Google-ს, Facebook-სა და Twitter-ს Deepfake-ების წინააღმდეგ ზომების მიღება დაევალებათ

Google-ს, Facebook-სა და Twitter-ს Deepfake-ების წინააღმდეგ ზომების მიღება დაევალებათ

ევროკავშირის ახალი კანონის თანახმად, Google-ს, Facebook-ს, Twitter-სა და სხვა ტექკომპანიებს Deepfake-ების და ყალბი ანგარიშების საკუთარ პლატფორმებზე აღსაკვეთად მკაცრი ზომების მიღება დაევალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში განახლებული კანონმდებლობით ევროკავშირისათვის საკმაოდ დიდი ზომის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მედიაგამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ევროკომისია დიდი ალბათობით, ხუთშაბათს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის პრაქტიკის განახლებულ კოდექსს გამოაქვეყნებს.

კოდექსის თავდაპირველი ვერსია 2018 წელს შემოიღეს და ის ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. ამიერიდან კი ის უკვე თანარეგულირების სქემად გადაიქცევა, რომელზე პასუხისმგებლობასაც მარეგულირებლები და კოდექსის ხელისმომწერი მხარეები თანაბრად გაიზიარებენ.

შესაბამისად, განახლებული კოდექსის მიხედვით მანიპულაციური ქცევის მაგალითები, Deepfake-ი და ყალბი ანგარიშები ტექნოლოგიური პლატფორმებზე უნდა აღიკვეთოს ხელისმომწერი მხარების მიერ.

შეგახსენებთ, რომ Deepfake-ი კომპიუტერული ტექნოლოგიით შექმნილი ჰიპერრეალისტური ვიდეოს ფორმატის მასალაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური კონტექსტის მქონე დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ.

საინტერესოა, რომ კომპანიებს, რომლებიც ვერ შეასრულებენ კოდექსით დაკისრებულ მოვალეობებს, გლობალური ბრუნვის 6%-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. აღნიშნულ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაბამისი ზომების მიღება კოდექსისათვის ხელის მოწერიდან 6 თვის ვადაში დაევალებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.