სალომე პირველმა „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ რექტორის პოსტი 2019 წლის ბოლოს ჩაიბარა, როდესაც კოლეჯს ჯერ კიდევ უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“ ერქვა. რებრენდინგისა და თითქმის ოთხწლიანი შრომის შემდეგ მან კოლეჯს უნივერსიტეტის სტატუსი მოაპოვებინა, რომელიც ახალი მიზნებისკენ სვლას ახალი სახელით „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ განაგრძობს. სალომე პირველი გადალახულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
პირველ რიგში, რა მდგომარეობა დაგხვდათ კოლეჯში? მოგვიყევით იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც აღმოჩნდით.
ამ სასწავლებელთან შეხება ჯერ კიდევ რექტორის პოზიციაზე მოსვლამდე მქონდა. მაშინ ის „საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის“ სახელწოდებით ოპერირებდა საგანმანათლებლო სივრცეში. სასწავლებელში, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა, მოწვეულ ლექტორად ვმუშაობდი.
2018 წელს, როდესაც „საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი“ უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიად“ გადაკეთდა, მივიღე შემოთავაზება, ინსტიტუციის მმართველობაში შევსულიყავი და კოლეჯში არსებულ რთულ მდგომარეობას გავმკლავებოდი. აქ არსებული რეალობა მართლაც იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას გარედან ვხედავდი. სასწავლებელს „საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტისგან“ აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი – არათუ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, არამედ კოლეჯში ერთი აკრედიტებული პროგრამაც კი არ მოქმედებდა.
ეს ყველაფერი სხვადასხვა მიზეზით და გარემოებით იყო განპირობებული, მათ შორის იმით, რომ ინსტიტუციამ იმ პერიოდის მოთხოვნებისა და რეალობისთვის ფეხის აწყობა ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, როდესაც უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიაში“ მივედი, მძიმე მემკვიდრეობა და უამრავი გამოწვევა დამხვდა გადასალახი.
კოლეჯს ჰქონდა ინსტიტუციური ავტორიზაცია, თუმცა მონიტორინგის პირობით. გარდა ამისა, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა მისი სახელწოდება. „საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის“ შემდეგ უმაღლესმა სასწავლებელმა „ჯორჯიამ“, ფაქტობრივად, ვერცერთი ახალი სიტყვა ვერ თქვა განათლების სფეროში თავისი მიმართულებით.
რატომ დასთანხმდით ასეთი რთული ვითარების მქონე სასწავლებლის რექტორობას?
უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიას“ რექტორის პოზიცია 2019 წლის ბოლოს დავიკავე. ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, ვიტყოდი, ყველაზე რთულიც კი მათ შორის, რაც აქამდე მიმიღია. თუმცა ვიცოდი ამ ინსტიტუციის წარსული და ვხედავდი მის დიდ პოტენციალს მომავალში. უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც 1996 წლიდან არსებობდა, ახალი სიცოცხლის შთაბერვა სჭირდებოდა. ძალიან დიდი გამოწვევის საპირწონედ იყო ის ისტორია, გამოცდილება და ღირებულებები, რომლებიც ამ უნივერსიტეტს მანამდე ჰქონდა დაგროვებული. სწორედ ეს გახდა მთავარი ინსპირაცია, რომ მის ხელმძღვანელობას დავთანხმებულიყავი. მეორე მხრივ კი ეს იყო მოცემულობა, რათა გამეზომა საკუთარი შესაძლებლობები. რამეთუ, თუ არ მოჰკიდებ საქმეს ხელს, შენ ვერასდროს გაიგებ, გამოგივა თუ არა ის.
გვიამბეთ, რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში.
პირველი ნაბიჯი, რითაც ახალმა მენეჯმენტმა დაიწყო ფუნქციონირება, იყო ბრენდბუქის შეცვლა. შესაბამისად, 2020 წელს შევცვალე ბრენდის მახასიათებლები – ლოგოთი დაწყებული, მისი იმიჯითა და ფერებით დამთავრებული. როგორც უკვე აღვნიშნე, კოლეჯში, ფაქტობრივად, ერთი – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა არსებობდა, რომელსაც პროგრამული აკრედიტაცია არ ჰქონდა მოპოვებული და სწავლება მხოლოდ ავტორიზებულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სწორედ ეს გარემოება განაპირობებდა აბიტურიენტების მხრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ არჩევას. სტუდენტი ყოველთვის ცდილობს, ისწავლოს აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვინაიდან ეს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვოს სახელმწიფოს თანადაფინანსება და სრული გრანტიც კი.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხაზს გაუსვამდა ჩვენს უნიკალურობას და განგვასხვავებდა სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.
ჩემი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოკლევადიან პერსპექტივაში გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევა, რისთვისაც საწყის ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სამი მიმართულების აკრედიტაციისთვის მზადება დავიწყეთ და პროცესი 2021 წელს წარმატებით დავასრულეთ.
