გერმანიაში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო

გერმანიაში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო

გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აცხადებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა ქვეყანაში უკვე დაიწყო. ამ რეალობის წინაშე გერმანია მაშინ დადგა, როდესაც ქვეყანა შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას აპირებდა. ინფიცირების ბოლოდროინდელი რიცხვები აჩვენებს, რომ ეპიდვითარება უარესდება.

„ვირუსი გაუჩინარებას არ აპირებს, თუმცა, როგორც კი მოსახლეობაში იმუნიტეტის საბაზო დონეს მივაღწევთ, შემდეგ მისი გაკონტროლების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა რობერტ კოხის სახელობის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლოთარ ვილერმა.

ცნობისთვის, გერმანიაში ამ დრომდე 2.5 მილიონზე მეტი დადასტურებული კოვიდ-შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 73 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყანაში ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა (14,356) გასულ ხუთშაბათს გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აფრთხილებდა ყველას, რომ ქვეყანა მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ შეზღუდვების მოხსნა სწრაფად მოხდებოდა.

დაახლოებით მსგავსი ვითარებაა იტალიაში, სადაც მორიგი, თითქმის საყოველთაო ლოქდაუნის გამოცხადებამდე ცოტა დარჩა. ქვეყანა სააღდგომო კვირას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სრული ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *