გასული კვირა მეტად დატვირთული აღმოჩნდა გლობალური ტექნოლოგიური სიახლეებით. კვირის შემაჯამებელ სტატიაში კვლავაც მოხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომლის თქმით, მისი კომპანია Neuralink-ი კლინიკურ ცდებს ექვს თვეში დაიწყებს. საინტერესოა, რომ ჯანმრთელობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები ილონ მასკის კომპანიით არ ამოწურულა, რადგან Google-მა და სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელმა iCAD-მა ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო ხელსაწყოების ერთობლივად შექმნის შესახებ განაცხადეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Google-ი და სამედიცინო ტექნოლოგიის მწარმოებელი iCAD-ი ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო ხელსაწყოებს ერთობლივად შექმნიან
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Google-მა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ iCAD-ს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევითი მოდელის გამოყენების საშუალება მისცა. – ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი წერს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტიპის შეთანხმება, რომელიც Google-სთვის ისტორიაში პირველია, ძუძუს კიბოს აღმოჩენის მეტად ეფექტიანი მეთოდის შექმნას ისახავს მიზნად.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ერთობლივი ძალებით შექმნილი ტექნოლოგიის კლინიკური ცდების დაწყებას კომპანიები 2024 წელს გეგმავენ. ცხადია, ტექნოლოგიის კომერციული გამოყენება სწორედ კლინიკური ცდების შედეგებზე არის დამოკიდებული, ასე რომ, ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. „ნაბიჯებს ზედმიწევნით ზუსტად გადავდგამთ და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ შევამოწმებთ“, – განაცხადა Google-ის კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნიკოლ ლინტონმა The Verge-თან საუბრისას.
ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმართულებით Google-ს ამ დრომდეც ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ორი წლის წინ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მკვლევრებმა ჟურნალ Nature-ში სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც აღინიშნა, რომ მათ მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე რადიოლოგი დაჯაბნა – კვლევის დროს ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი 9.4%-ით, ხოლო ცრუ დადებითი მაჩვენებელი 5.7%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირია საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც რადიოლოგებისა და მათი პაციენტების დამხმარეზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალ ტექნოლოგიას მედიკოსები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან. მსგავსი შემთხვევა იყო Google-ის მიერ 2020 წელს ჩატარებულ კვლევაშიც, რომლის შესახებ ცოტა ხნის წინ მოგიყევით – იმ დროს რადიოლოგებმა სიმსივნე ისეთ პაციენტებში აღმოაჩინეს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ჯანმრთელად მიიჩნევდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიმსივნის აღმოჩენის მიმართულებით არ არსებობს ე.წ. „ოქროს სტანდარტი“, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი თამასად გამოიყენებდა.
როგორც ჩანს, ამ და სხვა რისკებს თავად Google-იც აცნობიერებს: კომპანიის თქმით, ის თანამშრომლობას გეგმავს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნულ სერვისთან (NHS) და ლონდონის იმპერიულ კოლეჯთან, რათა დაადგინოს, შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტის „მეორეული აზრის“ გამოსათქმელად, რაც რადიოლოგებს სიმსივნის მეტად რთულ შემთხვევებზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს.
უახლესი თაობის სმარტფონებს Samsung-ი 2023 წლის თებერვალში წარადგენს – მედია
გასულ კვირას კორეულ და ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, Samsung-ი უახლესი თაობის სმარტფონებს მომავალი წლის თებერვალში, თვის დასაწყისში წარმოადგენს, – ამის შესახებ კორეული Korea JoongAng Daily-ი წერს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე შინაარსის გზავნილი კიდევ ერთმა კორეულმა გამოცემამ, Chosun-მა გაავრცელა.
მოსალოდნელია, რომ უახლესი თაობის სმარტფონებს Samsung-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში დაგეგმილ Unpacked-ზე წარადგენს. ამასთანავე, ლოგიკურია ახალი მოწყობილობების გამოშვების თარიღი, რომელიც წინა წარდგენების იდენტურია – Galaxy S22 და ამავე სერიის სხვა მოდელები, მაგალითად, კორეულმა გიგანტმა მიმდინარე წლის ცხრა თებერვალს წარმოადგინა.
საინტერესოა, რომ წარდგენის თარიღის გარდა, Samsung-ის უახლესი თაობის სმარტფონებზე დამატებითი ინფორმაციაც ვრცელდება – მოსალოდნელია, რომ S-სერიის სმარტფონებში, Samsung-ი Exynos-ის წარმოების მიკროჩიპებს აღარ გამოიყენებს და პირდაპირ Qualcomm-ის წარმოების Snapdragon-ებზე გადაეწყობა. საინტერესოა, რომ მსგავს ცნობას ავრცელებს JoongAng Daily – გამოცემის თქმით, ეს ინფორმაცია Qualcomm-ის ფინანსურმა დირექტორმა, აკაშ პალხივალამ დაადასტურა. ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელებული სურათებით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეიცვლება Galaxy S23-ის და Galaxy S23 Plus-ის კამერის დიზაინი, რომლებიც სპეციალურ ჩარჩოში აღარ მოთავსდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსები Samsung-ის ფლაგმანი სმარტფონების ფასების გაძვირებასაც პროგნოზირებენ, რაც, უმეტესწილად, ინფლაციით აიხსნება.
ამიერიდან, Discord-ის სერვერების მფლობელები საკუთარი აქტივის მონეტიზაციას შეძლებენ
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა საკომუნიკაციო პლატფორმამ, ამერიკულმა Discord-მა საკუთარ მომხმარებლებს მონეტიზაციის შესაძლებლობა მისცა, – ამის შესახებ კომპანიის კრეატორული პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა, დერეკ იანგმა განაცხადა. აღნიშნული სიახლე Discord-ის სერვერებს უკავშირდება – ამიერიდან კომპანია მომხმარებლებს საწევრო და სხვა ტიპის გადასახადებისა აკრეფის შესაძლებლობას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ მონეტიზაციის ფუნქციონალით ამერიკის შეერთებულ შტატებში სარგებლობისთვის მომხმარებლებს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ: პირველი – მომხმარებელი სრულწლოვანი უნდა იყოს; მეორე – მომხმარებლის ანგარიში გამართული და უხარვეზო უნდა იყოს; მესამე – მომხმარებელს ვერიფიცირებული უნდა ჰქონდეს როგორც ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე მობილურის ნომერი; და მეოთხე – მომხმარებელს გააქტიურებული უნდა ჰქონდეს ორსაფეხურიანი ავთენტიკაცია. საინტერესოა, რომ მონეტიზაციის ფუნქციის გასააქტიურებლად, კომუნის მინიმალური ზომა განსაზღვრული არ არის.
აქვე უნდა ითქვას, რომ Discord-ის მონეტიზაციის პოლიტიკა მეტად მოქნილია მისი კონკურენტების აპლიკაციებთან შედარებით – Discord-ის მომხმარებლებს გამოწერის რამდენიმე პაკეტის დაწესება შეუძლიათ, რომელთა ფასებს ისინი თავად განსაზღვრავენ. ამასთანავე, საკმაოდ მომხიბვლელია შემოსავლის განაწილების სქემაც: Discord-ის მომხმარებლები გამომუშავებული შემოსავლის 90%-ს მიიღებენ, ხოლო პლატფორმა 10%-ს დაიტოვებს – Discord-ის ერთ-ერთი არაპირდაპირი კონკურენტის, Twitch-ის შემთხვევაში, შემოსავალი თანაბრად იყოფა.
თუმცა Discord-ის მიერ შემოთავაზებულ განაწილებას უარყოფითი მხარეც აქვს – გამომუშავებული თანხის მიღებას კრეატორები მხოლოდ კალენდარული თვის დასრულებიდან ოცდაათი დღის შემდეგ შეძლებენ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იანვარში გამომუშავებულ თანხას, მომხმარებლები მხოლოდ პირველ მარტს მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ Discord-ის ანგარიშიდან მხოლოდ $100-ზე მეტი თანხის განაღდებას შეძლებენ.
ცხადია, მონეტიზაციის ფუნქციონალი, საკუთარ თავში, გულისხმობს აკრძალვებსაც – ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონტენტზე, რომელიც ნარკოტიკებთან, აკრძალულ იარაღებთან, სექსთან და აზარტულ თამაშებთან არის დაკავშირებული.
სამხრეთ დაკოტის ხელისუფლებამ სახელმწიფო სმარტფონებზე TikTok-ის გადმოწერა აკრძალა
გასულ კვირას, სამხრეთ დაკოტის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა კრისტი ნოემმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც საჯარო სექტორის, სახელმწიფო სააგენტოებისა და მთავრობის კონტრაქტორი ორგანიზაციების თანამშრომლებს სახელმწიფო სმარტფონებზე TikTok-ის გადმოწერა და გამოყენება აეკრძალათ, – ამის შესახებ გუბერნატორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც ირკვევა, აღნიშნული აკრძალვა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება – კრისტი ნოემის აზრით, ჩინეთის ხელისუფლება TikTok-ის გამოყენებით ამერიკელი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებს, რომელსაც, თავის წილ, მათი მანიპულირებისთვის იყენებს. აღნიშნული განკარგულება, რომელიც TikTok-ის ვებგვერდზე ბრაუზერებიდან შესვლასაც კრძალავს, ძალაში უკვე შევიდა.
„სამხრეთ დაკოტა არ მიიღებს მონაწილეობას დაზვერვაში, რომელთაც ჩვენი მოძულე სახელმწიფოები აწარმოებენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში. „ინფორმაციას, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია სხვადასხვა მოწყობილობიდან, TikTok-ის გამოყენებით აგროვებს, პარტია ამერიკელი ხალხის მანიპულირებისთვის იყენებს“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩინური სოციალური ქსელის და მისი მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის მიმართ ამგვარი კრიტიკა გაჟღერდა – ჯერ კიდევ 2020 წელს, იმჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ისა და WeChat-ის აკრძალვის გადაწყვეტილებამდე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა იდეამ დღის შუქი ვერ იხილა, TikTok-ი ამერიკაში ნაწილობრივ მაინც აირძალა, თუმცა მხოლოდ ჯარში, ისიც სახელმწიფო ტელეფონებზე.
ამასთანავე, გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ერთ-ერთი წევრის, ბრენდან კარის Apple-სა და Google-ის მისამართით გაჟღერებული მოწოდება, რომლის თანახმად, მათ საკუთარი მარკეტპლეისებიდან TikTok-ი უნდა წაეშალათ. კომისიის წევრის აზრით, TikTok-ი ვიდეოების გასაზიარებელი პლატფორმა კი არ არის, არამედ ჩინეთის სახელისუფლებო თვალთვალის პლატფორმაა – ეს პათოსი სამხრეთ დაკოტის გუბერნატორის მიერ გავრცელებული შინაარსის მსგავსია.
ილონ მასკის ცნობით, Neuralink-ი კლინიკურ ცდებს ექვს თვეში დაიწყებს
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, Tesla-ს, Twitter-ისა და SpaceX-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის თქმით, მისი კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანია, Neuralink-ი ადამიანებზე კლინიკურ ცდებს ექვს თვეში დაიწყებს, – ამის შესახებ მილიარდერმა Neuralink-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის ისტორია, რომელიც ექვსი წლის წინ დაიწყო, წლების განმავლობაში მეტად უცნაურად წარიმართა: სამი წლის წინ კომპანიამ საიმპლანტაციო რობოტი წარმოადგინა, ორი წლის წინ კი მიკროჩიპების გამოცდა ღორებზე დაიწყო. მოგვიანებით კვლევების არეალი გაფართოვდა და Neuralink-მა მოწყობილობის გამოცდა მაიმუნებზე დაიწყო – ოცდასამი მაიმუნიდან თხუთმეტი, სავარაუდოდ, სწორედ კომპანიის მიერ წარმოებულმა მიკროჩიპმა იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში, მაიმუნების სიკვდილის ფაქტი დაადასტურა თავად Neuralink-მაც, მაგრამ უარყო ცხოველებზე ძალადობის კუთხით წამოყენებული ბრალდებები. „ცხოველის სხეულში ნებისმიერი მოწყობილობის განთავსებამდე ყველაფერს ვამოწმებთ – უცერემონიოდ ნამდვილად არ ვიქცევით“, – განაცხადა მასკმა გასულ კვირას გამართული შეხვედრისას.
Neuralink-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც მსგავს პროდუქტზე მუშაობს – ასეთივე მოწყობილობებს აწარმოებს ამერიკული Synchron-ი, რომელიც, შეიძლება ითქვას, მასკის კომპანიაზე მეტად წარმატებულიცაა. მიმდინარე წლის ივლისში, ნიუ-იორკის Mount Sinai-ის საავადმყოფოს ექიმებმა Synchron-ის მიერ წარმოებული მოწყობილობა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS) მქონე ადამიანს ჩაუნერგეს. აღნიშნული მოწყობილობით, პაციენტმა, რომელსაც სიარულისა და კომუნიკაციის უნარი აქვს დაქვეითებული, ფიქრების კომპიუტერულ ბრძანებებად გარდაქმნა უნდა შეძლოს, რაც მას ინტერნეტის გამოყენების და შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას მისცემს. ცნობისთვის გეტყვით, რომ აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ლიცენზია Synchron-მა ჯერ კიდევ 2021 წელს მოიპოვა – ეს ლიცენზია Neuralink-ს ჯერჯერობით არ აქვს.
ამის მიუხედავად, გასულ კვირას გამართული შეხვედრა მეტად ნაყოფიერი გამოდგა, რადგან მასკმა Neuralink-ის და მის მიერ წარმოებული მოწყობილობის რაობაზე ფართოდ ისაუბრა. „რაღაც გაგებით, ისედაც კიბორგები ვართ – სმარტფონი და კომპიუტერი ხომ ჩვენს განშტოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ“, – აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ ეს განშტოებები ჩვენს უნარებს საგრძნობ ლიმიტებს უწესებს. „სმარტფონს რომ იყენებთ, თითების მოძრაობისა და საუბრის სიჩქარე გზღუდავთ. ამასთანავე, ადამიანური მეთოდებით წამში ათი ან ასი ბიტის გაგზავნა შეგიძლიათ, როცა კომპიუტერის სიჩქარე წამში გიგაბიტებსა და ტერაბიტებს უდრის“, – ამბობს მასკი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ილონ მასკის ეს წამოწყება ადამიანებში ერთგვარ შიშს იწვევს, რაც, თავისთავად, სრულად ლეგიტიმურია, რადგან ამგვარი ტექნოლოგიის არამიზნობრივად გამოყენება სწორედ ის იდეაა, რომელიც ფაბულად ჰოლივუდის არაერთ ფილმს უდევს. თუმცა Neuralink-ის პირველადი მიზანი ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების განკურნებაა – ილონ მასკის თქმით, მიკროჩიპის გამოყენებით ადამიანის მეხსიერების აღდგენა, კიდურებისა და სხეულის სხვა მგრძნობელობადაკარგული ნაწილების აღდგენა, ინსულტის თავიდან არიდება, ნარკოლოგიური და სხვა ტიპის დამოკიდებულებებისაგან გათავისუფლება და სასიცოცხლო პარამეტრების ზოგადი კონტროლი იქნება შესაძლებელი.
Huawei-მ უახლესი ჭკვიანი საათი წარმოადგინა, რომელშიც უკაბელო ყურსასმენები არის ჩაშენებული
გასულ კვირას მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ჩინურმა Huawei-მ მეტად უცნაური ჭკვიანი საათი, Huawei Watch Buds-ი წარმოადგინა, რომელშიც უკაბელო ყურსასმენები არის ჩაშენებული. აღნიშნული მოწყობილობა ტექნოლოგიური კომუნისთვის არცთუ ისე ახალია, რადგან რა ხანია, რაც მან სოციალური ქსელები დაიპყრო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჭკვიანი საათის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, მაგრამ, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ის Huawei-ის ოპერაციულ სისტემას, HarmonyOS-ს იყენებს.
ჭკვიან საათში ჩაშენებული ყურსასმენები Huawei-ის სხვა პროდუქტებს არ ჰგავს – ჩინური კომპანიის მიერ გამოშვებულ სხვა უკაბელო ყურსასმენებთან შედარებით, ახალი მოდელი გაცილებით უფრო სპორტულია. შეიძლება, Huawei-ის გათვლაც სწორედ ეს იყოს და კომპანიას იმ მომხმარებლებზე გასვლა სურდეს, რომელთაც ვარჯიშის დროს დამატებითი მოწყობილობების ტარება არ უნდათ.
ფოტო: Huawei Central / The Verge
აქვე უნდა ითქვას, რომ ვიდეოში, რომელიც Huawei-მ წარმოადგინა, მოწყობილობის გამოშვების თარიღად მიმდინარე წლის ორი დეკემბერი არის მითითებული, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული თარიღი შეიცვალა. როგორც ჩანს, მოწყობილობის გამოშვების თარიღის გადაწევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ჯიანგ ზემინის გარდაცვალებას უკავშირდება, რომლის გამო, ახალი პროდუქტების გამოშვება სხვა კომპანიებმაც გადადეს.