გაუტამ ადანი მილიარდერების რეიტინგში ბილ გეიტსს უსწრებს

გაუტამ ადანი მილიარდერების რეიტინგში ბილ გეიტსს უსწრებს

Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს უმდიდრესმა ინდოელმა მეწარმემ და ინვესტორმა – გაუტამ ადანიმ გადაუსწრო.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 115.8 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით ადანი მეოთხე ადგილს იკავებს, $105.3 მილიარდით კი გეიტსი – მეხუთეს.

ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი.

Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად ასამდე შვილობილი კომპანიაა, ჰოლდინგის ძირითად საინვესტიციო სფეროს კი ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა წარმოადგენს.

ადანიმ $115-მილიარდიანი ქონების ძირითადი ნაწილის შექმნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეძლო, უშუალოდ მიმდინარე წელს კი მისი ქონების შეფასება თითქმის $30 მილიარდით გაიზარდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით იმ პროდუქციის გაძვირებითაა გამოწვეული, რომელსაც Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი ქვეყნის მთავრობასთან ახლო ურთიერთობითაც გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და გაუტამ ადანის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, თავად Adani Group-ი კი აქტიურადაა ჩართული ინდოეთის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *