გოგა ბითაძე კარიერას „ორლანდო მეჯიქში“ გააგრძელებს

გოგა ბითაძე კარიერას „ორლანდო მეჯიქში“ გააგრძელებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ბითაძე NBA-ში რჩება. კალათბურთელი კარიერას აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდ „ორლანდო მეჯიქში“ გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

გოგა ბითაძესა და „ორლანდო მეჯიქს“ შორის გარიგების დეტალები, გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. როგორც ცნობილია, სპორტსმენი ახალ გუნდში 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, ქართველი კალათბურთელი „იანდიანა პეისერსმა“ გასულ კვირას გუნდიდან გაუშვა. შედეგად, ბითაძემ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. მასსა და „პეისერსს“ შორის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როცა ინდიანოპოლისურმა გუნდმა ქართველი ცენტრი დრაფტზე მე-18 პიკად აიყვანა.

ამის შემდეგ, გოგა ბითაძეს გუნდში ეპიზოდური როლები ჰქონდა და მაღალი კონკურენციის გამო, ძირითად ხუთეულში თავის დამკვიდრება მოთამაშისთვის რთული აღმოჩნდა. ბითაძემ მიმდინარე სეზონში „ინდიანას“ შემადგენლობაში 21 მატჩში ითამაშა. საერთო ჯამში კი, NBA-ის რეგულარულ სეზონში 170 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 21 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *