გურამ გვასალია: VETEMENTS-ი თინეიჯერობის ასაკს ასრულებს

გურამ გვასალია: VETEMENTS-ი თინეიჯერობის ასაკს ასრულებს

VETEMENTS-ი თინეიჯერობის ასაკს ასრულებს და მახინჯი იხვის ჭუკიდან მოზრდილად გარდაქცევის პროცესშია, რომელსაც მყარი მოსაზრება და მკაფიო შეხედულება აქვს, – ამის შესახებ VETEMENTS-ის დამფუძნებელმა გურამ გვასალიამ Forbes Georgia-ს ინგლისურენოვან გამოცემასთან ინტერვიუში ბრენდის „ასაკზე“ საუბრისას აღნიშნა.

გურამ გვასალიამ ბრენდის 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის განვითარებასა და გამყარებაზე ზრუნვა გრძელდება.

„დამატებით ვაპირებთ რამდენიმე ახალი პროექტის წარდგენას, რომლებიც VETEMENTS-ის ძირითად მიმართულებასთან კავშირში არ იქნება“, – დასძინა მან.

პანდემიის გავლენებზე საუბრისას კი გვასალიამ აღნიშნა, რომ ყოველთვის კარგია, როდესაც ცხოვრებაში მომავლის სხვადასხვა სცენარისთვის ხარ მზად.

„რა ვისწავლეთ ჩვენ?

ვისწავლეთ ის, რომ თუკი საკმარისად შრომობ, ყოველთვის იპოვი სწორ გადაწყვეტას.

ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ბიზნესმოდელის ადაპტაცია, დავხვეწეთ მომარაგების ქსელი.

ურთიერთობა გავამყარეთ მწარმოებლებთან და საცალო გაყიდვების პარტნიორებთან.

ჩვენ მოვახერხეთ გაყიდვებში რეალური ზრდის მიღწევა“, – აღიშნა მან.

ხოლო კითხვაზე პასუხად, თუ რამდენად შეცვალა პანდემიამ VETEMENTS-ის მართვის სტილი, გურამ გვასალიამ აღნიშნა, რომ თუკი მანქანა სათანადოდაა დაზეთილი, იგი კარგად იმუშავებს.

„საჭიროა მხოლოდ ადაპტაციის გავლა და აქ არაფერია ისეთი, რასაც დიდ გამოწვევას დავარქმევდი. თუკი მარჯვენა ხელი დაგიშავდათ, მის მორჩენამდე კვლავაც შეგიძლიათ მარცხენა ხელის გამოყენება“, – ამბობს მოდის სამყაროში აღიარებული ბრენდის დამფუძნებელი.

გურამ გვასალიამ თავის ძმა დემნასთან ერთად VETEMENTS-ი 2014 წელს დააარსა. დემნა გვასალიამ ეს კომპანია 2019 წელს დატოვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *