სახლიდან მუშაობა, იგივე ჰიბრიდული მუშაობა პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდება და „ნორმა“ გახდება. ამის შესახებ გლობალური კომპანია IWG იტყობინება, რომელიც კორპორაციებს სამუშაო სივრცეებს სთავაზობს.
როგორც IWG-ში აცხადებენ, მოსალოდნელია, რომ კომპანიები თანხების დაზოგვის და ასევე უფრო „მწვანე პოლიტიკაზე“ გადასვლის მიზნით, შეეცდებიან, ნაკლებად გამოიყენონ საოფისე სივრცეები.
IWG-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მარკ დიქსონის თქმით, 2020 წელი მათთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო, ვინაიდან უფრო ნაკლებმა კომპანიამ გადაწყვიტა მათი ოფისების დაქირავება. დიქსონის განცხადებით, შეინიშნება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ათავისუფლებენ თავიანთ საოფისე სივრცეებს და იყენებენ თანამშრომლების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სამუშაო საერთო სივრცეებს.
„ეს გაცილებით უფრო იაფია კომპანიებისთვის და გარემოს დაცვის კუთხითაც უკეთესია“, – განაცხადა IWG-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.