ამის შემდეგ მოვიპოვეთ ფსიქოლოგიისა და სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. ბოლოს კი ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაციაც წარმატებით გავიარეთ. დაახლოებით ოთხწლიან პერიოდში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს რვა აკრედიტებული პროგრამა – ოთხი საბაკალავრო საფეხურის, ოთხი კი სამი მიმართულების მქონე მასწავლებლის მომზადების სასერტიფიკატო პროგრამაა. ხოლო ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა გახლავთ ქართულ ენაში მომზადება ეთნიკური უმცირესობებისათვის.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც ამ მოკლე პერიოდში მივაღწიეთ, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოლეჯისთვის უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვებაა. შედეგად, 2024 წლის 7 დეკემბერს „თბილისის თავისუფალმა აკადემიამ“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“.
როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?
გასათვალისწინებელია, რომ განვლილი ოთხწლიანი პერიოდიდან ორი წელი კოვიდპანდემია იყო, როდესაც პლანეტამ „სუნთქვა შეაჩერა“ არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ყველა სფეროში. თუმცა სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ყოველი დღე, ყოველი გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციეთ და მეამაყება, რომ როდესაც უკან ვიხედები, ვხედავ, რამდენი რამ შევძელით. ეს ისტორია მოსაყოლადაა მარტივი, თუმცა განვლილ ოთხ წელიწადში ძალიან დიდი ძალისხმევაა ჩადებული. ეს არის დაუღალავი შრომის, სწორი ხედვის, ურყევი ღირებულებებისა და რწმენის კულმინაცია. ვამაყობ არა მხოლოდ საკუთარი თავით, არამედ ყველა იმ ადამიანით, ვინც ეს გზა ჩვენთან ერთად გამოიარა და დღეს ჩვენ ამაყად ვიღებთ ჩვენს ახალ იდენტობას, როგორც „NEU – ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი”.
არ იქნება ამბიციური, თუ ვიტყვი, რომ ამ შედეგებამდე საქმის დიდმა სიყვარულმა მიგვიყვანა., თუ ამ საქმის მიმართ სიყვარული არ გაქვს, მსგავს სირთულეებს, უბრალოდ, ვერ შეეჭიდები. წინ უამრავი დაბრკოლება გეღობება, სიყვარულის გარეშე კი მათთან გამკლავება წარმოუდგენელია.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გუნდი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, ყველა წამოწყებაში. უფრო მეტიც, ამ წამოწყებებს შეიძლება ახირებაც დავარქვა, რადგან ცხრა პროგრამის ინიციირება და მით უფრო განხორციელება რეალისტურ გეგმას არ ჰგავს, რადგანაც, მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამა რომ შექმნა, პირველ რიგში, უნდა შეისწავლო შრომის ბაზარი, ასევე უნდა შექმნა პროგრამის განმავითარებელი ჯგუფი, გამოაცხადო კონკურსი, ჯგუფი დააკომპლექტო დარგის წამყვანი სპეციალისტებით, შეიძინო ყველა ძირითადი სავალდებულო სახელმძღვანელო, შექმნა მთელი პაკეტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 75-დან 80-მდე სილაბუსს. მთლიანი პროცესი უნდა იყოს სრულად გამართული, სადაც არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს.
შემდეგ ეტაპზე მზადდება ინსტიტუციის თვითშეფასების ანგარიში და ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად სრული პაკეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინება. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამას ადგილზე ვიზიტით ამოწმებს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომლის დასკვნა წარედგინება პროგრამული აკრედიტაციის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ენიჭება ინსტიტუციას უფლებამოსილება, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამა და ოპერირება აკრედიტებული პროგრამით დაიწყოს.
დღეს, როდესაც პროგრამა მინიმუმი დაძლეულია, უკვე ყველა ვფიქრობთ, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯი, როგორ უნდა წავიდეთ წინ. ამ გადაწყვეტილებების მიღებაში კი სტუდენტები და კურსდამთავრებულები გვეხმარებიან, რომლებიც, ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ. სწორედ მათმა უპირობო სიყვარულმა და მათ საუკეთესო მომავალზე ფიქრმა მომიყვანა აქამდე.
და რა არის სტუდენტებისთვის უკეთესი?
მათთვის მთავარი იყო, ესწავლათ „უნივერსიტეტში“ და ჩვენ ეს სტატუსი უკვე მოვიპოვეთ. ახლა კი სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამებია მნიშვნელოვანი. პირველი ნაბიჯი ამ კუთხითაც გადავდგით. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა პროგრამამ პროგრამული აკრედიტაცია 2024 წლის 16 ივლისს მოიპოვა, დეკემბრის ბოლოსთვის კი Erasmus-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსებასაც შევძლებთ და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად გაცვლით პროექტებში მონაწილეობას ჩვენი სტუდენტებიც მიიღებენ. ჩემი და ჩემი გუნდის საბოლოო მიზანი გახლავთ „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ იყოს გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც გავხდეთ ევროპული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვა, რასაც ინსტიტუცია 1996 წლიდან აქტიურად აკეთებს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ჩვენთან წარმატებით საქმდებიან. ჩემი გუნდის დიდი ნაწილი „უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას“ კურსდამთავრებულებითაა დაკომპლექტებული.
უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არაერთი კვლევის თანახმად, ჩვენი კურსდამთავრებულების 86% დასაქმებულია, აქედან 34% – დარგის მიხედვით. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია. ამ კუთხით სტუდენტების დახმარებას მომავალშიც განვაგრძობთ. ყველა მოქმედ პროგრამას უნივერსიტეტში ჰყავს შესაბამისი სექტორის პარტნიორი სუბიექტები, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას გადიან და შემდეგ წარმატებით საქმდებიან.
ცხადია, მიღწეულ შედეგებს არ ვჯერდებით და ვცდილობთ ახალი, უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები შევქმნათ, რათა „NEU – ეროვნულმა საგანმანათლებლო უნივერსიტეტმა” აბიტურიენტებსა და სტუდენტებს მეტი არჩევანის საშუალება მისცეს.
კონკრეტულად, რომელი პროგრამების დამატებას გეგმავთ უახლოეს მომავალში?
ამ ეტაპზე ორი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციას ველოდებით. ბიზნესის ადმინისტრირების 180-კრედიტიანი, სამწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გვაქვს წარდგენილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
უახლოეს მომავალში უნივერსიტეტში აუცილებლად დაემატება სამართლისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამები, საბოლოო ჯამში კი პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატში – მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებს შევუქმნით ხელმისაწვდომ მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
ასევე, შრომის ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ, მომავალში ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შევქმნათ. გარდა ამისა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ მასწავლებლის მომზადების ორი ახალი პროგრამის დამატებასაც და კიდევ უამრავ სიახლეს შევთავაზებთ მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას.
ამ პროგრამების დამატების შემდეგ, უკვე უნივერსიტეტის სტატუსით, როგორ გაუწევთ კონკურენციას სხვა უმაღლეს სასწავლებლებს?
მინდა გითხრათ, რომ კონკურენტებთან მიმართებით ჩვენი ადგილი უკვე გვაქვს დამკვიდრებული. მაგალითად, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, რომელზეც სწავლება აკადემიამ 2020 წლიდან დაიწყო, საქართველოში არაერთ უნივერსიტეტს აქვს. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით ყოველწლიურად 60 მისაღებ ადგილს ვაცხადებთ და მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ზოგჯერ, რესურსის არსებობის შემთხვევაში, ამ რიცხვსაც ვზრდით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ უკიდურესად კონკურენტულ გარემოში ჩვენ ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრება უკვე მოვახერხეთ.
ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ასეთივე მოთხოვნადი გახდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამები. მთავარი გამოწვევა გადალახულია და მე ვხედავ, რომ ეს ინსტიტუცია თავისი რესურსით, თავისი მზარდი წინსვლით, აუცილებლად იქნება წარმატებული და მოხვდება საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში. ბოლო კვლევით, ჩვენ 21-ე ადგილს ვიკავებთ წარმატებულ უნივერსიტეტებს შორის. იმედი მაქვს, შემდეგ რეიტინგში წინ გადავინაცვლებთ და პოზიციას უკვე ათეულში მოვიპოვებთ.
ის, რომ უკვე უნივერსიტეტის სტატუსით ოპერირებთ, სწავლის საფასურზე ხომ არ აისახება?
განათლება ხომ უფლებაა და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს უფლება ყველას უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ სტუდენტისთვის განათლება ხელმისაწვდომი იყოს. მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად უნივერსიტეტი მოწყვლად ჯგუფებს სოციალურ ბენეფიტებს სთავაზობს. უნივერსიტეტი საკუთარი ბიუჯეტით აფინანსებს არაერთი სტუდენტის სწავლას, მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში და გასცემს სტიპენდიებს. ასევე, სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, რომელთაგანაც გამოვყოფდი თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები „NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში“ სწავლობენ სრულიად უფასოდ, რადგანაც მათი სწავლის საფასურის 50%-ს ვაფინანსებთ ჩვენ, ხოლო მეორე 50%-ს – თავდაცვის სამინისტრო. სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადასახადის მატებას არ მოვიაზრებთ.
ბოლოს, რა მიგაჩნიათ თქვენს, როგორც უნივერსიტეტის რექტორის, მისიად?
ჩემი მისია და მიზანია, „NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში“ შევქმნა გარემო, რომელიც სტუდენტებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იქნება. მინდა, მათ მთავარ ღირებულებად საქართველოს წარმატებული მომავლისკენ სწრაფვა ვაქციო. ეს გამოიხატება ინდივიდების გაძლიერებასა და, ყველაზე მთავარი, განათლების მეშვეობით ერთიანობის ხელშეწყობაში. ასევე, ჩემი მთავარი მისიაა „ერთობა და ცოდნა“, რაც ასახავს ღრმა კულტურულ და სოციალურ პასუხისმგებლობას, გამოვიყენოთ განათლება გაერთიანებისთვის და მულტიკულტურული ურთიერთობების ფასეულობათა სისტემის ჰარმონიაში შერწყმისათვის. განათლება გარდამტეხია, როდესაც ის ორიენტირდება მუდმივად ცვალებად სამყაროში ინდივიდების ეთიკურ ლიდერებად ჩამოყალიბებაზე.
S