იანვარ-თებერვალში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იანვარ-თებერვლის საექსპორტო მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში საქართველოდან ღვინის ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 38%-ით გაიზარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინო ექსპორტზე 47 ქვეყანაში გავიდა. ექსპორტირებული ღვინის ჯამური ღირებულება კი $47.6 მილიონია.

მთლიანობაში, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 16.7 მილიონი ლიტრია, რაც 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდზე 43%-ით მეტია. ქართული ღვინისათვის სტრატეგიულ ბაზარზე, პოლონეთში, ღვინის ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში 27%-ით გაიზარდა და 855.1 ათასი ლიტრი შეადგინა. ღვინის ექსპორტის მოცულობა 4%-ით გაიზარდა გერმანიაშიც.

ყველაზე დიდი ზრდა ამ პერიოდის განმავლობაში წინა წელთან შედარებით იაპონიაში დაფიქსირდა. აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი იანვარ-თებერვალში 549%-ით გაიზარდა და 27.7 ათასი ლიტრი შეადგინა. გარდა ამისა, საექსპორტო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზეც: ესტონეთი – 41% (50.6 ათასი ლიტრი), უკრაინა – 27% (792.7 ათასი ლიტრი), კანადა – 472% (50.6 ათასი ლიტრი), ისრაელი – 37% (54.6 ათასი ლიტრი) და სხვა.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოდან სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. იანვარ-თებერვლის პერიოდში სპირტიანი სასმელები ექსპორტზე 31 ქვეყანაში გავიდა. ექსპორტირებული სპირტიანი სასმელების მოცულობამ 6.3 მილიონი ლიტრი, ღირებულებამ კი – $35.2 მილიონი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *