გურამ გვასალია: „არავის სჭირდება იმდენი სამოსი, რამდენსაც დღეს კაცობრიობა მოიხმარს“

გურამ გვასალია: „არავის სჭირდება იმდენი სამოსი, რამდენსაც დღეს კაცობრიობა მოიხმარს“

„არავის სჭირდება იმდენი სამოსი, რამდენსაც დღეს კაცობრიობა მოიხმარს“, – ამის შესახებ მსოფლიო მოდის სამყაროს ღირსეულმა წარმომადგენელმა და VETEMENTS-ის დამფუძნებელმა გურამ გვასალიამ Forbes Georgia-ს ინგლისურენოვან გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა.

გვასალია, რომელმაც ცნობილი ბრენდი VETEMENTS-ი 2014 წელს ძმასთან – დემნა გვასალიასთან ერთად დააფუძნა, ამბობს, რომ ტანსაცმლის ინდუსტრია საკმაოდ დამაზიანებელია გარემოსთვის და გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზიცაა. თუმცა ის აღნიშნავს, რომ აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ „მასმარკეტის“ ინდუსტრია, რომელიც მილიარდობით საქონელს აწარმოებს დაბალანაზღაურებადი მუშახელისა და ცუდი სამუშაო გარემო პირობებისთვის და მეორე მხრივ, ფეშენებელური ინდუსტრია, რომელიც შეზღუდული რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს პროფესიონალების მეშვეობით.

„გვჭირდება კი ელიტური სამოსი, იმისათვის, რომ გადავრჩეთ? რა თქმა უნდა, არა. განაგრძობს ხალხი ტანსაცმლის ყიდვას მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვითარება გაუმჯობესდება? – პასუხია დიახ და უფრო მეტსაც კი იყიდიან, ვიდრე – აქამდე“, – ამბობს გვასალია და ამის მიზეზსაც განმარტავს: ამჟამად, პანდემიის პირობებში, ადამიანები გარკვეული ემოციების, შეგრძნებებისა და განცდების შიმშილს განიცდიან. „ამ დანაკლისის ანაზღაურებას ისინი იმწამსვე შეეცდებიან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ“, – დასძინა მან.

გურამ გვასალიამ ასევე ეს დიდმარხვის დასრულებას შეადარა: „თუკი კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ სააღდგომო დიდმარხვის დასრულებისთანავე ადამიანთა უმრავლესობა გაშმაგებით ეძალება საკვებს, რომლის მიღებაც მათ მარხვის დროს აკრძალული ჰქონდათ. მომხმარებელთა ყიდვის ქცევაც ანალოგიურ პრინციპზეა აგებული“.

მისივე თქმით, ზოგადად, მოდის ინდუსტრია ღრმა ფსიქოლოგიურ ჰორიზონტზეა დაფუძნებული – ჰორიზონტზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ლოგიკურ აზროვნებასა და აღქმას არ ემორჩილება.

„ადამიანთა უმრავლესობა ახალ ტანსაცმელს იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ შესამოსი არაფერი აქვს,  ან თუნდაც ფეხსაცმელს – იმიტომ, რომ დახეულია, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური მიზეზით“, – ამბობს გვასალია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *