომის დაწყების შემდეგ კრიპტოვალუტებითა და NFT-ებით უკრაინის მთავრობასა და ქვეყნის მოსახლეობას არაერთი ადამიანი დაეხმარა – საინტერესოა ისიც, რომ ომის პირველ სამ კვირაში, ამგვარი გზით, უკრაინის მთავრობამ $54 მილიონის დონაციები მიიღო.
ამერიკის FCC-მ Kaspersky Lab-ი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა
ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC), რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანია Kaspersky Lab-ი იმ უწყებების სიაში შეიყვანა, რომლებიც აშშ-სთვის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა უმეტესწილად ჩინური კომპანიებისგან შემდგარ სიაში რუსული კომპანია მოხვდა.
Kaspersky Lab-ისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭების შედეგად, ამერიკული ბიზნესები სიაში შემავალი კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტებსა და სერვისებისთვის ფედერალურ სუბსიდიებს ვეღარ გამოიყენებენ. საინტერესოა, რომ გასულ კვირას, Kaspersky Lab-თან ერთად, FCC-ის ამ სიას ორი ჩინური კომპანია China Mobile-ი და China Telecom-ი დაემატა.
„მოხარული ვარ, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებმა გაიზიარეს ჩემი პოზოცია China Mobile-ისა და China Telecom-ის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა FCC-ის თავმჯდომარემ, ჯესიკა როუზენვორცელმა. „ამ კომპანიებისა და Kaspersky Labs-ის [ამ სიაში] დამატებით, ჩვენს ქსელებს დავიცავთ ჩინური და რუსული სახელმწიფო უწყებებისგან, რომლებსაც ჯაშუშობა და ამერიკული ინტერესების ხელყოფა სურთ“.
აღსანიშნავია, რომ Kaspersky Labs-ი ამ სიაში შემთხვევით არ მოხვდა – არსებობს ეჭვი იმისა, რომ 2017 წელს რუსეთის დაზვერვამ Kaspersky-ის ანტივირუსის გამოყენებით ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვა. იმ დროს რუსულმა კომპანიამ ეს ბრალდება უარყო, მაგრამ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსავალი მაინც იპოვა და ფედერალურ კომპანიებს Kaspersky-ის პროდუქტების გამოყენება აუკრძალა.
არიზონელები Apple Wallet-ში მართვის მოწმობისა და ID-ბარათის დამატებას შეძლებენ
არიზონა გახდა პირველი ამერიკული შტატი, რომლის მოსახლეობა Apple Wallet-ში მართვის მოწმობისა და ID-ბარათის დამატებას შეძლებს – ამისთვის რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო. ფუნქციონალის გააქტიურების პირველ ეტაპზე, ციფრული დოკუმენტების გამოყენებას არიზონელები ფინიქსის აეროპორტში შეძლებენ. როგორც ირკვევა, ახლო მომავალში ამგვარი ფუნქციონალი სხვა შტატებში მცხოვრები ადამიანების Apple Wallet-ებშიც გააქტიურდება.
Apple-ის ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც კომპანიას სურს, რომ მისმა ციფრულმა საფულემ ფიზიკური საფულე ჩაანაცვლოს და ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გაამარტივოს. ამ დროისთვის სხვადასხვა შტატში, მართვის მოწმობისა და ID-ბარათის გარდა, Apple Wallet-ში შეიძლება როგორც Covid-19-ის აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ასევე სასტუმროების ციფრული ბარათისა და ავტომობილის გასაღების ატვირთვა.
NFT-მეტავერსის შესაქმნელად Yuga Labs-მა $450 მილიონი მოიზიდა
სამი ყველაზე წარმატებული NFT-კოლექციის მფლობელმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Yuga Labs-მა ინვესტიციის სახით $450 მილიონი მოიზიდა და ამ თანხას NFT-მეტავერსის, Otherside-ის შესაქმნელად გამოიყენებს – საინტერესოა, რომ ამ ინვესტიციამ კომპანიის ღირებულება $4 მილიარდამდე გაზარდა.
Yuga Labs-ს სურს, რომ სხვა მეტავერსებთან ურთიერთთავსებადი და სრულად დეცენტრალიზებული სამყარო შექმნას, – ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, უაილი არონოუმ განაცხადა.
Yuga Labs-ის ამ საინვესტიციო რაუნდს ვენჩურული კაპიტალის კომპანია Andreessen Horowitz-ი გაუძღვა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია web3-თან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში. ამ დრომდე Andreessen Horowitz-მა ფული დააბანდა OpenSea-ში, Dapper Labs-სა და Coinbase-ში. საინტერესოა ისიც, რომ ინვესტიციის შედეგად, Andreessen Horowitz-ის პარტნიორი, კრის ლაიონსი Yuga Labs-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეუერთდება.
