GitLab-ის თანადამფუძნებლისა და CEO–ს, სიდ სიჯბრენდიჯის ქონება პლატფორმის Nasdaq–ზე დებიუტის შემდეგ $2.8 მილიარდამდე გაიზარდა. ჰოლანდიელი ვებდეველოპერი კომპანიის 18%–იან წილს ფლობს. IPO-ზე მან თითქმის 2 მილიონი წილი გაყიდა.
GitLab–ის აქციების ფასმა Nasdaq–ზე დებიუტისას დაახლოებით 35%–ით გადააჭარბა მათი შეთავაზების ფასს, რაც პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის $14.9 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციას ქმნის.
„ჩვენს განვითარებაში ყველას შეუძლია წვლილის შეტანა – მომხმარებელი ხდება ჩვენი კონტრიბუტორი, ამით ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით ინოვაციების მაჩვენებელს“, – აღნიშნა სიჯბრენდიჯმა.
GitLab–ის პირველი ვერსია 2011 წელს უკრაინაში დმიტრი ზაპოროჟეცმა და ვალერი სიზოვმა შექმნეს. მათი მიზანი განვითარების ისეთი ინსტრუმენტის შექმნა იყო, რომელიც კოლეგებთან თანამშრომლობას გაამარტივებდა. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის ეპოქის ბიზნესი მათ რამდენიმე წლის წინ შექმნეს, რადგან GitLab-ი სრულად დისტანციურ სამუშაო ძალას იყენებს, რომელიც ამჟამად მოიცავს 1,350 თანამშრომელს 65-ზე მეტ ქვეყანაში.
GitLab–ის ინსტრუმენტების ნაკრები დეველოპერებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ და შექმნან პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ GitLab–ი მომხმარებლებს დეველოპერული ოპერაციების განსახორციელებლად როგორც ფასიან, ასევე უფასო ვერსიებსაც სთავაზობს.
GitLab-ის აქციონერებს შორის არიან Khosla Ventures–ი და Iconiq Capital–ი. პლატფორმის დამფუძნებელი უკრაინელი დმიტრი ზაპოროჟეცი კი კომპანიის 5%–ზე ნაკლებს ფლობს. სავარაუდოა, რომ ზაპოროჟეციც მალე შეუერთდება მილიარდერების რეიტინგს.
ფოტო: GitLab