იაპონიაში მილიონობით ადამიანი ვერ მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას, მიზეზი სპეციალური შპრიცების დეფიციტია. სტანდარტული შპრიცებით, რომელთაც იაპონიაში იყენებენ, ვაქცინის ფლაკონიდან სრულად ამოღება შეუძლებელია. ფლაკონებში 6 დოზაა მოთავსებული, იაპონური შპრიცებით კი ხუთი დოზის ამოღებაა შესაძლებელი. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დეფიციტის გამო, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის, იაპონიამ Pfizer-ისგან 144 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა, რაც 72 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისია. თითოეულ ადამიანს ორი დოზა ვაქცინა სჭირდება სამი კვირის შუალედით. სპეციალური შპრიცების დეფიციტის გამო კი, გამოდის, რომ მიღებული ვაქცინებით 72-ის ნაცვლად მხოლოდ 60 მილიონ ადამიანს აცრიან.
მთავრობა მოუწოდებს სამედიცინო ინვენტარის მწარმოებლებს, სპეციალური შპრიცების წარმოება გაზარდონ. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ იაპონია არ დგას. სპეციალური შპრიცების ნაკლებობის შესახებ აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმაც განაცხადეს.
„როდესაც კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ერთ ფლაკონში ექვსი დოზა იყო“, – განაცხადეს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში.
იაპონია იმუნიზაციის პროგრამას თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. თავდაპირველად 10 000-დან 20 000-მდე ჯანდაცვის მუშაკს აცრიან, რომელთაც დააკვირდებიან თანამდევი ეფექტების კუთხით. მარტის შუა რიცხვებიდან კი უკვე 3.7 მილიონი ექიმის ვაქცინაცია იგეგმება. 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის აცრა აპრილამდე ნაკლებად სავარაუდოა, დაიწყოს. მათი რაოდენობა დაახლოებით 36 მილიონია. მათ მოჰყვება ქრონიკული დაავადებების მქონე 8 მილიონი ადამიანი და 60-დან 65 წლამდე ასაკის 7.5 მილიონი მოქალაქე. 16-დან 59 წლამდე ასაკის მოსახლეობა კი ვაქცინას ივლისამდე ვერ მიიღებს.