Georgian Airways-ი უმსხვილესი ქართული ავიაკომპანიაა. 2019 წლის განმავლობაში ის 500,482 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, მთლიანი ბაზრის 10%-იანი წილი დაიკავა. მასზე მეტი მგზავრი მხოლოდ ორმა ავიაკომპანიამ – Turkish Airlines-მა (572,181 მგზავრი) და Wizz Air-მა (825,290 მგზავრი) გადაიყვანეს.
რაც შეეხება 2018 წელს, Georgian Airways-მა 550 831 მგზავრი გადაიყვანა, მაშინ ამ ავიაკომპანიამ ბაზრის 11%-ი დაიკავა. თითქმის იგივე, რაც Wizz Air-ს (12%) და Turkish Airlines (11%)-ს ჰქონდა.
Georgian Airways-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შემცირებაზე გავლენა გარკვეულწილად 2019 წლის ზაფხულში დაწესებულმა რუსულმა ავიასანქციებმა იქონია. 2019 წლის 8 ივლისს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შედეგად, Georgian Airways-ი მნიშვნელოვნად დაზარალდა. ავიაკომპანიის დირექტორმა რომან ბოკერიამ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ მათ ზაფხულის განმავლობაში 40,000 გაყიდული ბილეთის უკან დაბრუნება მოუწიათ. კომპანიას $25 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კომპანიის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.
“მთავრობამ შემიქმნა ვალები. Wizz Air-ი არ მაკმარა, Ryanair-ი შემომიყვანა, ჩემი გადახდილი გადასახადებით აფინანსებს მათ და ახლა ამბობენ ვალებს ვპატიობთო. არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც, საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო?“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი, Georgian Airways-ს წლების მანძილზე აეროპორტების გაერთიანების და საქაერონავიგაციის მიმართ დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება, თუმცა, სახელმწიფო მის წინააღმდეგ სანქციები არ იყენებს, – “ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კარგია, რომ Georgian Airways-ი ახსენებს სხვა უცხოურ კომპანიებს – Ryanair-ს, Wizz Air-ს. ეს ჩვენთვის იმის ნიშანია და იმედს ვიტოვებთ, რომ სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც Georgian Airways-ი მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რაშიც ჩვენ ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა თურნავამ.
Georgian Airways-ს არ აქვს საჯაროდ გამოქვეყნებული საკუთარი 2018 წლის ანგარიშგება. შესაბამისად, უცნობია როგორც Georgian Airways-ის მთლიანი შემოსავლის ოდენობა, ასევე ისიც, თუ რა არის აღნიშნული კომპანიის მოგება/ზარალის მაჩვენებელი.