HSBC-ი რესტრუქტურიზაციის გეგმის განხორციელებას აჩქარებს, რათა შეამციროს დანახარჯები. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, რესტრუქტურიზაციის შესახებ ბრიტანულ ბანკში მას შემდეგ განაცხადეს, რაც კვარტალური შემოსავლების შესახებ გახდა ცნობილი. მონაცემების მიხედვით, HSBC-ის შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 35%-ით შემცირებულია.
გარდა ამისა, ბანკის შემოსავლები აზიის რეგიონში 11%-ით შემცირდა და $11.9 მილიარდი შეადგინა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იგულისხმება HSBC-ის რესტრუქტურიზაციის გეგმაში და ითვალისწინებს თუ არა ეს დამატებით სამუშაო ადგილების შემცირებას. ბრიტანულ საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, რომ შესაბამისი გეგმა სრულად მზად იქნება მომდევნო წლის თებერვალში.
შეგახსენებთ, HSBC-მა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ აპირებდა სამუშაო ადგილების 35 000-ით შემცირებას, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. წლის პირველ ნახევარში შემოსავლების მკვეთრი შემცირების შემდეგ კი კომპანიამ რესტრუქტურიზაციის გეგმის დაჩქარება გადაწყვიტა.
ცნობისთვის, HSBC მსოფლიოში რიგით მეექვსე, ევროპაში კი ყველაზე მსხვილი ბანკია. ის დაახლოებით 65 ქვეყანაში ოპერირებს.