Google-ი მოუწოდებს ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა თანამშრომელს სახლებიდან იმუშავონ კორონავირუსის საფრთხეების გამო. ოფისები ღია დარჩება მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა საქმეც მოითხოვს აუცილებლად სამსახურში მისვლას.
როგორც Google-ის პრესსპიკერმა განაცხადა, რეკომენდაციის მიზანია ოფისებში ხალხის რაოდენობის შემცირება, რაც ხელს შეუწყობს კორონავირუსის გავრცელების შენელებას და ადგილობრივი ჯანდაცვის რესურსებზე ზეწოლის შემცირებას.
ამდრომდე ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში Google-ის თანამშრომლებს შეეძლოთ თავად გადაეწყვიტათ სახლიდან იმუშავებდნენ თუ ოფისში მივიდოდნენ. ხოლო სიეტლში რეკომენდაცია იყო, რომ ისინი სახლში დარჩენილიყვნენ.
Google-ი ასევე აპირებს კორონავირუსის ფონდის შექმნას, საიდანაც თანხებს გადაუხდის ავადმყოფობის გამო შვებულებაში გასულ თანამშრომლებს, ასევე ხელფასებს დამლაგებლებს, კაფის თანამშრომლებს და სხვა პირებს, რომელთა სამუშაო საათები შექმნილი ვითარების გამო მცირდება.
“სოციალური დისტანცირება, თუ ეს შეგიძლიათ, დაეხმარება მთლიანად საზოგადოებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას ამ კრიტიკულ მომენტში გადატვირთულობის თავიდან აცილებაში“, – დაწერა Google-ის CEO-მ “ტვიტერზე“.
აღსანიშნავია, რომ სხვა ისეთმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა მაგალითად Microsoft-ი, Amazon-ი, Apple-ი და Twitter-ი, უკვე მოუწოდეს თანაშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ.