Google-ის ერთი და იმავე ოფისის თანამშრომლები განსხვავებულ ხელფასებს მიიღებენ. ეს კი მათ მიერ შერჩეული მუშაობის ფორმატზე იქნება დამოკიდებული – დისტანციური ან საოფისე. მსგავს პრაქტიკას Facebook-ი და Twitter-იც მიმართავს. აღნიშნული ტექნოლოგიური გიგანტები საკუთარ დისტანციურ თანამშრომლებს ხელფასებს იმის მიხედვით უმცირებენ, თუ რამდენად ნაკლებად ძვირადღირებულ არეალში ცხოვრობს.
Google-მა გადაწყვიტა საკუთარ თანამშრომლებს ხელფასის დათვლის კალკულატორი შესთავაზოს, რის მიხედვითაც ისინი თავად შეძლებენ აღნიშნული გადაწყვეტილების დადებითი მხარეების დანახვას. თუმცა, პრაქტიკულად, ხელფასი ისეთ დისტანციურ თანამშრომლებსაც შეიძლება შეუმცირდეთ, რომლებიც საცხოვრებელ მისამართს არ იცვლიან.
სააგენტო Reuters-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, Google-ის ანონიმურმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მისი ხელფასი შესაძლოა 10%-ით შემცირდეს. თანამშრომელი Seattle-ის ოფისში მუშაობს, თუმცა საკუთარ საქმიანობას დისტანციურად სხვა სახელმწიფოდან ასრულებს. აღნიშნულმა პიროვნებამ სამსახურამდე მისასვლელად 2 საათიანი გზის მიუხედავად ოფისში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი შემცირებული ხელფასის რაოდენობა კი ზუსტად იმას უდრის, რაც დაწინაურების შემდეგ მოემატა.
Reuters-ის მიერ შემოთავაზებული მონაცემების თანახმად, ერთი და იგივე პროფილის მქონე ორი დისტანციური თანამშრომელი 15%-ით განსხვავებულ ხელფასებს მიიღებენ იმის მიხედვით თუ რომელ ქალაქებში ცხოვრობენ.
Google-ის სპიკერის განცხადებით, კომპანია არ შეცვლის იმ თანამშრომელთა ხელფასებს, რომლებიც ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობენ თუმცა მუშაობის სხვადასხვა ტიპი აქვთ არჩეული. მაგალითისათვის ნიუ-იორკში მცხოვრები Google-ის დისტანციური და ოფისის თანამშრომელი მსგავს ხელფასებს აიღებენ. ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევებს შეეხება, როდესაც თანამშრომელი უფრო ნაკლები დანახარჯების ქალაქში გადავა საცხოვრებლად.