Honda 4.5 მლნ ავტომობილს უკან გაიწვევს

Honda 4.5 მლნ ავტომობილს უკან გაიწვევს

იაპონური ავტომწარმოებლის, Honda Motor-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობა საწვავის ტუმბოს გაუმართაობის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4.5 მილიონ ერთეულ ავტომობილს უკან გაიწვევს.

ცნობილია, რომ იმავე პრობლემის გამო Honda-ს ავტომობილები აშშ-ის ბაზარზე აქამდეც გაუწვევია. 2020 წელს კომპანიამ 136,000 ერთეული ავტომობილი, 2021 წელს კი 628,000 ავტომობილი გამოიხმო. ამჯერად აშშ-ის ბაზარზე 2.54 მილიონ ავტომობილს გაიწვევენ.

აშშ-ის გარდა ავტომობილების გაწვევა ჩინეთსა და იაპონიაშიც მიმდინარეობს. ადგილობრივ ბაზრებზე Honda-ს დილერები საწვავის ტუმბოს მოდულს ახლით ჩაანაცვლებენ, რის შედეგადაც პრობლემა აღმოიფხვრება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, Honda მომხმარებლებს გაწვევის შესახებ მომდევნო წლის თებერვლის დასაწყისში აცნობებს.

იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, კომპანია პრობლემასთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სანაცვლოდ, 2018 წლის შემდეგ საწვავის ტუმბოს პრობლემასთან დაკავშირებით გარანტია 4,042-ჯერ ამოქმედდა.

მასშტაბური გაწვევა ისეთ მოდელებს შეეხება, როგორიცაა: 2018-2020 წლებში წარმოებული Honda Accord-ი, Civic-ი, CR-V-ი, HR-V-ი, Insight-ი, Ridgeline, Odyssey, Passport-ი და Acura-ს მოდელები: ILX, MDX, RDX, RLX, TLX, NSX.