„ჩემთვის Yuga Labs-ი და Web3-თან დაკავშირებული სხვა კომპანიები მნიშვნელოვანი საპირწონე ძალაა Meta-სნაირი კომპანიებისთვის“, – განაცხადა Andreessen Horowitz-ის კრიპტომიმართულების ხელმძღვანელმა, კრის დიქსონმა. „წარმოიდგინეთ დისტოპიური მომავალი, რომელშიც Meta ციფრული გამოცდილების დომინანტური მომწოდებელია, რომელიც ასევე მთელ ფულსა და ძალაუფლებას ფლობს“. აღსანიშნავია, რომ Andreessen Horowitz-ის თანადამფუძნებელი, მარკ ენდრისენი Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორია და დღეს Meta-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
აღსანიშნავია, რომ Yuga Labs-ის შესახებ გასული ორი კვირის ტექნოლოგიურ მიმოხილვებშიც დავწერეთ, როცა ცნობილი გახდა, რომ Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა ორგანიზაციამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი NFT-კოლექცია – CryptoPunks-ი და Meebits-ი შეიძინა და საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი გამოუშვა.
ჟურნალ TIME-ის უახლესი ნომერი NFT-ის სახით იყიდება
ჟურნალ TIME-ის უკანასკნელი ნომერი, რომლის გარეკანზეც კრიპტოსამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ეთერიუმის დამაარსებელი ვიტალიკ ბუტერინი მოხვდა, ბლოკჩეინზე ინტეგრირდა და NFT-ის სახით, უდიდეს NFT-პლატფორმაზე, OpenSea-ზე იყიდება. აღსანიშნავია, რომ ამ სტატიის დაწერის დროს ჟურნალის NFT-ის გაყიდვით TIME-მა 199 ეთერი, ანუ დაახლოებით $622 ათასი გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ ეს სულაც არ არის ჟურნალის პირველი ინტერაქცია NFT-ტექნოლოგიასთან: ამ დრომდე TIME-მა ითანამშრომლა როგორც კოლექცია Cool Cats-თან, ასევე პლატფორმა Superrare-თან და პოპულარულ ციფრულ არტისტთან, Beeple-თან. საერთო ჯამში, NFT-ტექნოლოგიის გამოყენებით ჟურნალმა $10 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
საინტერესოა ისიც, რომ ჟურნალი გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ web3-ზე დიდი აქცენტის გაკეთებას გეგმავს – ამისთვის ჟურნალმა Artsy-ს ვიცე-პრეზიდენტი, ვილ ბენი გადმოიბირა, რომელიც TIME-ისთვის web3-ის ხედვას შეიმუშავებს და ამ მიმართულებით დაწყებულ პროექტებს უხელმძღვანელებს.
Apple-ი iPhone-ებისა და კომპანიის სხვა პროდუქტების გამოწერის სერვისს დანერგავს
როგორც ჩანს, 2022 წლის ბოლოდან ან 2023 წლის დასაწყისიდან, Apple-ი iPhone-ებისა და კომპანიის სხვა პროდუქტების გამოწერის სერვისს დანერგავს, – ამის შესახებ Bloomberg-ის წამყვანი ტექნოლოგიური მიმომხილველი, მარკ გარმენი წერს. როგორც საკითხთან დაახლოებული ადამიანები აღნიშნავენ, გამოწერის სერვისის გააქტიურების შემდეგ Apple-ის მომხმარებლები ტექნიკის საფასურს ისევე გადაიხდიან, როგორც აპლიკაციის საფასურს იხდიან, ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკის გამოწერის სერვისის დანერგვის შემთხვევაში, Apple-ის ბიზნესმოდელი რადიკალურად შეიცვლება, რადგან ამ დრომდე iPhone-ებისა და სხვა მოწყობილობების შეძენა ერთჯერადი სრული გადახდით ან ტელესაკომუნიკაციო კომპანიებთან წინასწარ შეთანხმებული პირობებით იყო შესაძლებელი.
ისე კი, სავარაუდოა, რომ ნაწილობრივი ყოველთვიური გადახდით Apple-ი დამატებით ბაზრებზე შეძლებს გასვლას და ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ძვირად ღირებული მოწყობილობების შეძენის საშუალებას მისცემს. ცნობისთვის, ასე ფიქრობენ ინვესტორებიც, რომლებიც ამ სიახლეს ენთუზიაზმით შეხვდნენ: საფონდო ბირჟებზე Apple-ის აქციათა ფასი 2.3%-ით გაიზარდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს – გამოწერის სერვისის დანერგვა არ ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის ღირებულება 12 ან 24 თვეზე გადანაწილდება, როგორც ეს განვადების შემთხვევაში ხდება – მომხმარებლებს წინასწარ შეთანხმებული კონკრეტული თანხის გადახდა მოუწევთ, რომელიც დამოკიდებული იქნება როგორც გამოსაწერ პროდუქტზე, ასევე დამატებით სერვისებზე, როგორც ეს iCloud-ის სივრცის ან Apple Music-ის გამოწერის შემთხვევაში ხდება.
როგორც ჩანს, გამოწერის მოდელის დანერგვაზე Apple-ი უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს, მაგრამ ბოლო დროს ეს პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა, რადგან კომპანიას სურს, რომ „იყიდე ახლა – გადაიხადე მერე“-მოდელი რაც შეიძლება მალე დანერგოს. საინტერესოა ისიც, რომ გადახდის ამ მოდელის დანერგვა კომპანიას Apple Pay-ის ყველა ტრანზაქციასთან დაკავშირებით სურს.
აღსანიშნავია, რომ გამოწერის სერვისი სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც აქვთ დანერგილი: საკუთარ მოწყობილობებს ასე Peloton-ი და Google-ი ყიდიან.