IAE: წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა შენელდება

IAE: წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა შენელდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გლობალურად შენელდება, რაც ეკონომიკური რყევებისა და ენერგოკრიზისის დამსახურებაა. ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშში IAE პროგნოზირებს, რომ 2023 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მხოლოდ 2%-ით გაიზრდება. 2022 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.3% შეადგინა. კოვიდის პანდემიამდე კი საშუალო ზრდა 5 წლის განმავლობაში 2.4%-ს შეადგენდა.

ანგარიში ამის მიზეზად რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეულ ენერგოკრიზისს ასახელებს, რომლის გამოც ენერგორესურსებზე ფასები გაიზარდა და დეფიციტი შეიქმნა.

ანგარიშის თანახმად, აშშ-სა და იაპონიაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 2023 წელს 2% და 3%-ით შემცირდება. ევროკავშირში კი კლება 3%-ს შეადგენს, რაც მოთხოვნის კლების ყველაზე დიდი მაჩვენებელია და მოხმარების დონით 2002 წლის მონაცემებს გაუტოლდება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ნავარაუდებ ტემპებს 2024 წლისთვის დაუბრუნდება, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 2024 წლისთვის ორგანიზაცია ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 3.3%-ით ზრდას ვარაუდობს.

ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივი პროცესია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები გამონაბოლქვის შემცირებაზე აქტიურად მუშაობენ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური დათბობის პარალელურად საშუალო ტემპერატურის მატება ჰაერის გამაგრილებელი მოწყობილობების მოხმარების მაჩვენებლებსაც ზრდის.